62 წლის დემი მური სულ ოცნებობდა ამ აღიარებაზე - როგორც იქნა, "ოქროს გლობუსი" მიიღო, "სუბსტანციაში" შესრულებული როლისთვის.
როცა სცენაზე გავიდა, ცრემლებს ვერ იკავებდა და თქვა: "აღფრთოვანებული ვარ. 30 წლის წინ ერთმა პროდიუსერმა მითხრა, რომ მე პოპკორნის ვარსკვლავი ვარ. მაშინ მივხვი, რომ აღიარება არ მექნებოდა. დროთა განმავლობაში ეს განცდა მჭამდა და რამდენიმე წლის წინ ისიც კი ვიფიქრე, რომ უკვე დასრულდა, ყველაფერი ვცადე, რაც შემეძლო და მივაღწიე იმას, რისი მიღწევაც შემეძლო, თუმცა..."
მაგრამ დემი ნამდვილად არ ელოდა, რომ ჯილდოს ასეთი სკანდალები მოჰყვებოდა.
ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ იღებს კოლეგებისგან (მაგალითად, ელ ფენინგისგან) მილოცვებს დემი და იგნორირებას უკეთებს კაილი ჯენერს, რომელიც ასევე ცდილობს, მას მიულოცოს. არადა, კაილის იგნორირების შემდეგ ჩვეულებრივ ართმევს ხელს გოგონას შეყვარებულს და ცნობილ მსახიობ ტიმოთი შალამეს. ვიდეოს ნახვის შემდეგ აზრები გაიყო. ზოგი დემის მხარეს დადგა და ჩათვალეს, რომ არც იყო ვალდებული და შესაძლოა, არც იცნობდა ჯენერს (რაც ნაკლებ სავარაუდოა). სხვები კი ლანძღავდნენ მსახიობს. სკანდალს მისი ქალიშვილი ტალულაც კი გამოეხმაურა: "არავითარი უგულებელყოფა არ არის ეს. დემის რომ დაენახა, რომ კაილი ჯენერს მილოცვა სურდა, აუცილებლად დაუთმობდა დროს და სივრცეს".
თუმცა ეს სკანდალიც არ იყო ჩამცხრალი, რომ მეორე აგორდა. ამჯერად ქსელში გავრცელდა საარქივო ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ კოცნის 19 წლის მსახიობი 15 წლის კოლეგას. ვიდეო 1982 წელს არის გადაღებული მსახიობ ფილიპ ტანცინის დაბადების დღეზე, რომელიც დემისთან ერთად თამაშობდა სერიალში "მთავარი საავადმყოფო". ვიდეოზე აღბეჭდილია, რომ დემი რამდენჯერმე კოცნის ბიჭს ტუჩებში.
იმ დროს დემი მუსიკოს ფრედი მურის ცოლი იყო. ვიდეოში ჩანს, რომ დემი ამბობს, თუ როგორ უყვარს ტანცინი, ის კი ხუმრობს, რომ მასზე დაქორწინებას აპირებს.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბევრი აღშფოთდა და ისიც კი მოითხოვეს, რომ მას ჯილდო ჩამოართვან.