შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საგნების მიხედვით, საგამოცდო პროგრამების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც გარკვეული ცვლილებები შევიდა. ზოგიერთი ნაწარმოების პროგრამიდან ამოღებას კი საზოგადოებაში აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა.
ჩვენ 2024 და 2025 წლების საგამოცდო პროგრამები შევადარეთ ერთმანეთს. ამის საფუძველზე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2025 წლის პროგრამაში კვლავ შევა სასულიერო მწერლობა, კლასიკური ხანის მწერლობა, აღორძინების ხანის მწერლობა, რომანტიზმი, რეალიზმი, მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი.
წინა წლის მსგავსად, საგამოცდო პროგრამაში შევა "შუშანიკის წამება", "აბო თბილელის წამება", "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", "ვეფხისტყაოსანი".
2024 წლის საგამოცდო პროგრამაში სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებიდან შედის: "სიბრძნე-სიცრუისა", მემკვიდრის აღზრდის ამბავი; ლეონის თავგადასავალი. იგავ-არაკები: "მეფე ხორასნისა", "ძუნწი და ვაჭარი", "უგუნური მცურავი"",სამნი ბრმანი", "მეფუნდუკე და დიდვაჭარი".
2025 წლის პროგრამაში კი "სიბრძნე-სიცრუისა": ლეონის თავგადასავალი არის მითითებული. შემცირებულია დავით გურამიშვილის "დავითიანის" თავებიც.
2025 წლის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი "გოგჩა". ასევე, გრიგოლ ორბელიანის ლექსებიდან მხოლოდ "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში" დარჩა. 2024 წლის საგამოცდო პროგრამაში აღნიშნულ ლექსთან ერთად იყო: "საღამო გამოსალმებისა", "პასუხი შვილთა".
2025 წლის პროგრამაში შემცირებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებიც. კერძოდ, პროგრამაშია ლექსები: "მერანი", "ფიქრნი მტკვრის პირას", "შემოღამება მთაწმინდაზედ", პოემა "ბედი ქართლისა". 2024 წლის პროგრამაში ჩამოთვლილის გარდა, შესული იყო შემდეგი ლექსები "არ უკიჟინო, სატრფოო...", "ცისა ფერს", "ხმა იდუმალი", "სულო ბოროტო", "ვპოვე ტაძარი".
თუ 2024 წლის საგამოცდო პროგრამას შევადარებთ, 2025 წლის საგამოცდო პროგრამაში აღარ გვხვდება ილია ჭავჭავაძის ლექსები: "ბედნიერი ერი", "პასუხის პასუხი", "ჩემო კალამო"; პოემები: "განდეგილი", "აჩრდილი". 2025 წლის საგამოცდო პროგრამაში ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებიდან დატოვებულია: მოთხრობები: "კაცია-ადამიანი?!", "მგზავრის წერილები", "ოთარაანთ ქვრივი"; სტატია "რა გითხრათ? რით გაგახაროთ?"
აკაკი წერეთლის ნაწარმოებებიდან 2025 წლის პროგრამაში გვხვდება: ლექსი „განთიადი"; პოემები: "თორნიკე ერისთავი", "გამზრდელი". 2024 წელს ასევე იყო ლექსები: "აღმართ-აღმართ", "სულიკო", "ქებათა ქება".
2025 წლის პროგრამაში აღარ არის ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა". შემცირებულია ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიც. მაგალითად, აღარ გვხვდება პოემა "ბახტრიონი", მოთხრობა "ამოდის, ნათდება"; პუბლიცისტური წერილი "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი".
2025 წლის საგამოცდო პროგრამაში, 2024 წლის საგამოცდო პროგრამის მსგავსად, რჩება დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", ნიკო ლორთქიფანიძის "შელოცვა რადიოთი", კონსტანტინე გამსახურდას "დიდოსტატის მარჯვენა", მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები".
2025 წლის პროგრამაში აღარ არის პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი".
2025 წლის პროგრამაში კვლავ გვხვდება გალაქტიონ ტაბიძის ლექსები, თუმცა რამდენიმე ლექსი ამოღებულია. გვხვდება ტიციან ტაბიძის "ლექსი მეწყერი", "ანანურთან", გიორგი ლეონიძის "ყივჩაღის პაემანი". "ნინოწმინდის ღამე" კი ამოღებულია.
ახალ პროგრამაში აღარ გვხვდება პაოლო იაშვილის ლექსი "პოეზია".
2025 წლის პროგრამაში რჩება: გურამ რჩეულიშვილის "ალავერდობა", ჯემალ ქარჩხაძის "იგი", გურამ დოჩანაშვილი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა."
შეცვლილმა საგამოცდო პროგრამამ არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა და მოსახლეობის ნაწილს გაუჩნდა პროტესტი, მაგალითად, რატომ აღარ არის "ბედნიერი ერი", "ხევისბერი გოჩა", "ყვარყვარე თუთაბერი", "ბახტრიონი", აჩრდილი", "განდეგილი" და ასე შემდეგ.
კომენტარისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.
განახლებულ საგამოცდო პროგრამას კი ვრცლად შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.
თამარ იაკობაშვილი