საქართველოში ხელისუფლების ნაბიჯების საწინააღმდეგო აქციები გრძელდება და სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ ადამიანებს შორის, რომლებიც განსაკუთრებით სოციალურ ქსელში გამოდიან ურთიერთბრალდებებით, არიან ერთი ოჯახის წევრებიც, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი აღმოჩნდა ცნობილი პროდიუსერის და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერის, შალვა რამიშვილის ვაჟი ლაშა, რომელიც არა მხოლოდ საპროტესტო აქციებშია ჩართული, ღია წერილითაც მიმართა მამას სოციალურ ქსელში.
ლაშა რამიშვილი წერს:
"პათეტიკური პროპაგანდისთვის ჩვენი გამოყენებაა სიყვარული? არ არსებობს შენში სიყვარული, ეს სიტყვაც კი ბინძურდება შენი პირიდან თქმული. სიყვარული ჩემს ოჯახშია, ჩემს ახლობლებში, იმ ხალხში, ვინც გარეთ იბრძვის დღეს. თქვენი სისტემით გაღატაკებული და სულამოხდილი ხალხი, უღირსი ხელფასებით რომ უწევთ ოჯახის რჩენა. ძარცვით და ყაჩაღობით რომ ხართ გამდიდრებულები, ამიტომ არ არსებობს აქ მხარე, აპათიის წინააღმდეგ ყოფნა ყოველთვის იქნება სწორი. ჩემს ოჯახს გაჭირვებაც უგრძვნია და მშივრებსაც დაგვიძინია, მაგრამ არც ერთი წამით არ გვინანია სიმართლის თქმა. ტანჯულია ხალხი და ბოროტება სუფევს ქვეყანაში, მე კი ჩემს პრინციპეპზე დგომა სიკვდილადაც მიღირს.
ნუ გვამცირებ, თითქოს ჩვენი განცდები არ იყოს გულწრფელი, ნუ მანიპულირებ ჩვენი სახელით, ბულინგი სწორედ ეს არის. არ გაგაჩნია შენ სიყვარული და ამიტომაც ხარ და იქნები მარტო. თავისუფლებას, მხოლოდ შიში კლავს.
გაბედეთ და გაემიჯნეთ უსამართლობას ყველამ, აღარ აქვთ ამათ უკან დასახევი გზა, ვეღარ დაუბრუნდებიან ჩვეულ დღის წესრიგს. ეს იციან და ამის ეშინიათ. გამოდით და გაიფიცეთ. ამით გარდაუვალს დააჩქარებთ".
შვილს სოციალურ ქსელშივე, საჯაროდ უპასუხა შალვა რამიშვილმა:
"მინდა ლაშა რამიშვილის, ჩემი შვილის ჩემდამი მომართვაზე ორიოდ სიტყვა ვთქვა: ისტორია განგვსჯის!
ამის მეტს არასდროს არ ვიტყვი საჯაროდ. უბრალოდ, როცა მამას კლავ, მხოლოდ ამით არ უნდა შეხვიდე ისტორიაში. ბრბო კი მოგიწონებს ხბოს აღტკინებით, მაგრამ მერე სხვა მოკლავს მამას უფრო სასტიკად და ობივატელიც შენ დაგიკიდებს ფეხზე. იმედია, ლაშა სხვა რამესაც იზამს. ნიჭიერება გვარში გვაქვს.
ახლა იმაზე რასაც ვაკეთებ: ვერაფერი, ვიმეორებ, ვ ე რ ა ფ ე რ ი მაიძულებს უარი ვთქვა საქართველოს გადარჩენაში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანაზე.
დანარჩენი არის ლირიკა. ციხით მაშინებენ და პატარძალზე უხერხული ანდაზა გამახსენდა. შვილების დაკარგვას მიკიჟინებენ და შედგა, სამწუხაროდ, ეს ფაქტი. მაბულინგებენ და მეცინება უბრალოდ.
და ბოლოს, ყველა "ჩეგევარას" ეხება (შვილს არა): ერთი ადგილი თუ გაქვთ, საქმე ქენით! რაღაც ოპუსებს ნუ მიძღვნით!"
ცნობისათვის, შალვა რამიშვილს ოთხი შვილი ჰყავს. სამი ვაჟი - პირველი ქორწინებიდან.