ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო მედიაში გასახდომი პრეპარატების შესახებ სულ უფრო აქტიურად საუბრობენ. ვარსკვლავები, რომლებიც ჭარბ წონას ებრძოდნენ და მოულოდნელად საზოგადოების წინაშე სრულიად განსხვავებული იმიჯით წარდგნენ. ამიტომაც, გულშემატკივრები კომენტარებში ხშირად ადანაშაულებენ, რომ ოზემპიკის ან სხვა მსგავსი საშუალების დახმარებით დაიკლეს.
გასახდომ პრეპარატებთან დაკავშირებით უამრავი ექიმი საუბრობს და აღნიშნავენ, რომ დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილი პრეპარატით მასობრივი გატაცება განსაკუთრებით სახიფათოა. მას "21-ე საუკუნის ჭირსაც" კი უწოდებენ. გასახდომი მედიკამენტების მიღებას უამრავი გვერდითი ეფექტი აქვს და შესაძლოა, მან ადამიანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
განსაკუთრებით სახიფათო კი ბავშვთა ასაკშია. ზოგიერთი დაზარალებული ამბობს, რომ მხედველობის პრობლემა შეექმნა, ზოგი ანორექსიამდე მივიდა, ზოგსაც ორგანიზმში სხვადასხვა ფუნქცია დაერღვა. ამიტომაც, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გასახდომი პრეპარატების ასე მასობრივად გამოყენება ძალიან დიდი რისკია.
ზოგიერთი ვარსკვლავი ოზემპიკის შესახებ ხმამაღლა საუბრობს. ზოგიც მალავს, რომ აღნიშნული პრეპარატით უამრავი კილოგრამი დაიკლო...
ცოტა ხნის წინ თეონა კონტრიძის უფროსმა ქალიშვილმა ამ თემაზე გულწრფელად ისაუბრა. 18 წლის რედი-მარიამმა თქვა, რომ 23 კილოგრამი დაიკლო. გოგონა აღნიშნავს, რომ ამას მოზარდობის ასაკში საშინელი შედეგები მოჰყვა.
თეონა ძალიან ნანობს, რომ რედი-მარიამს უფლება მისცა, ოზემპიკი გამოეყენებინა:
"ძალიან ვნანობ, რომ ეს სამარცხვინო რამ დამემართა. მაგრამ, წამლის შესახებ არაფერი ვიცოდი. ის კვალიფიციურმა ენდოკრინოლოგმა დამინიშნა. ახლო მეგობრის რჩევა იყო. დანაშაულის გრძნობა მჭამს, მაგრამ ეს უკვე მოხდა და მადლობა ღმერთს, დასრულდა." - ამბობს მომღერალი.
თეონამ გადაწყვიტა, გასახდომი პრეპარატის შესახებ საჯაროდ ესაუბრა იმ მოტივით, რომ აღნიშნულ წამალზე საზოგადოებას სიმართლე გაეგო და თუნდაც ერთი გოგონა მაინც დაფიქრებულიყო.
რედი-მარიამმა თქვა, რომ მედიკამენტს 2 წლის განმავლობაში იღებდა და ამან გამოიწვია ის, რომ წლების განმავლობაში, მკურნალობა და ჯანმრთელობის აღდგენა დასჭირდა.
"ეს ჯოჯოხეთია. ამის გაკეთებას არავის ვურჩევ. ოზემპიკის მიღება 14 წლის ასაკში დავიწყე და 16 წლის ასაკში შევწყვიტე. თვენახევარში უცებ 23 კილოგრამი დავიკელი. ეს არანორმალურად დიდი ციფრია. არ შეიძლება, ასე მოხდეს." - ამბობს გოგონა.
როგორც თეონა კონტრიძის შვილი აღნიშნავს, ოზემპიკმა მის პანკრეასზე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა და ახლაც მკურნალობს. ასევე, გოგონა აღნიშნავს, რომ დეპრესიასაც ებრძოდა.
"ანტიდეპრესანტები დამინიშნეს, მაგრამ არ მიმიღია. საქართველოში ორ თვეში ერთხელაც არ გავსულვარ ზღვაზე. ვიჯექი და არ მესმოდა, რატომ ვარსებობდი. ეს წამალი, თითქოს, სულს გწოვს. არ ჭამ, არ სვამ, არ გიხარია, არ გინდა მეგობრებთან ერთად გასვლა, არ გინდა ზღვაში ბანაობა..." - იხსენებს თეონას ქალიშვილი.
მას შემდეგ, რაც ოზემპიკის მიღება შეწყვიტა, 30 კილოგრამი მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს ექსტრემალურად წონის კლებაში ხელი არავინ შეუშალა, თეონას შვილი ამბობს, რომ ეს მისი პირადი პასუხისმგებლობაა და არავის ადანაშაულებს.
კონტრიძისა და მისი შვილის აღიარებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავმა ადამიანმა ისინი გულწრფელობისათვის შეაქო.