მაშველებმა სარეცხ მანქანაში გაჭედილი ბავშვი ამოიყვანეს. შემთხვევა უზბეკეთში მოხდა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინება.
ბავშვის ოჯახი ქალაქ ჯიზახის ერთ-ერთ მიკრორაიონში ცხოვრობს. პატარა ბიჭი შემთხვევით შეძვრა მანქანაში და გაიჭედა. მისი გამოყვანა უფროსებმა ვერ შეძლეს და მაშველები გამოიძახეს.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები. ბავშვის გადასარჩენად მათ სპეციალური აღჭურვილობა დასჭირდათ. შედეგად, ოჯახის უმცროსი წევრი გადაარჩინეს და მშობლებს გადასცეს. არ არის დაზუსტებული, სად იმყოფებოდნენ მშობლები შემთხვევის დროს ან რა ვითარებაში შეძვრა ბავშვი მანქანაში.