იტალიური კინოსა და ესტრადის ლეგენდა ადრიანო ჩელენტანო 87 წლის გახდა. რა ხანია, ის არა მხოლოდ იტალიის, მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავია, მილიონობით მაყურებლითა და მსმენელით. საქართველოშიც მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მიუხედავად ასაკისა, ის კვლავ აქტიურად მუშაობს, როგორც მუსიკოსი, ცხოვრობს თავის 27-მილიონიან ვილაზე, კომოს ტბაზე, საყვარელ ცოლთან ერთად და ტკბება სიმშვიდით.
ჩელენტანო იტალიის ქალაქ მილანში, საკმაოდ ღარიბ და მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა 1938 წლის 6 იანვარს. მეხუთე იყო ოჯახში და დედამისი 44 წლის იყო, როცა ადრიანო გააჩინა. ოჯახს საკმაოდ უჭირდა, ამიტომ იძულებული იყო, მეხუთე კლასიდანვე ემუშავა. 12 წლისამ სულაც მიტოვა სწავლა და მესაათესთან დაიწყო მუშაობა.
პატარაობიდანვე უყვარდა სიმღერა და მსახიობობა, განსაკუთრებით - პაროდიები. ყველაზე ხშირად ამერიკელ კომიკოსს ჯერი ლიუისს აჯავრებდა და მისმა დამ ერთ-ერთი ფოტო ორეულების კონკურსზე გაგზავნა. საბოლოოდ სწორედ ადრიანომ გაიმარჯვა ამ კონკურსზე და 10 ათასი ლირაც მიიღო ჯილდოდ. ადრიანო მიხვდა, რომ საყვარელი საქმე - სიმღერა, მსახიობობა და ცეკვა შეიძლებოდა, შემოსავლის მომტანიც ყოფილიყო და მეტად კონცენტრირდა ამაზე.
1954 წლიდა დაიწყო საკუთარი კომპოზიციების შექმნა და შესრულება, იყო როკ-ჯგუფის წევრიც, 1955 წელს კი სცენაზე ჰქონდა დებიუტი და მაყურებლის აღიარებაც მოიპოვა. ხუთ წელიწადში საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიაც გახსნა.
1961 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ცნობილ მუსიკალურ ფესტივალზე სან-რემოში. სცენაზე სიმღერა დარბაზისკენ ზურგშექცეულმა დაიწყო, რაც უპატივცემულოდ ჩაუთვალა ჟიურიმ და მეორე ადგილი მიაკუთვნა, თუმცა მისი სიმღერა Ventiquattromila baci ჰიტ-აღლუმების სათავეში მოექცა და იტალიის ათწლეულის სიმღერად აღიარეს.
ამის მერე ადრიანო ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. წერდა სიმღერებს, ატარებდა კონცერტებს, დადიოდა გასტროლებზე...
1969 წლიდან კინოშიც სცადა ბედი და აქაც თავბრუდამხვევი წარმატება ერგო. განსაკუთრებული პოპულარობა, როგორც მსახიობს, მოუტანა ფილმებმა "ბლეფი" და "ჭირვეულის მორჯულება".
ადრიანო ჩელენტანო და კლაუდია მორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი წყვილია იტალიაში. მათი ქორწინებიდან უკვე 60 წელი გავიდა, ამის მიუხედავად, მაინც საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩებიან.
ამ ტემპერამენტული წყვილის სიყვარულის ისტორია გადასაღებ მოედანზე დაიწყო და ისეთ მელოდრამაში გადაიზარდა, რომ კიდევ ერთი ფილმის სიუჟეტი აიგებოდა. ამდენწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ადრიანო და კლაუდია კვლავ ბედნიერი წყვილია.
როცა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს 1963 წელს, "ერთი უცნაური ტიპის" გადაღება მიმდინარეობდა. კლაუდიას მაშინ ადრიანოსთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია - მეტისმეტად უცნაური და ეპატაჟური მოეჩვენა.
ადრიანო ლამაზი ქალის ასეთმა გულგრილობამ გააღიზიანა. ყველაფერს ცდილობდა, როგორმე მისი ყურადღება მიეპყრო. მრავალი მცდელობის მიუხედავად, კლაუდიას გული კვლავ მიუწვდომელი რჩებოდა. შემდეგ კი თავად ბედი ჩაერია მათ ურთიერთობაში... კლაუდიას უყურადღებობის გამო გადასაღებ მოედანზე სანათი გაუტყდა, ნამსხვრევმა კი ადრიანოს სახე გაუკაწრა. ბოდიშის მოსახდელად რომ მიირბინა, სწორედ მაშინ იჩინა თავი სიყვარულის ცეცხლმა და დღესაც არ განელებულა.
თავიდან კლაუდია ახალ შეყვარებულს გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის არ განიხილავდა. აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტემპერამენტიანი იტალიელი სიყვარულში პირდაპირ საკუთარი კონცერტის მსვლელობისას გამოუტყდა.
ამ არაორდინალურმა წყვილმა ღამის სამ საათზე გააფორმა ოფიციალურად ურთიერთობა, რათა აბეზარ პაპარაცებს არ გაეფუჭებინათ ეს ამაღლებული დღე.
ოჯახური ცხოვრების დასაწყისში კლაუდიამ ქალური სიბრძნე გამოიჩინა და გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო ქმარ-შვილისთვის, ვიდრე საკუთარი კარიერისთვის. ცოლი ადრიანოს ეხმარებოდა სამსახურებრივ საკითხებში, შეთავსებული ჰქონდა იმიჯმეიკერისა და ადმინისტრატორის ფუნქციები. სწორედ მის დამსახურებად თვლიდა ჩელენტანო თავის წარმატებას და მრავალრიცხოვან ნომინაციებში გამარჯვებას.
წყვილს ბევრი მძიმე მომენტიც გამოუვლია. ჩელენტანო ერთგული ქმარი არ ყოფილა, ორნელა მუტისთან რომანი კი მთელი ქვეყნის სალაპარაკო გახდა. კლაუდიამ აპატია ქმარს ღალატი და შინ დაბრუნების ნებაც დართო. როცა ჰკითხეს, რატომ მოითმინა ამდენი, უპასუხა, რომ ადრიანოზე უფრო საინტერესო და ამაღელვებელი მის ცხოვრებაში არავინ ყოფილა.
კლაუდია მორისა და ადრიანო ჩელენტანოს სიყვარული მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდე ურთიერთობას. იდეალური ქვეყნად არაფერია, არც მათი ცხოვრება ყოფილა აუმღვრეველი, თუმცა სიყვარულსა და მოთმინებას ბევრი პრობლემის გადალახვა შეუძლია.
წყვილს სამი შვილი ჰყავს და ერთი შვილიშვილი. მათი ვაჟი ჯაკომო მომღერალია, როზიტა - მომღერალი და ტელეწამყვანი, როზალინდა - მსახიობი.
ყველაზე ცნობილი ქალიშვილი როზალინდაა, რომელიც მსახიობი და მომღერალია. მან სახელი გაითქვა არა მხოლოდ მსახიობობით, არამედ ხმაურიანი განცხადებებით, რომ მამას არასდროს ეცალა. "მამა ჩვენს ცხოვრებაში ნაკლებად იყო. მუდამ დაკავებული, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავზე ფიქრობდა. ძალიან გვაკლდა მისი ყურადღება და სიყვარული… არტისტები ძალზედ ეგოისტური არსებები არიან. ერთხელ ინტერვიუში განვაცხადე, რომ, ჩემი აზრით, მათ საერთოდ არ უნდა ჰყავდეთ შვილები! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლები არ მიყვარს. უბრალოდ, ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, როდესაც ჩვენ გავჩნდით, საკუთარი კარიერით დაკავებულები, შინ ხშირად არ იმყოფებოდნენ, ჩვენ კი მშობლები გვჭირდებოდა და გვენატრებოდა", - აღნიშნა როზალინდამ ერთ-ერთ ინტერვიუში. როზალინდამ საკუთარ სქესობრივ ცხოვრებაზე ღიად საუბრითაც გაითქვა სახელი. ამბობს, რომ ბისექსუალია და ამტიცებს, რომ ცხოვრების განმავლობაში ცნობილ ქალებთანაც ჰქონდა რომანი, მათ შორის - მონიკა ბელუჩისთან. წლებია, მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს.
87 წლის იუბილეს ადრიანო საყვარელ მეუღლესთან ერთად შეხვდა სახლში, რომლის შესასვლელს კლაუდიას ქანდაკება ამშვენებს. ჩელენტანო სცენაზე აღარ გამოდის, თუმცა სტუდიაში ატარებს დიდ დროს, წერს ალბომებს და საყვარელ საქმეს აგრძელებს.