უკვე რამდენიმე დღეა, თბილისსა და რეგიონებში ხალხმრავალი აქციები იმართება. საზოგადოება ივროინტეგრციის შეჩერებას აპროტესტებს. ხალმრავალი მიტინგებს სახელმწიფოს მხრიდან დარბევა და მოქალაქეებზე ძალადობა მოჰყვა. აქციების დარბევის დროს უამრავი ადამიანი დაშავდა. დაკავებულები პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე საუბრობენ და ყველაზე ხშირად აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით თავის, კისრისა და სახის არეში ურტყამენ. დაკავებულთა ძალიან დიდ ნაწილს სახის ძვლების მოტეხილობაც აღენიშნება. მიყენებული ტრავმების გამო ბევრი მოქალაქე სტაციონარშიც მოხვდა. რას იწვევს თავის, სახისა და კისრის არეში მიღებული ტრავმა, რა ტიპის გართულებები შეიძლება განვითარდეს მომავალში და როგორ უნდა აკონტროლონ ჯანმრთელობა იმ ახალგაზრდებმა, რომლებმაც მსგავსი დაზიანებები მიიღეს - თემაზე ექიმ-რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას ვესაუბრეთ:
- თავის, სახისა და კისრის მიდამოში მიყენებული ტრავმის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პაციენტი პირველ 24 საათში შემოწმდეს და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები, ისეთი, როგორიცაა, სახის ძვლების მოტეხილობა, კისრის მალების მოტეხილობა, ქალა-ტვინის ტრავმა - სისხლჩაქცევებით ან მის გარეშე, გამოირიცხოს. ტრავმის შემთხვევაში, პაციენტი კლინიკაში აუცილებლად უნდა მივიდეს და გამოკვლევები ჩაიტაროს.
მწვავე დაზიანების გამორიცხვის შემდეგ, ადგილობრივი დაზიანებები - ჩალურჯებები, შეშუპება, ტკივილი რჩება, რომლის მართვაც ტკივილგამაყუჩებლებით შეიძლება. ასპირინის ტიპის მედიკამენტების მიღებას უნდა მოვერიდოთ. შესაძლოა, პარაცეტამოლი ტკივილგამაყუჩებლად გამოვიყენოთ. რეცეპტით გასაცემი საშუალებების თვითნებურად მიღებას უნდა მოვერიდოთ.
შეგვიძლია, ცივი საფენები დღეში რამდენჯერმე, მაქსიმუმ, 15-20 წუთის განმავლობაში დავიდოთ და თავის ტვინის შერყევის ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და ასე შემდეგ დავაკვირდეთ. თუმცა, პირველი მწვავე ფაზის შემდეგ, როდესაც მძიმე დაზიანებები გამოირიცხება, რაიმე სერიოზულ გართულებას არ ველოდებით. პაციენტს რეაბილიტაცია, დასვენება და ტკივილების მართვა სჭირდება.
- არსებობს ისეთი შემთხვევაც, როდესაც თავის ტვინის შერყევის სიმპტომები 24 საათის შემდეგ გამოვლინდება. ძალიან იშვიათ შემთხვევაში რამდენიმე კვირის შემდეგაც კი შეიძლება, გამოვლინდეს. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ მსუბუქი დაზიანებაა და სანერვიულო არაფერია. უბრალოდ, თუ სიმპტომები 2 დღეზე მეტხანს გრძელდება, ექიმთან მისვლა და კონსულტაციის გავლა მნიშვნელოვანია. ტრავმის მიღების პირველივე დღეს დაზიანებების გამორიცხვა და მდგომარეობის შემოწმება აუცილებელია.
- შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული დაზიანებები გამოვლინდეს, როგორებიცაა: სახის ძვლებისა და კისრის მალების მოტეხილობა, რომელსაც შეიძლება, სასუნთქი გზების შეშუპება, ზურგის ტვინის დაზიანება, გონების კარგვა ახლდეს, რაც ძალიან მაღალი რისკის შემცველია და შეიძლება, სიკვდილითაც დამთავრდეს.
- ჩაფხუტები გამოიყენონ. კისრის მალების დაზიანების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა, ქალა-ტვინის ტრავმის ალბათობას, დაახლოებით, 300-ჯერ ამცირებს. უნდა მოვერიდოთ ესკალაციას და უსაფრთხო ადგილზე ვიყოთ. ტრავმის მიღების შემთხვევაში, თუ პაციენტი გონზეა და კონტაქტურია, მაქსიმალურად მოვერიდოთ მის გამოძრავებას და სასწრაფოს მოსვლას დაველოდოთ. თუმცა, თუ საფრთხე ადგილზე უფრო მეტია, რა თქმა უნდა, პაციენტი უნდა გადავაადგილოთ. ასეთ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ, რომ მოძრაობა მინიმალური იყოს. თუ ადამიანი გონებას დაკარგავს და სუნთქვას გააჩერებს, სწრაფი რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პირველ წუთებში დაწყებული დახმარება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს გადაწყვეტს. თუ პაციენტი უგონოა და არ სუნთქავს, ამ შემთხვევაში, გულ-მკერდზე ძლიერი ზეწოლები, მასაჟი უნდა დავიწყოთ. 5-6 სანტიმეტრის სიღრმეში უნდა ჩავიდეთ ზეწოლით და იმავე სიღრმით ამოვიდეთ. როდესაც ადამიანი უგონოა და არ სუნთქავს, ფაქტობრივად, კლინიკური სიკვდილია განვითარებული და გულ-ფილტვის რეანიმაციაა საჭირო. ცხადია, უმჯობესია, ეს იმან გააკეთოს, ვინც პირველადი სამედიცინო დახმარება იცის. თუმცა, თუკი არ ვიცით, გულ-მკერდზე ზეწოლებით შეიძლება, ადამიანს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ.
თამარ იაკობაშვილი