გუშინ თავისუფლებაზე შეკრებილ ადამიანებს შორის ბევრი იყო ხალხისთვის ცნობილი სახე. ერთ-ერთი - ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების ოჯახის შთამომავალი, ნატო მურვანიძისა და ნიკა თავაძის ვაჟი, რეჟისორი დათა თავაძე. მის გვერდით იყო მისი ბებია, მსახიობი მაკა მახარაძე.
ჰოდა, მადლობა მაკას, რომ არსებობს!" - წერს დათა.
უფრო ადრე, მან ვრცელი პოსტი მიუძღვნა საქართველოს მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატის წამოყენებას:
"სტუდენტები მყავს 2013 წლიდან - მე თვითონ ძალიან პატარა რომ ვიყავი იმ დროიდან და იმ დროიდან, ძალიან კარგად რომ მახსოვდა, რასთან უწევთ გამკლავება სტუდენტებს, მე თვითონ რომ სტუდენტი ვიყავი რამდენიმე თვის წინ და მერე ეგრევე მასწავლებელი რომ ვიყავი, აი, იქიდან, იმ დროიდან ვარ მასწავლებელი.
ჰოდა, სტუდენტების ყოველდღიური ბრძოლა განათლების მისაღებად, ყოველთვის ყველაზე დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის - იმედით გადაძეძგილ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ყოველ დღე თითო აგურს დებს უკეთეს სამყაროში რომ ვიცხოვროთ - დღისით სწავლობენ, საღამოს მეცადინეობენ, ღამით სუპერმარკეტებში, ან სხგან მუშაობენ, სწავლის გადასახადი რომ გადაიხადონ, ბინის ქირა გადაიხადონ, შიმშილით არ გაძვრეთ სული და ამ ყველაფრის თავზე კიდევ საერთო ეროვნულ საქმეში მთავარ ჯარისკაცებად დგომასაც ახერხებენ უძილოები - ამის ენერგიასაც პოულობენ საკუთარ თავში.
სახელმწიფომ კი ვერც ერთ საფეხურზე ვერ გაუადვილა მათ ცხოვრება - სულ პირიქით.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ უდიპლომო პრეზიდენტის “დანიშვნა”, ჩემი აზრით, არის პირდაპირი პასუხი სწორედ სტუდენტებს.
“სახელმწიფომ” დღეს მათ უთხრა, რომ მათ შრომას და გარჯას, არავითარი აზრი არა აქვს - ყაველაშვილი, როგორც სიმბოლო, სწორედ სტუდენტების ყოველდღიური ბრძოლის პასუხია - უდიპლომო, კაცი, რომელმაც არ იცის, რას ნიშნავს სტუდენტობა, ამიტომ ვერც თანაუგრძნობს, - სტუდენტები ჩვენ არ გვაინტერესებს, ამბობს თვითაღიარებული, მარიონეტული მთავრობა - რისთვის იბრძვიან სტუდენტები ჩვენ არ გვესმის და არ ვაფასებთ - “სამშობლოს სიყვარულს დიპლომი არ სჭირდება”.
ყაველაშვილი, როგორც სიმბოლო, სწორედ იმ პოლიტიკური ხაზის გაგრძელება და კიდევ ერთი დასტურია, რომელმაც ააფეთქა საყდრისი, განადგურებამდე მიიყვანა გელათი, გააშეშა ისტორიული თეატრები, დახურა კინოთეატრები, მოკლა პროცესი კინოცენტრში, გააჩუმა “მწერალთა სახლი”, მოკლა მუზეუმები, ჩააფურთხა არქეოლოგიურ გათხრებში, სადამსჯელო რაზმის ბაზად გადააქცია ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტი, “ფსევდო-ლიბერალები” უწოდა ილიას და ვაჟას, ამოიღო საგამოცდო სიიდან, დასცინა ეროვნული წინააღმდეგობის იდეას და ა.შ. და ა.შ.
ამ ეროვნული, ისტორიული, თუ საზოგადოებრივი სიმბოლოების გაუქმებითა და დაცინვით, ისინი გვართმევენ ორიენტირებს, გვიცვლიან იდენტობას და თუ უფრო გასაგებად გნებავთ, “ქართველობას გვართმევენ”, ეს უსამშობლოები - სახეს გვაკარგვინებენ!
მაშ ასე: კიდევ თუ გიჩნდებათ შეკითხვა, რისთვის უნდა გამოხვიდეთ გარეთ, მე გეკითხებთ - როგორ უნდა დარჩეთ სახლში?!
მე არ ვარ პოლიტიკოსი, რომ რამეს დაგპირდეთ - მე პირადად გარეთ ვდგავარ მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ სახე არ დავკარგოთ და როცა აღარაფერს დამიტოვებენ, რითაც ამ მიწის ნაგლეჯს ჩავეჭიდები, არ ვთქვა, რომ წინააღმდეგობა არ გამიწევია!
გარეთ მხოლოდ იმიტომ არ ვდგავარ რომ “რამე მოხდეს”, არამედ იმიტომაც, რომ უარესი არ მოხდეს და ერთ დღეს მთლიანად არ გადავცვივდეთ უკანმოუბრუნებელ უკულტურობაში, ველურობასა და ბარბაროსობაში, სადაც არც ერთი სიმბოლო, რამაც აქამდე მოგვიყვანა, აღარ იარსებებს, სრულიად დავკარგავთ სახეს და მთავარი იქნება
აბსტრაქტული “სამშობლოს სიყვარული”, რომელსაც თურმე არ სჭირდება დიპლომი და უვიცი თაღლითების უდაბნოდ იქნება გადაქცეული.
… და როცა მოვა ცვლილების დრო, ისე არ გვქონდეს გამორეცხილი ტვინები, ან დაბლაგვებული შეგრძნებები, რომ ცვლილების მომენტი ვერ ვიცნოთ და მზადყონაში არ დავხვდეთ.
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა, ან ჭაობი!"