დღეს წყვილების ფსიქოთერაპევტთან მიმართვა ერთ-ერთი აქტიური თემა გახდა. კითხვა, შეარიგებს თუ არა წყვილს ფსიქოთერაპევტი, ამ შემთხვევაში, პრობლემის ზუსტ შინაარსს არ ასახავს. ფსიქოთერაპევტს ქირურგიული ოპერაციის მსგავსად შეუძლია ურთიერთობიდან ის მიზეზები "ამოიღოს" და წყვილს წარუდგინოს, რომელთაც მათი სიყვარული გადაფარეს და კონფლიქტები შვეს. შესაძლოა ამ მიზეზების დანახვა რთულიც იყოს, თუმცა სწორედ ეს სირთულე იწვევს იმას, რომ ადამიანები დაფიქრდნენ, შესაძლებელია თუ არა ურთიერთობის, სიყვარულის გადარჩენა. თუ როგორ, ამის შესახებ ფსიქოლოგ ნანა დარბაიძეს ვესაუბრეთ.
- საყოველთაო თვალსაზრისით, განქორწინების მთავარი მიზეზი მეუღლეებს შორის ჰარმონიული სექსუალური ურთიერთობის არარსებობაა.
- თუ ეს ჰარმონიულობა არ არსებობს, ე.ი. წყვილს ძალიან დიდი პრობლემა აქვს. თუმცა შეუძლებელია ქორწინება მხოლოდ თუნდაც სექსუალურმა ურთიერთობამ შეინარჩუნოს. ნებისმიერი ფსიქოლოგი, არა მხოლოდ ფსიქოლოგი, გეტყვით, ოჯახი ძირითადად ორ საყრდენს ეყრდნობა: ვნებასთან ერთად, მეგობრობას. ამ ორივეს ფლობის შემთხვევაშიც კი ურთიერთობაში კრიზისი გარდაუვალია, მაგრამ როდესაც არსებობს ეს ორივე ერთად, მაშინ ოჯახი კრიზისიდან გამოდის. რელიგიის ეს თეზა ოჯახის შენარჩუნებისთვის ჰაერივით არის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა გიყვარდეს, სიყვარული კი ნაკლებად ხარობს მაშინ, როდესაც ოჯახი შეკრული არ არის სულითა და სხეულით.
- საინტერესოა სტატისტიკა, ჩვენში დაახლოებით როდის დგება ოჯახური კრიზისები? ალბათ, ესეც დამოკიდებულია იმ გარემოს ემოციურ მდგომარეობაზე, რა გარემოშიც ვართ.
- სხვათა შორის, პირველი კრიზისი დაახლოებით ქორწინების პირველი წლის შემდეგ დგება. როდესაც წყვილი აღმოაჩენს, რომ თურმე ოჯახისთვის ვნება და სასიყვარულო ურთიერთობები საკმარისი არ ყოფილა. აი, ამ დროს იწყება კონფლიქტები, რასაც ამ "აღმოჩენით" გამოწვეული გაოგნებაც ახლავს და ამიტომაც საკმაოდ ძლიერია. თუ წყვილს არ აღმოაჩნდა სულიერი ურთიერთობის უნარი, რომ ნებისმიერ დეტალზე საუბარი შეძლონ, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ ვერც ოჯახი შეინარჩუნონ.
ფსიქოთერაპევტი წყვილებს ამ შემთხვევაშიც ეხმარება. მან წყვილი გულახდილი საუბრის აუცილებლობაში უნდა დაარწმუნოს. თუ საუბარი კონფლიქტების შემდგომ არ შედგა, წყვილმა ერთმანეთს გული არ გადაუშალა, პრობლემები ვერ შეაფასა, შესაძლოა ამ კონფლიქტებიდან ვეღარც გამოვიდნენ.
შემდგომი კრიზისი ქორწინების მეშვიდე წელიწადზე მოდის, რაც ჩვენში ოთხ წელიწადს ნაკლებად სცილდება. რატომ? იმიტომ, რომ ეს სტატისტიკა დაკავშირებულია ბავშვთან, რომლის საჭიროებები ნელ-ნელა ფართოვდება. ჩვენთან წყვილი შვილს ქორწინებიდან მალევე აჩენს. ჩემი აზრით, ეს ხდება ჩვენი საზოგადოების იმ მოცემულობით, როდესაც ისტორიულად გამრავლებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა კიდევ გავიმეორებ - სულიერი ღირებულებების მქონე წყვილი ამ კრიზისსაც გადალახავს.
- ახერხებთ ყოველივე ამის ახსნას იმ წყვილისათვის, ვინც დახმარების იმედით მოდის, მაგრამ სათითაოდ ფიქრობს, რომ თავად არის მართალი და არა მეორე მხარე?
- ეს მართლაც ძნელია. რაღაც მომენტში ორივე ფიქრობს, რომ მისი მეწყვილის მხარეზე ხარ. თუმცა, როდესაც ადამიანს ქორწინების გადარჩენა სურს, უკვე ნიშნავს, რომ ის მზად არის გააცნობიეროს, რას ეუბნები, რა უშველის მათ.
- რა უშველით?
- ოჯახი, ორი ადამიანის სიყვარული ყვავილივით არის, რომელსაც წყალი გამუდმებით უნდა დაუსხა, რათა არ გახმეს. კონფლიქტით გაღიზიანებული წყვილიდან ორივე ფიქრობს, რომ მეორე "არ რწყავს ყვავილს", თორემ თავად წყალი სულ მომარაგებული აქვს. არადა, ასე არ არის და ამას ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ ვერ აგებინებენ, რომ არ შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი.