თუ ამოლუღლუღება შევძელი, დავიღალე-მეთქი, უცებ გიპასუხებს, რა გღლის, ერთი გამაგებინე, მთელი დღე სახლში ხარო... ქართველი ქალები გათხოვების შემდეგ რომ ხშირად არც ისე შესაშურად ცხოვრობენ, ახალი არ არის. ბევრისთვის მთავრდება რომანტიკაც, სიყვარულიც, საზოგადოებრივი ცხოვრებაც, ინტელექტუალური თუ კულტურული განვითარებაც და ერთფეროვანი დღეები ცვლიან ერთმანეთს: დალაგება, მომზადება, ქმარ-შვილიც მოვლა, დაპურება, გაფქვილული ხელებით სტუმრების დახვედრა, არც ისე იშვიათად - მეუღლის ან მისი ახლო ნათესავების მხრიდან ფიზიკური თუ მორალური შეურაცხყოფა და ვინ მოთვლის კიდევ... ბევრი ქალბატონი ჩივის ამაზე, განსაკუთრებით იმაზე, რომ მთელი დღის დაღლილ-დაქანცულებს და ქმარ-შვილს გადაყოლილებს შესაფერისი დაფასება სულაც არ აქვთ და ხშირად პირიქით, ათასგვარ საყვედურს იღებენ.
ჩვენს ერთ-ერთ სტატიას, რომელშიც ერთი ჩვეულებრივი დიასახლისის დღე იყო ასახული, უამრავი კომენტარი მოჰყვა. მათ შორის ერთ-ერთი გამოხმაურების დაბეჭდვა გადავწყვიტეთ, რადგან მასშიც განსაკუთრებულად მწვავედ და რეალისტურად არის ასახული ერთი ჩვეულებრივი ქართველი ქალის მწარე ყოველდღიურობა:
"ამ მთელი დღის დალაგების თუ საჭმელების მზადების შემდეგ, რომ გადაიქანცები, მოვლენ შვილები: დე მშია, გამოგძახებენ, უნდა ალასლასდე სავარძლიდან, საერთოდ დაჯდომა თუ მოასწარი, მერე ნაჭამი აალაგო, დარეცხო, მერე გაკვეთილების მომზადებაში მიეხმარო; მერე მოვა ძვირფასი მეორე ნახევარიც, ხელებს თუ დაიბანს და პირდაპირ არ დაეშვება დივანზე, ხომ კარგი, გადმოგხედავს და თუ ყურებამდე გაბადრული სახით არ უყურებ, გეტყვის: ქალო, რას იბღვირები, სახლში მოსვლა ნუ შემაზარეო, ახლა კი მშიაო...
დაიწყება ხელახლა მაგიდის გაშლა, ალაგება, მირთმევა, ცხელი... ცივი, დესერტი... თუ რომელიმეს მაინც არ დაგიწუნებს, ხომ კარგი... მერე ისევ ალაგება, დარეცხვა...
და ბოლოს, ღამე ხესავით რომ გაგიშეშდება ხელ-ფეხი, მეუღლე ისევ უკმაყოფილოა, ქალო, რა მუთაქასავით მიწევხარ გვერდითო. თუ ამოლუღლუღება შევძელი, დავიღალე-მეთქი, უცებ გიპასუხებს, რა გღლის, ერთი გამაგებინე, მთელი დღე სახლში ხარო...
ეჰ, ეჰ, და კიდევ ეჰ."