უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც მოიმატებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განგვიცხადა:
- 27 დეკემბრამდე როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა საკმაოდ მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ +20 გრადუსამდე დათბება. მერე ცოტა დაიკლებს, თუმცა, 28 დეკემბრამდე სითბო შენარჩუნდება. დღის ტემპერატურა +15, +20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. მთაში +9, +14, მაღალ მთაში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. ღამის ტემპერატურა 27 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, მთაში -3, +2, მაღალ მთაში -6, -1.
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ბარში ღამის ტემპერატურა -3, +2 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დღისით +6, +11. მთაში ღამით -7, -2, დღისით +5, +10, მაღალ მთაში ღამით -8, -3, დღისით 0, +5 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.
28 დეკემბერს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ნალექია მოსალოდნელი. დაბლობში წვიმის სახით, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლი.
თბილისში 27 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 28 დეკემბერს კი წვიმაა ნავარაუდევი. ღამის საათებში ყინვა მოსალოდნელი არ არის. დღის ტემპერატურა +10, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება. 28-29 დეკემბერს კი +6, +7 გრადუსამდე დაიკლებს.