ბავშვებს მშობლებისგან ხშირად ესმით: "საშინელი ბავშვი ხარ", "რა დავაშავე, ასეთი ჯიუტი შვილი რომ მყავს", "სხვების შვილები რატომ არ იქცევიან ასე"... 5 წელზე უფროსი ბავშვი უბრალოდ "გაატარებს" ამ გამოთქმებს, ანუ ყურადღებას არ მიაქცევს. 5 წლამდე ასაკის ბავშვმა კი შეიძლება პირდაპირი მნიშველობით აღიქვას მშობლის ნათქვამი. პატარა ბავშვი მშობლის ყველა უარყოფით ინტონაციას "იჭერს", რაც ღრმად ილექება მის ცნობიერებაში. ამის შემდეგ ბავშვს დანაშაულის გრძნობა უჩნდება და თუ ასეთი სიტყვებით ხშირად მიმართავენ, ეს განწყობა სამუდამოდ რჩება პატარას გონებაში.
მშობლები სულ დამჯერ შვილებზე ოცნებობენ, ამიტომ ხშირად იყენებენ ასეთ ფრაზებს: "ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ ასეთი და ასეთი უნდა იყო"... ან "მამა გაგიბრაზდება, თუ ამას გააფუჭებ..." მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ამ ფრაზების მიღმა ბრძანება და შესაძლო სასჯელი იმალება. თუ ასეთი ფრაზები ხშირად ესმის, ბავშვს ასეთი აზრი უყალიბდება: მშობლების სიყვარული რომ დაიმსახუროს, ყველაფერი უნდა შეასრულოს. არადა მშობლის სიყვარულს დამსახურება არ უნდა სჭირდებოდეს, ის ყველა ბავშვს უანგაროდ ეკუთვნის.
დანაშაულის გრძნობა
ზოგიერთი მშობლის აღზრდის მეთოდი ასეთია: უყვებიან შვილებს მძიმე მშობიარობაზე, ნერვიულობაზე, როგორ ღელავენ თავიანთ შვილებზე, ან რამდენ რამეზე თქვეს უარი მათ გამო. ანუ მარტივი ენით რომ ვთქვათ, ბავშვს თითქოს "ამადლიან" ამქვეყნად მოვლინებას. ამ საუბრების შედეგად ბავშვი დამნაშავედ გრძნობს თავს იმის გამო, რომ ცხოვრობს და მიაჩნია, რომ მშობლებისთვის ზედმეტი ტვირთია.
ასევე ცუდია, როცა წარა-მარა ეუბნებიან, რომ მალე უნდა გაიზარდოს. ამით მშობლები მასში ბავშვურ ხასიათს კლავენ.
ცუდად მოქმედებს ფრაზები, რომლებითაც მშობლები რომელიმე ემოციის გამოხატვას უკრძალავენ, მაგალითად: "არ გრცხვენია, რომ გეშინია?", "არასოდეს გაუბრაზდე ვინმეს", "ტირილი არ შეიძლება". ეს ფრაზები პატარას ამ ემოციებს უკლავენ.
როგორ აღვზარდოთ უკომპლექსო ბავშვი?
ბავშვს უნდა შეეძლოს შიშის, ბრაზის, სიხარულის გადატანა. ამ ემოციებს უნდა უმკლავდებოდეს. მხოლოდ ასე მოახერხებს სხვადასხვა სიტუაციაში ადეკვატურ მოქცევას. ისწავლის ემოციების კონტროლს და არ გადმოანთხევს სხვაზე.
რა ვქნათ, შევაქოთ? დიახ, ოღონდ ზომიერად. ვეჩხუბოთ? ასეც შეიძლება, ოღონდ ასევე ზომიერად. ჯობს წაახალისოთ, ფიქრში დაეხმაროთ, ასწავლოთ,განავითაროთ... სასურველია, მშობელთან ერთად.
ძნელია, ბავშვის აღზდისას დასჯასა და ძალდატანებაზე სრულად თქვათ უარი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერს საზღვარი აქვს. თუ მშობელს შეუძლია დაუფიქრდეს საკუთარ შეცდომებს, აანალიზებს და მიზეზებს საკუთარ თავში ეძებს, შვილსაც სწორად და გონივრულად აღზრდის. მთავარია გეყოთ გაგების უნარი, სიყვარული, მოთმინება და გულმოდგინება.