ბევრჯერ მიფიქრია, მე თვითონ დამეწყო ჩემი ბიოლოგიური შვილის მოძებნა, მაგრამ რომ ვაანალიზებ ყველაფერს, მერე ისევ ვჩერდები, ვხვდები, ამდენი წლის შემდეგაც არ ვარ ამისთვის მზად. ამდენი წლის მერეც ვცდილობ გავამართლო ჩემი თუ ჩემი ოჯახის გადადგმული ნაბიჯი. ზოგჯერ ვბრაზდები, ზოგჯერ ვამბობ სხვა გზა არ იყო-მეთქი. ზოგჯერ ვფიქრობ, ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. ძნელია, როცა სულ შიშით გიწევს ცხოვრება და არ იცი, რა იქნება ხვალ.
მინდა ჩემი ისტორია გიამბოთ, ოღონდ ერთს გთხოვთ, ამ სტატიის ქვეშ უარყოფით კომენტარებს ნუ დაწერთ, ეს არის ერთი ჩვეულებრივი გოგონას ამბავი, რომელიც ძალიან განიცდის მომხდარს და რომელსაც სინდისი აწუხებს.
მას შემდეგ, რაც ამდენ ამბავს ვისმენ, საერთოდ მოსვენება დავკარგე. ვხვდები იმასაც, რომ ეს მარტო მე არ ჩამიდენია და ჩემსავით ბევრი გოგონა აიძულეს გაეშვილებინა თავისი პატარა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი სისუსტის ბრალი იყო. იმ საზოგადოების ბრალი იყო, რომელ საზოგადოებაშიც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ", - გვიამბობს ატირებული ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ თავისი ემოციები და ჩვილის გასხვისების საოცარი ისტორია გაგვიზიარა.
- გვიამბეთ თქვენზე.
- ცოტა შორიდან დავიწყებ. გავიზარდე ტრადიციულ ქართულ ოჯახში, სამი და ვართ და მშობლები მზრუნველობას არ მაკლებდნენ. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და რომ დავამთავრე, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. მშობლებმა ბინა დამიქირავეს, მაშინ ეკონომიკურად ძალიან ჭირდა და ჩემთან ერთად ბინაში ჩემი თანაკურსელი გოგო ცხოვრობდა. ჩვენ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. რადგან ბინის ცალკე დაქირავების საშუალება არც მის მშობლებს ჰქონდათ, ერთად ვიქირავეთ და თანხასაც ვიყოფდით.
მშობლები იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. ეს გოგოც იმერელი იყო, ჩვენს მშობლებს საერთო ნაცნობებიც აღმოაჩნდათ და მშვიდად იყვნენ. სოფლის პროდუქტებს გვიგზავნიდნენ და ძირითადად, ამით გაგვქონდა თავი, მაშინ ფულის შოვნა იოლი არ იყო. საბურთალოზე, კერძო სახლში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, კიდევ რამდენიმე ოთახი იყო გაქირავებული და იქაც სტუდენტები იყვნენ.
რამდენიმე ადამიანმა იცის ეს ამბავი და შეიძლება ამოიცნოს კიდეც ჩემი ისტორია, მაგრამ ესეც აღარ არის უკვე პრობლემა, მინდა ეს განცდები, რაც სულს მიფორიაქებს, გიამბოთ.
ამ ნაქირავებ ბინაში ყოფნის დროს გავიცანით ბიჭი, რომელიც იმავე ეზოში ცხოვრობდა. ისიც სტუდენტი იყო, რაიონიდან იყო ჩამოსული. დედამისი ვაგზალზე ვაჭრობდა და სახლში ღამით მოდიოდა. ისიც კარგად მიცნობდა. დავუახლოვდით ერთმანეთს და შემიყვარდა. ბიჭი ცოლობას მპირდებოდა, მეგონა მასაც ძალიან ვუყვარდი.
მეოთხე კურსზე ვიყავი, მისგან ფეხმძიმედ რომ დავრჩი.
მერე გავიგე, რომ მისი ოჯახი ჩვენი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, განსაკუთრებით დედამისი.
შეყვარებულმა რომ გაიგო, ორსულად ვიყავი, სერიოზულად ვიჩხუბეთ, აბორტის გაკეთება მომთხოვა, ამის გამო დავშორდით ერთმანეთს.
ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი, ისე განვიცადე ეს ამბავი, არაფრის გაგონება და მოსმენა არ მინდოდა. დედამისმა სასწრაფოდ დააცლევინა ის ნაქირავები ბინა და სხვაგან გადავიდნენ. ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი მისი ქცევებით, ვიჯექი სახლში და ვტიროდი. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ვერც სახლში, ჩემებთან ვამბობდი ამ ამბავს, რადგან ვიცოდი, ჩემი ოჯახი ამ ფაქტს არ შეეგუებოდა და დიდი კონფლიქტები მელოდა წინ.
როცა დავრწმუნდი, ის ბიჭი არ დაბრუნდებოდა, ბავშვის მოშორებაზე ბევრჯერ მეც ვიფიქრე, მაგრამ ვერც ეს გადაწყვეტილება მივიღე. ამ ყველაფრის მიუხედავად, ისე მიყვარდა, გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ ისევ გამოჩნდებოდა და შევურიგდებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა, მაშინ არც მობილური ტელეფონები იყო, მოკლედ არ მქონია მასთან კავშირი.
კარგა ხანს ჩემს მეგობარ გოგოსაც არ ვეუბნებოდი ფეხმძიმობის ამბავს. მესამე თვეში ვიყავი რომ ვუთხარი და მანაც ძალიან ინერვიულა, დამპირდა, რომ მოძებნიდა ამ ბიჭს და თვითონ დაელაპარაკებოდა, მამშვიდებდა, რომ ის არ დამტოვებდა და ცოლად მომიყვანდა. იმ წელს ამთავრებდა სწავლას ის ბიჭი. ჩემმა მეგობარმა ჯერ დედამისი გამოძებნა ბაზარში და მას უამბო, თუ როგორ განვიცდიდი ამ ამბავს. მეორე დღეს, ეს ქალი ბინაში მოვიდა, მოითხოვდა გავყოლოდი და აბორტს გამიკეთებდა, მაგრამ ვერ დამიყოლია.
მერე მაგიდაზე დამიდო ფული და მითხრა, ასე ჯობია შენთვის, შვილიანად გათხოვება უფრო გაგიჭირდებაო. ისიც კატეგორიულად თქვა, ჩემი შვილი პასუხისმგებლობას ვერ აიღებსო. მაშინ სახლიდან გავაგდე, სახეში მივაყარე ის ფულიც. არაფრის გაგონება არ მინდოდა.
მერე ვიღაც ნათესავი მოაგზავნა, ისიც აბორტის გაკეთებას მთხოვდა, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი. ვინ იცის, რამდენი ცრემლი დამიღვრია. სახლიდანაც გავიქეცი, ძალიან დასტრესილი ვიყავი, არაფრის გაგონება არ მინდოდა, არც ჩემს მეგობარ გოგონას ვიკარებდი ახლოს. რომ გავაანალიზე ყველაფერი, მერე გადავწყვიტე, როგორმე ნაყოფი მომეცილებინა, ორ ადგილას მივედი, მაგრამ უარი მითხრეს, ნაყოფი დიდიაო. ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა. ვეუბნებოდი, ხელს მოგიწერთ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს. მზად ვიყავი მომკვდარიყავი, ოღონდ მომეცილებინა.