ცოტა ხნის წინ ლონდონში ჩატარებულ "დებიუტანტების მეჯლისს" სხვა ცნობილი ადამიანების შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, სოფია ლორენის 18 ლწლის შვილიშვილი ლუჩია პონტიც ესწრებოდა. მეჯლისზე, რომელიც ყოველ წელს ტარდება, საკმაოდ მკაცრად ირჩევენ მონაწილეებს. სასურველ კონვერტს მთელი მსოფლიოდან 25 გოგონა იღებს - ყველა მათგანი ბომონდური ოჯახიდან. 2024 წელს ლუჩია პონტის გარდა მეჯლისს ესწრებოდნენ პრინც ლუი-ალფონს დე ბურბონის ქალიშვილი, გვინეტ პელტროუსა და კრის მარტინის ქალიშვილი და სხვები.
ბებიის საყვარელი ბრენდის - ჯორჯო არმანის კაბაში გამოწყობილი ლუჩია მეჯლისის ერთ-ერთ ულამაზეს გოგონად დაასახელეს და საზოგადოებამ აღიარა, რომ ბებიის სილამაზე გენეტიკურად გამოჰყვა. ულამაზეს კაბას ბრილიანტებით და ზურმუხტებით მოოჭვილი ჩოკერი ამშვენებდა. ლუჩია ამბობს, რომ სტილის შეგრძნება და გემოვნება ლეგენდარულმა სოფია ლორენმა დაუხვეწა.
"ბებიაჩემს ყოველთვის სჯეროდა ელეგანტურობის, რომელიც დროს არ ექვემდებარება, და იმის, რომ მნიშვნელოვანია გეცვას ის, რაც შენს ჭეშმარიტ არსს აირეკლავს. ბავშვობიდან მასწავლა უბრალოების დაფასება და საკუთარი სამოსისთვის უნიკალურობის ნოტების დამატება", - ამბობს ლუჩია.
ლუჩია ამბობს, რომ ძალიან ახლოს არის ბებიასთან და მიუხედავად იმისა, რომ მანძილი აშორებთ, დროს ერთად ხშირად ატარებენ. ახლა სოფია შვეიცარიაში ცხოვრობს, ლუჩია - ლოს-ანჯელესში, თუმცა ხშირად სტუმრობს ბებიას.
ლუჩია სოფი ლორენის უფროსი შვილიშვილია, ედუარდო პონტის ქალიშვილი. ახლახან გახდა 18 წლის. ამერიკაში, ელიტურ ბრაუნის კოლეჯში სწავლობს. თუმცა მშობლების კვალს არ გაჰყვა და კინო არ აინტერესებს, ცეკვით არის დაკავებული და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს. ამბობენ, რომ ძალიან ჰგავს ბებიას.
ცნობისათვის, სოფია ლორენს ორი ვაჟი ეყოლა კარლო პონტისთან ხანგრძლივ და ბედნიერ, 40-წლიან ქორწინებაში. სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, იშვიათად თამაშობდა კინოში და მთელ დროს მათ აღზრდას უთმობდა. ახლა შვილიშვილებზეა კონცენტრირებული - 4 შვილიშვილი ჰყავს.
მისი მეორე ვაჟის, კარლო უმცროსის საცოლეა ქართველი გოგონა, რომელიც ცოტა ხნის წინ დათანხმდა კარლოს ცოლობაზე.