ლონდონში ტრადიციული დებიუტანტების მეჯლისი გაიმართა, რომელზეც ბომონდის ახალგაზრდა წარმომადგენლები გამოდიან ხოლმე. წელს მასში მონაწილეობის პატივი ხვდა გვინეტ პელტროუსა და კრის მარტინის ქალიშვილ ეპლ მარტინს. მეჯლისის დასრულების შემდეგ ყველა ეპლის ქცევებზე საუბრობდა.
20 წლის ეპლმა საკმაოდ უსიამოვნოდ გადაიტანა საკუთარ თავზე ფოტოგრაფების ყურადღება, რომლებიც ამ მომენტში სხვა დებიუტანტს უღებდნენ და ფაქტობრივად შეიჭრა კადრში. კიდევ ერთ ვიდეოში კი თავის თანამგზავრის, ახალგაზრდა გრაფის, ლეო ჰენკელ ფონ დონერსმარკის რაღაც ფრაზაზე თვალებს აჭყეტს, თითქოსდა, ეს რა სისულელე თქვაო.
ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მის ფოტოებს და ვიდეოებს აღშფოთებული კრიტიკა მოჰყვა. მას გათამამებული, პატივმოყვარე და თავხედი ნეპო-გოგონა უწოდეს, როგორც უწოდებენ ხოლმე გავლენიანი და ცნობილი ადამიანების შვილებს, რომლებიც ამგვარად იქცევიან.
"რა საშინელებაა!" "ულამაზესია, მაგრამ რად გინდა..." „გათამამებული თავხედი გოგოა" "რა ქედმაღალია..." "გვინეტიც ასეთია ალბათ და ასეთი გაზარდა. არ ასწავლა სხვების პატივისცემა". "ასეთი ქცევებით შორს ვერ წავა" - წერენ კომენტარებში.
წვეულებას ეპლი ვალენტინოს ცისფერი კაბით ეწვია. მეჯლისს მისი 18 წლის ძმა მოზესი, დედა და მამაც ესწრებოდნენ, რომლებიც წლებია, განქორწინებულნი არიან. ეპლმა მამასთან ერთად იცეკვა კიდეც.
წვეულებას ასევე ესწრებოდნენ სოფი ლორენის ქალიშვილი ლუჩია პონტი და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანის შვილები და შვილიშვილები.