ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ხშირად აღნიშნავს, რომ მასზე, როგორც ბიზნესმენსა და ადამიანზე, მამამ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. მაგრამ, ტრამპის წარმატებაში უდიდესი როლი დედას - მერი ენ მაკლაუდს მიუძღვის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დედას "ქალის ეტალონს" უწოდებს და ამბობს, რომ მან ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ ასწავლა. ტრამპის დედა ღარიბ ოჯახში იზრდებოდა და, ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს მისი შვილი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდებოდა...
მერი ენ მაკლაუდი 1912 წლის 10 მაისს, ლუისის კუნძულზე მდებარე პატარა სოფელ ტონგში დაიბადა, რომელიც შოტლანდიის ჰებრიდების არქიპელაგის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი წინაპრები შოტლანდიის მაკლაუდების სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთა წარმომავლობა ჯერ კიდევ საიდუმლოებითაა მოცული.
ისტორიული წყაროების მიხედვით, მისი წინაპარი ლაუდი, ოლაფ შავის უმცროსი ვაჟი იყო. ის ნორვეგიის ერთ-ერთ უკანასკნელ მეფედ ითვლება. მე-13 საუკუნეში ცხოვრობდა და ფლობდა სკაის კუნძულს და ჰარისისა და ლუისის კუნძულების ნაწილებს.
დროთა განმავლობაში მაკლაუდების ოჯახი ორ შტოდ გაიყო: ერთს სკაის კუნძულის ლორდი ტორმოდ მაკლაუდი მართავდა, ხოლო მეორეს ლუისის კუნძულის ლორდი - ტორკილ მაკლაუდი. მე-17 საუკუნეში შოტლანდიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, რამაც ორი მეომარი ოჯახი აიძულა, დაევიწყებინათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები და გლობალურ პრობლემაზე მოეხდინათ ფოკუსირება. ზავი დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე მაკლაუდებს შორის მტრობა განახლდა. მე-17 საუკუნის ბოლოს, ტორკვილ მაკლაუდის შთამომავლებმა მთელი მიწა დაკარგეს.
მერი ანის ისტორიას რომ დავუბრუნდეთ, მისი ოჯახი ამ შოტლანდიის ოჯახის ბოლო პირდაპირი შთამომავალი იყო. ამის მიუხედავად, გოგონა ღარიბ ოჯახში იზრდებოდა. მის გარდა, მშობლებს კიდევ 9 შვილი ჰყავდათ. მერი ენი ყველაზე პატარა იყო. იმის მიუხედავად, რომ მამამისი ადგილობრივ ფოსტას ფლობდა და პატარა მაღაზიას მართავდა, ოჯახს ფინანსურად მაინც ძალიან უჭირდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც შოტლანდიის ფარგლებს გარეთ უკეთესი ცხოვრების საძიებლად წავიდა, მაკლაუდების უფროსი ქალიშვილი, ეკატერინე იყო. თავიდან გოგონა საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, შემდეგ კი ამერიკაში. 17 წლის მერი ენი დის ქმედებით შთაგონებული იყო და გადაწყვიტა, მისთვის მიებაძა. მერი ენს უფროსი და დაეხმარა და ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.
გოგონა ერთ-ერთ მდიდარ ოჯახში ძიძად მუშაობდა. ინგლისური კარგად არ იცოდა და ცდილობდა, ენა საფუძვლიანად შეესწავლა.
მისი გეგმები დიდმა დეპრესიამ შეცვალა. უოლ-სტრიტზე საფონდო ბირჟის დაშლის გამო, იგი გაათავისუფლეს და მერი ენს სამშობლოში დაბრუნება მოუწია. თუმცა, იმ დროისათვის ის ფრედ ტრამპს უკვე იცნობდა. გერმანელი ემიგრანტი ბიზნესმენების ვაჟი ჯერ კიდევ არ იყო მდიდარი, მაგრამ საკუთარი საქმის განვითარებას იწყებდა და წარმატების მიღწევას ცდილობდა. მან მერი ენს სთხოვა, ნიუ-იორკში დაბრუნებულიყო.
მერი ენი და ფრედერიკი 1936 წელს დაქორწინდნენ. ამ მომენტიდან ქალმა ახალი ცხოვრება დაიწყო. ქმართან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე მიდიოდა, მაღალი საზოგადოების წევრებს ხვდებოდა. ტრამპთან მისი ქორწინება ბედნიერი იყო. როგორც ამბობდნენ, წყვილი ერთმანეთს პატივს სცემდა და სიყვარულს მუდმივად გამოხატავდა.
ფრედ ტრამპი ყოველწლიურად საკუთარ ბიზნესსა და ქონებას აუმჯობესებდა. დიდ სასახლეში ცხოვრობდნენ. უამრავი დამხმარე ჰყავდათ. ამის მიუხედავად, ოჯახის ყველა წევრმა ფულის ფასი იცოდა. მერი ენი შვილებს შრომისმოყვარეობას ასწავლიდა და ცდილობდა, მათგან კარგი ადამიანები აღეზარდა. სახლის საქმეებშიც სრულად იყო ჩართული და ამავდროულად, სოციალურ პროექტებშიც მონაწილეობდა. ის ადგილობრივ საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობდა, ეხმარებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას და არასოდეს ამბობდა უარს გაჭირვებულთა დახმარებაზე. წყვილს ოთხი შვილი შეეძინა. დონალდ ტრამპი ჰარმონიულ გარემოში იზრდებოდა.
ტრამპების ბედნიერი და უდარდელი ცხოვრება ტრაგიკულმა მოვლენებმა დაჩრდილა. 1981 წლის სექტემბერში მერი ენმა უფროსი ვაჟი დაკრძალა. ფრედ ტრამპ უმცროსი 42 წლის ასაკში ქრონიკული ალკოჰოლიზმით გამოწვეული გულის შეტევით გარდაიცვალა...
მერი ენისთვის შემდეგი დიდი დარტყმა დონალდ ტრამპის პირველ მეუღლესთან - ივანა ზელნიჩკოვასთან განქორწინება იყო, რომელიც იმდენად ხმაურიანი იყო, რომ ოჯახის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დააზიანა. რამდენიმე თვის განმავლობაში გაზეთების პირველ გვერდებზე ტრამპის პირად ცხოვრებას განიხილავდნენ და ოჯახის ყველა წევრს პაპარაცები დასდევდნენ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ტრამპებმა ერთად 63 წელი იცხოვრეს და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. ფრედ ტრამპი 1999 წლის ზაფხულში გარდაიცვალა. მერი ენი კი - მომდევნო წელს. გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე 88 წლის ქალს თავს მძარცველი დაესხა. ჩანთაში საფულე ჰქონდა, 14 დოლარით. თუმცა, თავდასხმის შედეგად მერი ენმა ნეკნების მოტეხილობა და მძიმე დაზიანებები მიიღო, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაართულა. თავდამსხმელი 16 წლის იყო. მისი დაკავება სატვირთო მანქანის მძღოლმა ლოურენს ჰერბერტმა მოახერხა, რისთვისაც დონალდ ტრამპმა მას დიდი ფულადი ჯილდო გადასცა.
დონალდ ტრამპი ყოველთვის აღნიშნავს, რომ დედა მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ შრომისმოყვარეობისა ფასი გაიგო და წარმატების მიღწევა შეძლო.