ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე მიმართვას აქვეყნებს და ამბობს, რომ გამოქვეყნებულ სიაში, სადაც იმ სპეცრაზმელთა სახელები და გვარები წერია, რომლებიც, სავარაუდოდ, აქციების დარბევაში მონაწილეობენ, საკუთარი ძმა ამოიცნო:
- გუშინ სპეცრაზმელების სია გამოქვეყნდა. ჩემდა სამწუხაროდ, ამ სიაში ჩემი ძმის სახელი და გვარი ამოვიკითხე. ძმასთან, სხვადასხვა მიზეზის გამო, მე და ჩემს ოჯახს კომუნიკაცია არ გვაქვს. თუმცა, ვიცოდი, რომ პოლიციაში მუშაობდა. გული მწყდება და კიდევ ერთხელ, ჩემი ძმის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს, რომ იმ მხარეს დგას, სადაც დიქტატორი, ხალხის დარბევაა და სადაც ახალგაზრდებს ცხოვრებას უმახინჯებენ. მე ვდგავარ იმ მხარეს, სადაც თავისუფალი საქართველოა. ზუსტად იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. მნიშვნელობა არ აქვს, იმ მხარეს ჩემი ძმა დგას თუ არა. ჩემი ძმა იქნება, თუ ჩემი ოჯახის სხვა წევრი, ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს და უნდა გამოქვეყნდეს მათი სურათები, მათი ინფორმაცია. დღემდე არ მეგონა, რომ ჩემი ძმა სპეცრაზმის იმ დამრბევთა სიაში იქნებოდა, რომელიც ვიხილე. ძალიან გული მწყდება. თუმცა, ერთი რამ იცოდეთ - ამ ბრძოლას ძალიან ცოტა აქვს დარჩენილი, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ციხე შიგნიდან გატყდა. ყველას მოგიწოდებთ, ვინც ამ სიაში თქვენი ოჯახის წევრები ამოიკითხეთ, რაც არ უნდა მძიმე იყოს, გამოდით და თქვით, რომ იცნობთ და თქვენი ოჯახის წევრია. კიდევ ერთხელ, ჩემი ძმის ნაცვლად ბოდიშს გიხდით. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ ამ ბრძოლას ძალიან მალე მოვიგებთ. გაუმარჯოს, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს!