43 წლის ინგა გოგრიჭიანს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი იცნობს. მისი ვიდეოები ძალიან პოპულარულია და გულშემატკივრებიც დადებითი ემოციებისა და პოზიტიური ენერგიის გამო, სითბოს გამოხატავენ. როგორც ქალბატონი ინგა გვიყვება, თავდაპირველად, ვიდეო სრულიად სპონტანურად ჩაწერა და იმდენად დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რომ შემდეგ ეს საქმე გააგრძელა. ამბობს, რომ ვიდეოებს საკუთარი სიამოვნებისთვის წერს და ადამიანებისათვის დადებითი ემოციების გაზიარება მოსწონს. დღეს მას უფრო ახლოდან გაგაცნობთ და მოგიყვებით, რას საქმიანობს სოციალური ქსელების მიღმა და როგორ არჩევს პერსონაჟებს, რომლებიც მაყურებელს ასე ძალიან უყვარს:
- ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი და დღემდე ასე გრძელდება. დავამთავრე უნივერსიტეტი, ერთ-ერთი აფთიაქის მენეჯერი ვარ, მყავს საყვარელი ოჯახი - მეუღლე, ორი შვილი. სოციალურ ქსელებში აქტიურობა კი მხოლოდ დადებითი ემოციების გაზიარების მიზნით დავიწყე. თავდაპირველად, ტიკ-ტოკი რა პლატფორმა იყო, საერთოდ არ ვიცოდი. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ჩამოტვირთული ჰქონდა, მითხრა, გამომწერებს ვაგროვებ და იქნებ, შენც ნახოო. 2021 წელი იყო. აპლიკაცია მხოლოდ მისი თხოვნით ჩამოვტვირთე. როდესაც კონტენტი ვნახე, მაშინ ყველა, დაახლოებით, ერთნაირ ვიდეოებს იღებდა და არ აღვფრთოვანდი, უინტერესოდ მეჩვენა. მერე ნელ-ნელა მივეჩვიე და სულ უფრო ხშირად ვათვალიერებდი. ერთ დღეს სამსახურში, შესვენების დროს, ვნახე ვიდეო, სადაც ქალი პატარა ბავშვის ხმას პირს აყოლებდა და მისი ფრაზების გამეორებას ცდილობდა. მაგრამ, ამ ბავშვის ნალაპარაკევს ძალიან უემოციოდ ჰყვებოდა. ვერც პირს აყოლებდა, არც მიმიკები იყო შესაბამისი... ძალიან ბევრი მოწონება ჰქონდა და გამიკვირდა. კომენტარებშიც თბილ სიტყვებს უწერდნენ და აქებდნენ. მის გვერდზე რომ გადავედი, ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავდა და როგორც გითხარით, გამიკვირდა - უხარისხოდ გადაღებული ვიდეო იყო. სპონტანურად მომივიდა აზრი, რომ იგივე ტექსტით ვიდეო თავადაც ჩამეწერა. ის ვიდეო რომ ავტვირთე, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან ბევრი მოწონება, კომენტარი დაიმსახურა. ტიკ-ტოკზე რომ შევდიოდი, შეტყობინებები არ მთავრდებოდა და ვერ ვხდებოდი, რა ხდებოდა. გამომწერები მემატებოდა, ადამიანები მთხოვდნენ, რომ კიდევ ჩამეწერა. ასე გავაქტიურდი, შექებაც მომეწონა, მინდოდა, ჩემი აუდიტორია კიდევ გამებედნიერებინა. სასხვათაშორისოდ ჩაწერილმა ვიდეომ დიდი პოპულარობა მომიტანა. ამას აბსოლუტურად ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი და დღემდე ასეა.
- ბოლო პერიოდში ტიკ-ტოკზე ისე აქტიურად აღარ ვჩანვარ, როგორც ადრე. 60 ათასამდე გამომწერი მყავს. ძველ ვიდეოებსაც ვტვირთავ და ამიტომაა, რომ ჩანაწერებში სხვადასხვა ფორმით ვჩნდები. ტიკ-ტოკს მუდმივი აქტიურობა სჭირდება. შესაბამისად, გამოხმაურებებიც იმ მასშტაბის აღარაა, როგორიც ადრე იყო. ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ტიკ-ტოკი არ ჰქონდათ და მთხოვდნენ, ვიდეოები ფეისბუკზეც განმეთავსებინა. ახლა ფეისბუკზე 90 ათასზე მეტი ადამიანი მადევნებს თვალყურს.
- ნამდვილად არ ველოდი. რომ შევამჩნევ, ადამიანი მიყურებს, ახლაც არ მჯერა, რომ ვიდეოებიდან მცნობს... აფთიაქში ზოგჯერ ისე შემოდიან, არაფრის ყიდვა არ უნდათ და მადლობას მეუბნებიან, რომ დადებით ემოციებს ვუზიარებ. ჯილდოს არაფერში ვიღებ. ამის გაკეთება თავად მსიამოვნებს და მაბედნიერებს. ვერთობი და მგონია, პოზიტიურ ენერგიას სხვასაც გადავცემ.
- ჩემი ვიდეოები ძალიან პოზიტიურია, უფრო მეტად ბავშვების ხმას ვიყენებდი და ძირითადად, უარყოფითი კომენტარები არ იწერებოდა. თუმცა, ზოგჯერ, ადამიანები ხუმრობას ვერ იგებდნენ და შესაბამის კომენტარებს წერდნენ. შესაძლოა, სიუჟეტი არ მოსწონებოდათ და უარყოფითად აფასებდნენ... თავიდან, მწყინდა. მერე აუდიტორიამ გამიცნო, მიხვდნენ, რომ ვიდეოს შინაარსი ჩემი მოფიქრებული კი არ იყო, უბრალოდ ვახმოვანებდი. ახლა ნეგატიური კომენტარები ძალიან იშვიათად მხვდება. თუ, მაგალითად, პოლიტიკაზე ჩამიწერია რაიმე, იქ თავად გამომწერებს კამათობენ ხოლმე. მაგრამ, აღარ ვნერვიულობ. მე ვიცი, რომ ის კომენტარები არ დამიმსახურებია.
- წინასწარ დაგეგმილი არ მაქვს. თუ რაიმე შემხვდება, მომეწონება და თავად გამეცინება, შემდეგ მეც ვიღებ. ბევრი გამომწერი სხვადასხვა ვიდეოს მიგზავნის და მთხოვენ, რომ ჩემი ვერსია ჩავწერო. მაგრამ, არის თემები, რომლებსაც არ შევეხები ან უბრალოდ იმ როლს ვერ მოვირგებ. ცუდად გაკეთებას კი მირჩევნია, საერთოდ არ გავაკეთო. ამიტომ, როგორც გითხარით, ვიდეოს ვწერ მხოლოდ იმაზე, რაც თავად მომწონს. მგონია, ბავშვის როლს ყველაზე კარგად ვირგებ.
- ალბათ, შუშანა ბებოს შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის. ის ჩემი საყვარელი პერსონაჟია. მასში ჩემს სიბერეს ვხედავ. ეს ქალბატონო ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ერთნაირი ხასიათი გვაქვს. როგორც აღვნიშნე, მგონია, ბავშვების პაროდიებიც კარგად გამომდის. თუმცა, სხვა როლებსაც ისე ვარჩევ, რომ თავად მომწონდეს. მიუხედავად იმისა, რომ სულ სახუმარო ვიდეოებს ვწერ, ძალიან მკაცრი ადამიანი ვარ. შვილებთან, სამსახურში წესრიგი განსაკუთრებით მიყვარს.
- 12-წლიანი შუალედით ორი შვილი მყავს. უფროსი 14 წლისაა, უმცროსი - 2-ის. პატარას ქუჩაში ცნობენ, ვიდეოებს მასთან ერთად ხშირად ვიღებ და თავადაც ძალიან ერთობა. უფროსს შვილს სოციალურ ქსელებში გამოჩენა არ სურს, ფოტოების გადაღებაც არ მოსწონს და, რა თქმა უნდა, მე მის პირად სივრცეს პატივს ვცემ. ძალიან კარგად სწავლობს და თავისი სამყარო აქვს. იცის, რომ ადამიანები მცნობენ და საჯაროობა არ უნდა.
- თავად იმდენად დადებითად ვიმუხტები, რომ ეს ყველაზე დიდი ჯილდოა. ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ და სულ მინდა, დადებითი ემოციები გავცე, ირგვლივ ხალისიანი ადამიანები მყავდეს. ეს საქმე ძალიან მომწონს და მსიამოვნებს. რამდენჯერ დედაჩემს ვიღაც შეხვედრია და უთქვამთ: "კი მაგრამ, ინგა ამაში ფულს იღებს?" ზოგს ეს მასხარაობა ჰგონია... დედაჩემს კი ეუბნები ხოლმე, რომ მსგავს კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოს. მე ვერთობი. ჩემნაირი ადამიანებიც ჩემთან ერთად გაერთობიან. ყველას ხომ ვერ მოვეწონებით?!
- სულ მინდა ხოლმე, რომ ვრცელი ვიდეო ჩავწერო და ყველა გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ სიყვარულისთვის, რასაც ისინი თუნდაც ერთი ემოციითა თუ კომენტარით გამოხატავენ. ყველას ჩვენ-ჩვენი პრობლემები გვაქვს, თითქოს, ცოტა დამძიმებული ადამიანები ვართ და ამ პირობებში, რომ სიყვარულის გამოხატვა გვინდა, არ გვეზარება აქტიურობა, ძალიან დასაფასებელია. ხშირად მომისმენია ინფლუენსერებისაგან, რომ ადამიანები ვიდეოებს უყურებენ, შესაძლოა, პირადი კომუნიკაციის დროსაც უთხრან, რომ მათი ჩანაწერები მოსწონთ, მაგრამ რეაქციების გამოხატვა არ სურთ ან ეზარებათ. ამიტომ, მინდა, ჩემს გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ სამადლობელ სიტყვებს არ იშურებენ. ძალიან ბევრი კომენტარი იწერება და ფიზიკურად დრო არ მაქვს, რომ ყველას პასუხი ინდივიდუალურად დავუბრუნო. მხოლოდ დაგულებას თუ მოვახერხებ ხოლმე, რომ მადლიერება გამოვხატო. ამ სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ და მინდა იცოდეთ, რომ მეც ძალიან მიყვარხართ.
თამარ იაკობაშვილი