საგარეჯოში მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა. როგორც მოკლული ქალის ახლობლები ამბობენ, მამაკაცმა მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა.
ის რამდენიმე დღე კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა.მოკლული ქალი საგარეჯოელი ციკო სულიკაშვილია. მას ორი შვილი დარჩა.
"საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე. 2 შვილი დარჩათ, ერთი სკოლის მოსწავლეა, მეორე სტუდენტი. გაშორებულები იყვნენ და შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გაცემული, როგორც ვიცი. სახლში მიაკითხა, ბავშვს ვნახავო, წასვლისას უთქვამს, თუ შეიძლება გარეთ გამოდი სალაპარაკო მაქვსო და ქვით სცემა თავში, ისე რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო. გახეთქილი ჰქონდა თავი." - გვიყვებიან მოკლული ქალის ახლობლები.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.