რაზეა დამოკიდებული მომავალი ბავშვის სქესი და შესაძლებელია თუ არა სქესის წინასწარ გამოთვლა
სქესის გამოთვლა არც ისე ეთიკურია, მით უფრო იმ ფონზე, რომ ბევრ ქვეყანაში შერჩევითი აბორტის ფენომენი არსებობს და მშობლები სქესის მიხედვით წყვეტენ, გააჩინონ თუ არა შვილი. ამის მიუხედავად, ძალიან ბევრ წყვილს აქვს სურვილი, წინასწარ დაგეგმოს ბავშვის სქესი და ხშირად ეძებს ამ საკითხის გადაჭრის გზებს. როცა ინტერესი დიდია, მითები და რეალობაც ერთმანეთში ირევა. ზოგი ფიქრობს, რომ ბიჭებს ე.წ. „აქტიური ქალები“ აჩენენ, ზოგი ამას კვირის კონკრეტულ დღეებში განაყოფიერებას უკავშირებს, ზოგიერთი მოსაზრებით კი მცირეწონიან ქალებს უჩნდებათ ყველაზე ხშირად ბიჭი.
ცნობილი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი კიდევ ერთ გავრცელებულ მითზე საუბრობს, რომელიც პაციენტების კითხვებში ხშირად ისმის.
„შეიძლება ბევრ თქვენგანს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ხშირად მწერენ, მსგავსი შინაარსის კითხვებს, გადავწყვიტე, ამ თემაზე ვისაუბრო,“ - ამბობს მანანა მგალობლიშვილი და ერთ-ერთი პაციენტის შეკითხვას გვიზიარებს:
„მარცხენა საკვერცხე ამოღებული მაქვს, მარჯვენა საკვერცხე დამიტოვეს. მაინტერესებს, მარჯვენა საკვერცხე ბიჭისაა თუ გოგოსი, ანუ გოგო მეყოლება თუ ბიჭი“ – წერს პაციენტი.
„ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მომავალი ბავშვის სქესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი საკვერცხიდან მოხდება განაყოფიერება. ემბრიონი სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმის შედეგად წარმოიქმნება. ქალის კვერცხუჯრედები საკვერცხეებშია მოთავსებული. ყველა კვერცხუჯრედი შეიცავს x ქროსმოსომას, რომელიც ქალის სქესის განმსაზღვრელია. ანუ ყველა კვერცხუჯრედი არის „გოგო“. სამაგიეროდ, სპერმატოზოიდები შეიძლება იყოს როგორც x ქრომოსომის, ასევე y ქრომოსომის შემცველი. თუ კვერცხუჯრედი გაანაყოფიერა სპერმატოზოიდმა, რომელიც x-ის შემცველია, დაიბადება გოგო, ხოლო თუ კვერცხუჯრედი y ქრომოსომამ გაანაყოფიერა, დაიბადება ბიჭი.
მაშასადამე, მომავალი ბავშვის სქესი დამოკიდებულია იმაზე, რომელი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს. თუ გაანაყოფიერა x-მა, იქნება გოგო, თუ გაანაყოფიერა y-მა, იქნება ბიჭი“ - ამბობს მანანა მგალობლიშვილი.