მომღერალი ქეთი თოფურია პოდკასტს - "ფულისთვის" სტუმრობდა და ვრცლად ისაუბრა ფულთან მის დამოკიდებულებაზე, ყველაზე ძვირად ღირებულ ნივთებზე და საჩუქრებზე. წამყვანებმა აღნიშნეს, რომ ქეთი პირველი ქალია, რომელიც ამ გადაცემაში სტუმრად მიიწვიეს.
"ჩემი ოჯახი არ იყო ღარიბი. გვქონდა პერიოდი, როცა შედარებით ნაკლებად გვილხინდა, რამდენიმე დღე ფული არ გვქონდა, მაგრამ ყოველთვის გვესმოდა და ვიცოდით, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ფული ისევ გვექნებოდა. არც საკვების პრობლემა გვქონდ, არც ტანსაცმელი მაკლდა და არც ის, რაც მომინდებოდა... როცა არ გვქონდა რაღაც პერიოდი, მაღაზიაში შევდიოდი და "ნისიად" გამომქონდა პროდუქტები. განსაკუთრებით ბევრი - ტკბილეული, რადგან მიყვარდა სხვა ბავშვების გამასპინძლება. ერთხელ მახსოვს, ბავშვები ვიყავით ერთად, მამა მოვიდა და ასდოლარიანი გამომიწოდა, წადით, კევები იყიდეთო. ყველა გაოცებული იყო..."
გაიხსენა გაჭირვების წლები თბილისში, ნავთის ქურა, უშუქობა. ასევე გაიხსენა, როგორ იშოვა პირველი საკუთარი ფული ბავშვობაში:
"ერთხელ გავიგე, რომ ბოთლების და გაზეთების ჩაბარებით შეიძლებოდა ფულის შოვნა. შევკრიბე უბნის ბავშვები, შევაგროვეთ მეზობლებში ბოთლები, გაზეთები, მოგვცეს პირველი ფული. წავედით, ვიყიდეთ ტკბილეული და მინდოდა, დედისთვისაც რაღაც მეყიდა... წინა დღეს დედას ლარნაკი გავუტეხე და მახსოვდა, რომ დაგვწყდა ორივეს გული და არც წებო გვქონდა, რომ გაგვემთელებინა. შევედი მაღაზიაში და ვიყიდე წებო "მომენტი". მივიტანე წებო გახარებულმა და დედას მივეცი.
მეორე დღეს კი უბანში დავჯექი და შეგროვებული გაზეთების გაყიდვა დავიწყე. მაძლევდნენ ფულს ცოტ-ცოტას. მერე ერთი მოვიდა, ყველას ვიყიდიო და მე კი გამიხარდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მამაჩემის მეგობარი იყო...
ჩემი სიმღერით კი ალბათ 13 წლისამ მივიღე პირველი ჰონორარი საახალწლო კონცერტზე - 50 დოლარი. მეგობრები დავპატიჟე და პიცერიაში წავედით..."
ქეთიმ აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს სახლში ყოფნა, რადგან უნდა, ემოციურად იყოს სრულფასოვნად სამივე შვილთან. უმცროსი ბავშვი 3 თვისაა და სურს, მეტი დრო გაატაროს ბავშვებთან.
"ძიძებიც მყავს, ბებიაც მეხმარება, მაგრამ აუცილებელია ჩემი დიდი დროით შინ ყოფნა... სამი ძიძა მყავს, ცვლიან ერთმანეთს და 9 წელია ჩემთან არიან, სამივეს ვენდობი... მათ მხოლოდ ბავშვების აღზრდა ევალებათ, სახლს სხვა ალაგებს".
ქეთას თქმით, ყველაზე ძვირი საჩუქარი, რომელიც მიუღია, მანქანა Rolls-Royce-ია. მან აღნიშნა, რომ უხერხულადაა, როცა ფუფუნებაზე საუბრობს. "ოფლიც კი მასხამს".
ქმართან დაკავშირებით შეკითხვაზე აღნიშნა, რომ ბედნიერია მასთან ერთად და ხუთი წელია მათ იდეალური ურთიერთობა აქვთ. ისიც აღნიშნა, რომ უმჯობესია ყველა ურთიერთობაში, ქმარს მეტი შემოსავალი ჰქონდეს. ეს პირველ რიგში მამაკაცისთვის არის საჭირო.
ქმრის საჩუქრებიდან ქეთიმ გამოარჩია 158000-დოლარიანი საათი. ისიც აღნიშნა, რომ რაც უნდა, თავადაც ყიდულობს და ქმარს არ სთხოვს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ 20-ათასდოლარიანი ჩანთით გამოჩნდა ფოტოებზე.