სად მოეწყობა წელს თბილისში "საახალწლო სოფელი" და რა აქტივობებია დაგეგმილი პატარებისთვის - მშობლები

სად მოეწყობა წელს თბილისში "საახალწლო სოფელი" და რა აქტივობებია დაგეგმილი პატარებისთვის

2024-12-20 11:24:53+04:00

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ "საახალწლო სოფელი" 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს.

კახა კალაძის თქმით, 21 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება "საახალწლო სოფელი", სადაც უამრავი ღონისძიება გაიმართება.

"საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება. განთავსდება დეკორაცია/ინსტალაციები, ნაძვის ხეები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, საახალწლო მატარებელი, თოვლის ბაბუას-სანტას სახლი და სახელოსნო, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად, ასევე ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით; მოეწყობა ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა წელს.

რაც შეეხება აქტივობებს, როგორც გითხარით, გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საბავშვო-გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მსვლელობა. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი, თბილისის საშობაო ბაზარი, რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა", - განაცხადა კახა კალაძემ.