არც სითბო, არც სიყვარული მე არ მქონია... მერე ეს სითბო სხვასთან ვიპოვე... ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ანა ლაშხელი ონიანის ჩანახატს "ვირტუალური დედა", რომელიც უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ქალის შვილის განცდებს და ზოგადად ამ თემას მხატვრულად აღწერდა, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა, მათ შორის ისინიც, ვინც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთ არის წასული, საყვედური გამოხატა გოგონას ემოციებისადმი და უმადურობაშიც დასდო ბრალი, სხვები კი იმას აღნიშნავდნენ, რომ ეს ამბავი მართლაც ძალიან რეალურია და ისიც ფაქტია, რომ ასეთი დედების შვილებს მთავარი აკლდებათ - დედის სიყვარული და გვერდით ყოფნა, რაც წლების მერე, ყოველგვარ ფუფუნებას ურჩევნიათ. ქალების დიდმა ნაწილმა კი გულისტკივილით აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს უუნარობასთან და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან ერთად, კაცების დაუძლურების და უსუსურების შედეგია, რომლებიც ცოლებს ამ ნაბიჯს ადგმევინებენ... ყველა მხარე თავისებურად მართალია და ყველას თავისი გულისტკივილი და თავისი მიზეზი აქვს, თუ რატომ მოიქცა ასე. თამთა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წერილს გამოეხმაურა. ეს გოგონაც, ისე, როგორც ბევრი სხვა ქართველი ბავშვი, უდედოდ გაუზარდა - დედამ წლების წინ უცხოეთში გამგზავრება გადაწყვიტა ქმარ-შვილის სარჩენად.
"რამდენი ცრემლი დამიღვრია, დეე, შენს ნატვრაში... დაბადების დღეზე საჩუქრად გამოგზავნილი დათუნია ისე გავცვითე ფერებით და ღამე ლოგინში ჩახუტებით, ვეღარც გაარჩევ, რა ცხოველი იყო თავის დროზე... პატარა არ ვიყავი, რომ წახვედი, მაგრამ არც დიდი... ზუსტად მაშინ მოგიხდა წასვლა, მე რომ მჭირდებოდი, მე რომ საკუთარ თავში დამოუკიდებელი ადამიანი უნდა მეპოვა და საკუთარ თავში ქალი დამენახა... ზუსტად მაშინ წახვედი, პირველი სიყვარული, რომ მეწვია და არავინ მყავდა გვერდით, ვისაც ამაზე დაველაპრაკებოდი... ვერც მამა და ვერც ძმები მე ამას ვერ გამიგებდნენ და როცა შეიტყვეს, ვერც გამიგეს...
ჩემი თანატოლები რომ სარკესთან იპრანჭებოდნენ, მე ცომს ვზელდი პურის გამოსაცხობად... სხვები რომ საყვარელ სერიალებს უყურებდნენ, მე ვახშამს ვამზადებდი ტყიდან მოსული მამის დასახვედრად... სხვებს რომ ეძინათ, მე ვმეცადინეობდი...
არც სითბო, არც სიყვარული მე არ მქონია... მერე ეს სითბო სხვასთან ვიპოვე... მეც მცოდნია სიყვარულის გამოხატვა...
ჰოდა წავედი, ისე წავედი, რომ შენ არც გაგიგია. არც კი იცოდი, მე ვინ ვიყავი, როგორი გავიზარდე, რა მიყვარდა და რა მომწონდა... არც არავინ იცოდა...
ვინც იცის, ახლა ის ჩემს გვერდითაა და ჩვენ საერთო შვილი გვყავს... ახლა მეც მყავს პატარა პრინცესა და ზუსტად ვიც,ი რა უნდა მივცე ჩემს შვილს, როგორც დედამ...
მიყვარხარ, ჩემო დედიკო, ვიცი, რომ წასვლა სიღარიბემ გაიძულა, მე არ გიბრაზდები, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის... მიყვარხარ ჩემო დედიკო...
თამთა"