მსახიობი ნინო ქორიძე, რომელიც ბოლო პერიოდში, დიდხნიანი შესვენების შემდეგ კინოს დაუბრუნდა და სერიალ "ცვალებად ნიშნებში" გამოჩნდა, სოციალურ ქსელში ახალგაზრდობის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, მისი პოპულარობის პიკი 1990-იან წლებში იყო, როცა ულამაზესი ნინო აქტიურად მოდელობდა და კინოროლებს ასრულებდა. ასევე, გატაცებული იყო მხატვრობით.
ნინოსთვის კინოსამყარო არ იყო უცხო, რადგან ნინოს მამა, კახა ქორიძე, ბევრისთვის ცნობილია "ღიმილის ბიჭებში" შესრულებული მთავარი როლით.
ნინო საკმაოდ ადრე გათხოვდა პირველად - 16 წლისა. მისი მეუღლე დათუნა კვირიკაძე იყო, რომელთანაც შეეძინა ვაჟი ირაკლი. ირაკლი დღეს შემდგარი და წარმატებული მსახიობია.
"16 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი და იმდენად წავედი პირადულისკენ, რომ ხატვას, პრაქტიკულად, თავი დავანებე. მაშინ ხშირი იყო მოტაცებები და მეც ერთ-ერთი მოტაცებული აღმოვჩნდი (იცინის). მართალია, მანქანაში ძალით არავის ჩავუტენივარ, გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ მოტყუებით აღმოვჩნდი ქალაქგარეთ. გარდატეხის ასაკის მერე, როდესაც უკვე აღარ ვთამაშობდი ბიჭებთან ფეხბურთს, დავსერიოზულდი და პრანჭვა დავიწყე, გავთხოვდი კიდეც. ჩემს დას, რომელიც ახლა 21 წლისაა, თექვსმეტის რომ გახდა და გავიაზრე, ზუსტად იმხელა ვიყავი, რომ გავთხოვდი, შოკში ჩავვარდი, გადავირიე – თურმე მთლად ბავშვი ვიყავი. ჩემი მეუღლე კი 18-ის იყო. ორ წელიწადში ერთმანეთს დავშორდით... პირველი ქმარი იყო დათო კვირიკაძე, „ბათურას“ ეძახდნენ. გვყავს ერთი შვილი, ირაკლი კვირიკაძე... ალბათ, ადრე გათხოვების ერთადერთი პლუსი სწორედ შვილია. თან ირაკლი მაღალი ბიჭია და, ვინც არ იცის, ყველას ჩემი ერთ-ერთი ძმა ჰგონია..."
ბევრი წლის შემდეგ, ნინო ცნობილ მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანზე დაქორწინდა. წყვილის ქორწილმა თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. გაცილებით დიდი ეფექტი ულამაზესი წყვილის ფოტოებმა მოახდინა საზოგადოებაზე. ყველამ აღნიშნა, რომ სიძე-პატარძალი ერთმანეთს არ ჩამოუვარდებოდა გარეგნობით.
წყვილმა ერთმანეთი სერიალის "გოგონა გარეუბნიდან" გადაღებებზე გაიცნო და მათი სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა. მოგვიანებით ნინო ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა ამ პერიოდს:
"როცა ჩემს ცხოვრებაში თორნიკე გამოჩნდა, სიყვარულის ან ოჯახის მოლოდინი საერთოდ არ მქონდა. როგორც წესი, ასეთ რაღაცებს ვერ დაგეგმავ. ჩვენი სიყვარული ძალიან სწრაფად განვითარდა, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შორის რაღაც აფეთქება მოხდა... გამორიცხულია, სიყვარულს მტერი არ ჰყავდეს და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. დღემდე არ ვიცი, ვიღაცებს ჩვენი ერთად ყოფნა რატომ არ უნდოდათ. ყველაფერი გადავლახეთ, დღეს კი ოჯახური ცხოვრება ძალიან ჰარმონიულია...
როცა ვთხოვდებოდი, ამბობდნენ, ძალიან ცუდია, როდესაც ქალი კაცზე უფროსიაო. წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ამის პლუს-მინუსები. ამის შემჩნევა ალბათ გვერდიდან უფრო შეიძლება. თორნიკე ჩემზე პატარა იქნება, დიდი თუ ჩემი ასაკის, რა მნიშვნელობა აქვს? ეს მთავარი არ არის. ჩვენ შორის ურთიერთობა შედგა, აღმოჩნდა, რომ თანამოაზრები ვართ და თანხვედრა მოხდა.ჩემთვის მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი, ირაკლი როგორ მიიღებდა თორნიკეს, მეტი არაფერი. თორნიკე და ირაკლი კარგად უგებენ ერთმანეთს, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.
ბედნიერი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია, ესაა ყველაფრის თავი და თავი. ვინ როგორ აღიქვამს სიყვარულს და რას დაარქმევს, ეს უკვე ინდივიდუალურია. ყველას თავისი სიყვარული ყველაზე მაგარი ჰგონია".
წყვილს ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავს - ნატალია, რომელიც, სერიალ "ხელოვნური სუნთქვის" პირველ სეზონში თორნიკეს ქალიშვილის როლს ასრულებდა.
ნინო კვლავ შესანიშნავ ფორმაშია და, როგორც აღინიშნა, კინოსაც დაუბრუნდა, სადაც შვილთან ერთად თამაშობს.