ამ ამბავმა წლების წინ მსოფლიო შეძრა და უამრავი მშობელი, პედაგოგი, ფსიქოლოგი და კრიმინალისტი დააფიქრა...
სავაჭრო ცენტრის სამეთვალყურეო კამერით გადაღებული ამ კადრების დათვალიერებისას ისე ჩანს, თითქოს ორ უფროს ძმას უმცროსი საყიდლებზე მიჰყავს.

კადრები 1993 წლის 12 თებერვალს ბრიტანეთშია გადაღებული, მაგრამ ახლაც, 30 წლის შემდეგ, ეს ფოტო საშინელებას აღძრავს იმ ადამიანებში, რომლებმაც ამ ფოტოს ისტორია იციან...
ჯონ ვენეიბლსი და რობერტ ტომპსონი, რომლებსაც პატარა ჯეიმს ბალგერი ხელჩაკიდებული მიჰყავდათ, უამრავმა ადამიანმა დაინახა როგორც სავაჭრო ცენტრში, ასევე სადგურთან ახლოს. თვითმხილველების თქმით, ჯეიმსი შეშინებული ჩანდა, ზოგიერთმა კი შენიშნა, რომ ჯონი და რობერტი ბავშვს უბიძგებდნენ და ეჯაჯგურებოდნენ. თუმცა არავინ ჩარეულა. ასევე აღარავის უნახავს ცოცხალი ორი წლის ჯეიმს ბალგერი...

ჯონმა და რობერტმა პატარა ჯეიმსი 12 თებერვალს ნაშუადღევს უოლტონში მდებარე სავაჭრო ცენტრში ნახეს. ბიჭები ერთად აცდენდნენ სკოლას და მაღაზიებში დახეტიალობდნენ წვრილმანების მოსაპარად.
სამი ათეული წლის შემდეგაც კი დაუდგენელი მიზეზით, ჯონმა და რობერტმა ბავშვის მოპარვა გადაწყვიტეს. ვისი იდეა იყო, გაუგებარი დარჩა, რადგან დაკავების შემდეგ ყველაფერში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
ჯეიმსი არ იყო პირველი ბავშვი, რომლის გატაცება სცადეს. მანამდე კინაღამ ორი სხვა ბავშვი გახდა მათი მსხვერპლი. იმ ბავშვების დედამ შეამჩნია ორი საშუალო მოზარდი, რომლებიც მისი შვილების ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ სამი წლის გოგონა და ორი წლის ბიჭი მხედველობის არედან გაუჩინარდნენ.ქალმა სწრაფად იპოვა ქალიშვილი, თუმცა ვაჟი არ ჩანდა. როდესაც გოგონას ჰკითხა, სად იყო მისი ძმა, უპასუხა, რომ "ის ბიჭთან ერთად გავიდა გარეთ". შეშფოთებულმა დედამ დაიწყო შვილის მოხმობა და გარეთ გავარდა , სადაც დაინახა ვენეიბლსი და ტომპსონი, რომლებიც მის შვილს ესაუბრებოდნენ. როდესაც ვენეიბლსმა ბავშვის დედა შენიშნა, ის და ტომპსონი სწრაფად გაიქცნენ. ამ ბავშვს ძალიან გაუმართლა, ჯეიმსისგან განსხვავებით...
ბიჭები ტკბილეულის დახლის ირგვლივ ტრიალებდნენ, როცა იქვე ახლოს მდგარი ჯეიმსი შენიშნეს. როგორც კი ჯეიმსის დედა, დენიზი, წამიერად მოდუნდა და ყურადღება ვაჭრობაზე გადაიტანა, ჯონ ვენეიბლსმა ჯეიმსი ხელში აიყვანა და წაიყვანა.
სანამ დენიზმა შენიშნა, რომ მისი შვილი დაკარგული იყო, ბიჭებმა იმ დროისთვის სავაჭრო ცენტრიდან გასვლა მოახერხეს. ქალი მაშინვე დაუკავშირდა სავაჭრო ცენტრის დაცვას, აუხსნა. როგორ გამოიყურებოდა ბიჭუნა და რა ეცვა. მაგრამ ჯეიმსის კვალი არ ჩანდა...
როგორც კი ბავშვები საკმარისად დაშორდნენ სავაჭრო ცენტრს, ჯეიმსმა ტირილი დაიწყო და დედას ეძახდა. ბიჭები ყურადღებას არ აქცევდნენ და მიარბენინებდნენ. ბავშვის ტირილით თავმობეზრებულმა ვენეიბლსმა ბიჭს ხელი კრა. პატარა დაეცა და თავი დაარტყა. გამვლელმა ქალმა ყველაფერი დაინახა, მაგრამ არ ჩარეულა...
ჯეიმსს თავზე კაპიუშონი გადაახურეს - ბიჭს შუბლზე ნაიარევი და ნაკაწრები ეტყობოდა - და სვლას აგრძელებდნენ. გაიარეს საკმაოდ დატვირთული ქუჩა. მთელ ამ ამბავში შემზარავია არამარტო მომხდარი ფაქტი, არამედ ადამიანური გულგრილობა: უამრავმა მოწმემ დაადასტურა, რომ დაინახეს, როგორ ჩაარტყა ვენეიბლსმა ჯეიმსს, რათა გაეჩუმებინა, მაგრამ არავინ ჩაერია.
ერთი-ორჯერ სცადეს მათი შეჩერება - ხანშიშესულმა ქალმა ჰკითხა, რატომ ტიროდა ბავშვი, რაზეც ბიჭებმა უთხრეს, რომ დაკარგული იყო და პოლიციის განყოფილებაში მიჰყავდათ. კიდევ ერთმა ქალმა თავად მოისურვა ჯეიმსის წაყვანა, მაგრამ ბავშვებმა მოახერხეს თავის დაღწევა და ბავშვიც გაიყოლეს.
როგორც კი ხალხის თვალს მოეფარნენ, ვენეიბლსმა და ტომპსონმა ჯეიმსის დამცირება და წამება დაიწყეს. მაღაზიიდან მოპარული საღებავი შეასხეს თვალებში და შემდეგ ცემა დაუწყეს.
ეს მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა: ბავშვს წიხლები ურტყეს, ქვები და აგურები დაუშინეს... მოგვიანებით წამების სხვა, უფრო შემზარავი დეტალებიც გაამხილეს...საბოლოოდ კი იქვე იპოვეს მძიმე რკინის ჯოხი, რომლითაც ჯეიმსს თავში ურტყამდნენ. მოგვიანებით, პოლიციამ ბავშვს სახის, თავისა და სხეულის 42 დაზიანება დაუფიქსირა. ჯეიმსი იმდენად მძიმედ სცემეს, სასამართლო ექსპერტებმა ვერ დაადგინეს, კონკრეტულად რა დაზიანებებმა გამოიწვია მისი სიკვდილი.
როცა ბიჭებმა შეამჩნიეს, რომ ჯეიმსი აღარ მოძრაობდა, ცხედარი რკინიგზის ლიანდაგზე დადეს. იმედოვნებდნენ, რომ ბავშვის სიკვდილი შემთხვევითობას დაბრალდებოდა და დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ...
ბავშვის გაუჩინარებაში პირველი ეჭვმიტანილები მისი მშობლები იყვნენ. მაგრამ სათვალთვალო კამერის კადრებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა - მასზე ნაჩვენები იყო ორი ბავშვი, რომლებსაც ბიჭუნა სავაჭრო ცენტრიდან გაჰყავდა.
რალფი, ჯეიმსის მამა, თავიდან დამშვიდდა, როცა გაიგო, რომ ბიჭი სხვა ბავშვებს გაჰყვა. "ის კარგად იქნება, დენიზ, - ვეუბნებოდი ჩემს მეუღლეს. ბავშვებთანაა და კარგად იქნება-მეთქი." - იხსენებდა ჯეიმსის მამა. ბიჭუნას ცხედარი ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ის ბავშვებმა იპოვეს, რომლებიც იქვე თამაშობდნენ - პოლიციის განყოფილებიდან სულ რაღაც 180 მეტრში.
პოლიციამ თითქმის მაშინვე იპოვა ყველა ის ნივთი, რომლითაც ბავშვი აწამეს - რკინის ჯოხი, ქვები და აგური. ყველა მათგანი ჯეიმსის სისხლით იყო დაფარული. იქვე ახლოს ლურჯი საღებავის ქილაც ეგდო.
გამომძიებლებმა იცოდნენ, რომ ჯეიმსის მკვლელები ბავშვები იყვნენ, ამიტომ მათ ჯერ მიმდებარე სკოლების შემოწმება დაიწყეს, რათა გაეგოთ, ვინ არ იყო იმ დღეს. მაგრამ ეს არ დაეხმარა მათ... ერთ დღესაც პოლიციაში ანონიმური ზარი გაისმა და ადამიანმა, რომელმაც უარი თქვა ვინაობის დასახელებაზე, აცნობა ჯონ ვენეიბლსის და რობერტ ტომპსონის შესაძლო მონაწილეობა ჯეიმს ბალგერის მკვლელობაში.
პოლიციამ გადაამოწმა მიღებული ინფორმაცია და თითქმის მაშინვე მიიღო მტკიცებულება - ჯეიმსის სისხლი ტომპსონის ჩექმებზე, ხოლო ლურჯი საღებავი ვენეიბლსის ქურთუკზე.
მიუხედავად ყველა მტკიცებულებისა, პოლიციას გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ ჯეიმსი 10 წლის ბიჭებმა მოკლეს. კამერის კადრებში ბიჭები 13-14 წლისებს უფრო ჰგავდნენ და არა 10-ისას, როგორც ვენეიბლსი და ტომპსონი.
თუმცა ბავშვებმა თავი მაშინვე გასცეს - დაკითხვისას ჯერ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ყველაფერში, შემდეგ კი ჯონ ვენეიბლსმა აღიარა. ”მე ის მოვკალი... დედას ეტყვი, რომ მართლა ვწუხვარ?” - თქვა მან ერთ-ერთი ჩვენების მიცემისას.
მისგან განსხვავებით, ტომპსონი ასე სწრაფად არ აპირებდა დანებებას. ფილ რობერტსი, რომელიც აწარმოებდა საქმეს, იხსენებდა, რომ ბიჭი "სრულიად უარყოფდა ყველაფერს". მან თავი შემთხვევით გასცა და დეტალურად უამბო, რა ეცვა ჯეიმსს. მაგრამ ამის მიუხედავად, ათი წლის ტომპსონი აბსოლუტურად მშვიდად იყო მთელი გამოძიების განმავლობაში. ჟურნალისტებმა მას მეტსახელიც შეარქვეს - "ბიჭი, რომელიც არ ტირის".
სასამართლო პროცესზეც ზუსტად ასე მოიქცა, რამაც პრესას და ხალხს საფუძველი მისცა ეფიქრათ, რომ ის იყო მკვლელობის ინიციატორი. თუმცა ვერც ფსიქიატრებმა და ვერც ხელისუფლებამ ვერ გაიგეს ბიჭების მოტივები.
ორივე გაასამართლეს და ბრიტანეთში ბოლო 250 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა დამნაშავეები გახდნენ. მათ რვა წელი მიესაჯათ. სასჯელი18 წლამდე უნდა მოეხადათ, რის შემდეგაც სასამართლო მათ საქმეს განიხილავდა და გადაწყვეტდა, სახიფათონი იყვნენ თუ არა საზოგადოებისთვის. ვენეიბლსი და ტომპსონი 2001 წელს გაათავისუფლეს.
ამბავი ამით არ დასრულებულა. ორივე მათგანს საბუთები შეუცვალეს, რათა თავიდან აეცილებინათ დევნა და შურისძიება. ამის მიუხედავად, ჯეიმსის მამამ 2004 წელს ტომპსონის პოვნაც მოახერხა და შვილის მკვლელს პირისპირ შეხვდა, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებია.
მას შემდეგ რობერტ ტომპსონისგან არავის არაფერი სმენია – მან, ალბათ, მოახერხა საზოგადოებაში ასიმილაცია და ახალი ცხოვრების დაწყება.
იგივეს ვერ ვიტყვით ვენეიბლსზე: 2010 წელს ის ბავშვთა პორნოგრაფიისთვის გაასამართლეს. მან ციხეში სამი წელი გაატარა და 2013 წელს პირობით გაათავისუფლეს. ჯეიმსის მამამ, რალფმა, იმ დროს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ მისი შვილის მკვლელები ციხეში უნდა იყვნენ.
ვენეიბლსი 2017 წელს კვლავ გაასამართლეს: ამჯერად პოლიციამ მის კომპიუტერში ბავშვთა პორნოგრაფიის ფოტოები იპოვა, ასევე სახელმძღვანელო პედოფილებისთვის დეტალური ინსტრუქციებით.
2023 წლის სექტემბერში ვენეიბლსი კვლავ გამოჩნდა: მან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება მოითხოვა. ჯეიმსის მშობლები და ოჯახი შეშინებულები იყვნენ და კიდევ ერთხელ გააკეთეს განცხადება, რომ ისეთი საშიში კრიმინალი, როგორიც ჯონ ვენეიბლსი იყო, ციხეში უნდა მჯდარიყო. ამჯერად სასამართლომ მათი მხარე დაიჭირა - 2023 წლის 13 დეკემბერს მისი ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან ის საზოგადოებისთვის სახიფათოდ მიიჩნიეს.