ამ საოცარი ამბის შესახებ გადაღებული ფილმი უამრავმა ადამიანმა ნახა და ბევრმაც იტირა. დღეს სარუ ბრაიერლი ავსტრალიაში ცხოვრობს და ბიზნესმენია. მისი განსაცდელებით სავსე ბიოგრაფია სულ თან სდევს...
სარუ ბრაიერლი (ნამდვილი სახელი შერუ მუნში ხანი) ინდოეთში, განეშ ტალაიში, მადჰია-პრადეში დაიბადა. ბიჭი პატარა იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა. ამიტომაც, მისი აღზრდა დედას უწევდა. მომავალ ბიზნესმენს სხვა და-ძმებიც ჰყავდა. დედა მთელი ძალით ცდილობდა, ბევრი ემუშავა და შვილები ერჩინა, მაგრამ მათი კვებისა და განათლებისთვის საკმარისი ფული მაინც არ ჰქონდა.
შესაძლოა, წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს, მაგრამ როდესაც სარუ 5 წლის იყო, ის და მისი უფროსი ძმები - გუდუ და კალუ ვაგონებს წმენდდნენ და ფულს ასე შოულობდნენ. ერთ დღეს გუდუ ბურჰანპურში წავიდა სამუშაოდ. ეს ადგილი მათი სახლისგან საკმაოდ შორს იყო. პატარა სარუმაც სთხოვა, რომ მასთან ერთად წავიდოდა. სადგურზე რომ მივიდნენ, სარუ ძალიან დაღლილი იყო. ძმამ სკამზე დასვა, უთხრა, რომ რაღაცას მოაგვარებდა და უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ გუდუ აღარ დაბრუნებულა...
მრავალი წლის შემდეგ სარუმ გაიგო, რომ იმ დღეს მისი ძმა მატარებელმა გაიტანა და განზრახ არ მიუტოვებია...
ბაქანზე დარჩენილი 5 წლის სარუ კი ტიროდა, ნერვიულობდა და ძმას ამაოდ ელოდებოდა. რომ აღარ გამოჩნდა, სატვირთო მატარებლისცარიელ ვაგონში შევიდა. ბიჭს ვაგონში დაეძინა და როცა გაიღვიძა, სრულიად უცნობ ქალაქში აღმოჩნდა... ბიჭს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სახლიდან 1500 კილომეტრში იმყოფებოდა. იმავე მატარებელს სარუ უკან გაჰყვა, სახლის ძიებაში, მაგრამ ამაოდ. ბავშვი ორი კვირა რკინიგზის სადგურზე ისე ცხოვრობდა, ყურადღება არავის მიუქცევია - სადგურის სკამებზე ეძინა, ნაგავში იქექებოდა და საკვებს ეძებდა. ქუჩაში ცხოვრების საშინელ გამოცდილებაზე და მისი თანატოლების მწარე ხვედრზე ინდოეთის ქუჩებში, შემდეგ მან არაერთხელ ისაუბრა. სარუს გაუმართლა, რომ იქ გადარჩა...
მოგვიანებით გაირკვა, რომ სარუს ბიოლოგიური დედა, კამლა, სასოწარკვეთილი ეძებდა შვილს, მატარებლით სხვადასხვა ქალაქში დადიოდა და მისი დაბრუნებისთვის ლოცულობდა, მაგრამ მან შვილის კვალს ვერ მიაგნო...
ერთ დღესაც ბავშვი რკინიგზის თანამშრომლებმა შენიშნეს და მისი შეფარება გადაწყვიტეს. თუმცა, სარუ მიხვდა, რომ ისინი მისი ახლობელი ადამიანები არ იყვნენ და გაიქცა. ბავშვი ქუჩაში ერთ-ერთმა მამაკაცმა შეაჩერა და პოლიციას გადასცა. პოლიციამ კი ბავშვთა სახლში წაიყვანა. ბავშვთა სახლში მისი ოჯახის პოვნას ცდილობდნენ, მაგრამ ბავშვმა ვერც საცხოვრებელი ქალაქის მისამართი დაასახელა და ვერც რაიმე ისეთი დეტალი, რაც ოჯახს აპოვნინებდა. მალევე ის ოფიციალურად დაკარგულად გამოცხადდა. შემდეგ კი ავსტრალიის ქალაქ ჰობარტში მცხოვრებმა ოჯახმა მისი შვილად აყვანა გადაწყვიტა.
სარუ ავსტრალიაში გაიზარდა. მალევე მშობლიური ენაც დაავიწყდა და ინგლისური ისწავლა. მშვილებელმა ოჯახმა მას ბედნიერი ბავშვობა აჩუქა და განვითარების შესაძლებლობა მისცა. თუმცა, სარუს რკინიგზის სადგური, დაკარგვის ამბები ბუნდოვნად ახსოვდა და კოშმარებად ხედავდა.
რომ წამოიზარდა, მიზნად დაისახა ოჯახის პოვნა. თვეების განმავლობაში ცდილობდა, გაეხსენებინა, რომელი სადგურიდან დაიკარგა და სად ცხოვრობდნენ მისი ნათესავები. ძალიან ბევრი იწვალა, შეისწავლა რკინიგზის სადგურები, ცდილობდა, ფოტოების საშუალებით მაინც აღედგინა, იყენებდა Google Maps-ს და 2012 წელს მიზანს საბოლოოდ მიაღწია.
მას მერე, რაც პროვინციის სახელი გაარკვია, 2012 წელს ხანდვაში იმოგზაურა და მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყო, ხომ არ ჰქონდათ იმ ოჯახის შესახებ ინფორმაცია, რომელმაც 25 წლის წინ შვილი დაკარგა. ხალხს ბავშვობის ფოტოებიც აჩვენა და საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სარუ ბიოლოგიურ დედასთან წაიყვანეს.
შეხვედრა ძალიან ემოციური აღმოჩნდა. სარუმ გაიგო, რომ მისი და - შეკილუ სკოლის მასწავლებელი გახდა, ძმა - კალუ კი ქარხნის მენეჯერი. როდესაც, სარუ და გუდუ გაუჩინარდნენ, დედა მათ პოვნას მთელი ძალებით ცდილობდა, ამიტომ დედა-შვილის გაერთიანების ამბავს როგორც ინდურ, ისე საერთაშორისო მედიაში გამოეხმაურნენ.
მამაკაცმა ავტობიოგრაფია "ხანგრძლივი გზა სახლისკენ" დაწერა. წიგნი 2013 წელს ავსტრალიაში გამოიცა, 2014 წელს კი მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული. 2016 წელს სარუ ბრაიერლის ისტორიის შესახებ ფილმი "ლომი" გადაიღეს, რომელსაც ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფილმში სარუს როლს დევ პატელი და სანი პავარი ასრულებენ, ჯონ და სიუ ბრაიერლის როლებში კი დევიდ ვენჰემი და ნიკოლ კიდმანი არიან.
ახლა სარუ წარმატებული ბიზნესმენია. მისი წიგნი კი ბესტსელერი გახდა. ორივე ოჯახთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მის საოცარ ისტორიას დღემდე იხსენებენ.