ახალ წელს ბევრი ადამიანი განსაკუთრებით ელოდება. ალბათ, ყველა ჩვენგანს უკეთესი წლის მოლოდინი აქვს, გვინდა, ჩვენი სურვილები, ოცნებები ასრულდეს და წარმატება და ბედნიერება მოვიზიდოთ.
სადღესასწაულო სუფრას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, თუ რა უნდა განვათავსოთ სუფრაზე, რომ სახლში წარმატება მოვიზიდოთ და ის სურვილები, რასაც ახალი წლის ღამეს ჩავიფიქრებთ, აგვისრულდეს:
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2025 წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის გველია. თუ გსურთ, მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ და წარმატება მოიზიდოთ, მაშინ საახალწლო სუფრაზე წლის მთავარი სიმბოლოს შესაბამისი ფიგურა აუცილებლად უნდა გქონდეთ. ღამის 12 საათზე შეგიძლიათ, გველის ფიგურა ხელში დაიჭიროთ და სურვილები ჩაიფიქროთ.
საახალწლო სუფრაზე დადეთ თქვენი საყვარელი ნივთი, მაგალითად, ბეჭედი, ამულეტი, მონეტა ან სხვა ნებისმიერი ისეთი ნივთი, რომელიც გიყვართ და რომელსაც ხშირად თან ატარებთ. ის თქვენი ინდივიდუალური თილისმა გახდება და 2025 წლის განმავლობაში ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ. როდესაც 12 საათი შესრულდება, ნივთი ხელში აიღეთ ან შეხედეთ და იფიქრეთ იმ სურვილებზე, რომლებიც მთელი გულით გინდათ, რომ მომდევნო წელს აგისრულდეთ.
იმისათვის, რომ იღბალი და წარმატება მოიზიდოთ, ფერებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. წელს ყველაზე აქტუალური ფერებია: მწვანე, წითელი, ყავისფერი, შავი, ოქროსფერი და ლურჯი. თუ გსურთ, წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობა მოიპოვოთ და წარმატება მოიზიდოთ, სუფრის გასაფორმებლად ჩამოთვლილი ფერები გაითვალისწინეთ. მაგალითად, ჭურჭელი, ხელსახოცები, სხვადასხვა დეკორაცია განათავსეთ. ასევე, შეგიძლიათ, სუფრაზე, პატარა მწვანე ნაძვის ხეც დადგათ. უპირატესობა მიანიჭეთ ხის ნივთებსაც. გველს ბუნებრივი და ნატურალური ნივთები მოსწონს. თუ ახალი სუფრის, თეფშების შეძენას გეგმავთ, მწვანე ფერი გაითვალისწინეთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, თუ აღნიშნულ რეკომენდაციებს შევასრულებთ, 2025 წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობას დავიმსახურებთ და წარმატებასა და იღბალს მოვიზიდავთ.