განათლების კონსულტანტი ნათია სირაბიძე განათლების, ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში ჩაბარების პროცედურებსა და გზებზე საუბრობს. ბლოგში "ნათია განათლებაზე" გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში სპეციალისტი განმარტავს, ვის მოეთხოვება უმაღლესი განათლება საქართველოში და ვის - არა და რას ამბობს ამ კუთხით კანონი:
- საქართველოში უმაღლესი განათლება მოეთხოვებათ საჯარო პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან წამყვანი სპეციალისტის, სპეციალისტის ან მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე. უმაღლესი თანამდებობის პირებს, როგორებიც არიან: მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები, უმაღლესი საბჭოს წევრები, საკრებულოს წევრები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებენ, მათ უმაღლესი განათლება არ მოეთხოვებათ. სხვათა შორის, ეს ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, როგორც ჩემთვის ცნობილია, წინა ხელისუფლების დროს მოხდა, როდესაც პარლამენტარის ასაკი 21 წელზე დაიყვანეს და ასევე მოხსნეს განათლების შესახებ მოთხოვნა. ერთი მცირე ცვლილება შეიძლება შემდეგ ისე აგორდეს, რომ შესაძლოა, მივიღოთ ის რეალობა, რომ ქვეყნის პრეზიდენტად განათლების არმქონე პირი დანიშნონ. ამიტომაც, ყოველთვის უნდა ვიაქტიუროთ, როდესაც მცირე ცვლილებები შედის კანონმდებლობაში და აღარ მივიღებთ იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს" - ამბობს ნათია სირაბიძე.