თამარ სარვაზიშვილმა 1989 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა და იმავე წლიდან კონსერვატორიის ექსპერიმენტულ სკოლაში, ვოკალურ განყოფილებაში, პედაგოგად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებელში გადავიდა და დღემდე იქ მუშაობს. ასევე, მუშაობს ქალაქ თბილისის კონსერვატორიაში, ვოკალურ კათედრაზე პედაგოგად და საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ქალბატონმა თამარმა არაერთი გამორჩეული შემსრულებელი აღზარდა, რომლებმაც საერთაშორისო მასშტაბის წარმატებას მიაღწიეს და მსოფლიოს უდიდეს სცენებზე გაიბრწყინეს. დღეს თამარ სარვაზიშვილი საკუთარი პედაგოგიური მოღვაწეობის, წარმატებების შესახებ გვესაუბრება და აღნიშნავს იმასაც, თუ რა მნიშვნელობა აქვს მუსიკას ყველა ადამიანის ცხოვრებაში:
- კონსერვატორიაში ბატონი ნოდარ ანდღულაძის კლასში ვსწავლობდი. ასპირანტურაც მისი ხელმძღვანელობით დავამთავრე. ბატონი ნოდარის ძალიან მადლიერი ვარ და ვაფასებ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც მან გადმომცა. ძალიან კარგი მოსწავლეები მყავდა, რომლებიც უკვე საერთაშორისო თეატრების მოწვეული სოლისტები არიან. ბევრი საზღვარგარეთ ცხოვრობს და სწავლობს. მათი მიღწევებით ძალიან ვამაყობ. პედაგოგიურ საქმიანობას დღემდე ვაგრძელებ და ჩემი სტუდენტები საკუთარი წარმატებებით კვლავ მახარებენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩემი ერთ-ერთი სტუდენტი, ტენორი, 23 წლის ლუკა წეველიძე ამერიკაში გაფრინდა, Houston Grand Opera-ის მოსმენა გაიარა და ფინალურ ტურზე მიიწვიეს. აბსოლუტურად ყველაფერი თავად დააფინანსეს. იქიდანაც ძალიან დიდ წარმატებებს ველოდები. 1000 მომღერლიდან 20 მომღერალი აირჩიეს და მათ შორის, ლუკაც მოხვდა, რაც უდიდესი მიღწევაა. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. დეკემბრის თვეში ვენაში ვიყავით. მე-19 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიგვიწვიეს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბევრი მუსიკოსი იღებდა მონაწილეობას. ჩემმა მოსწავლემ, საბა კუპატაძემ, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. 17 წლისაა, მეორე ადგილი მიენიჭა და ასევე, ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა. აღნიშნეს, რომ ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა შემსრულებელია და თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს. ამავე ფესტივალზე თიკო სამხარაძემ მესამე ადგილი დაიკავა. კონსერვატორიიდან ეკატერინე აბულაძე კი პირველ ადგილზე გავიდა. რომ ჩამოვედით, თბილისის კონსერვატორიაში საოპერო სტუდიის სპექტაკლი "ქეთო და კოტე" გაიმართა და ქეთოს პარტია ეკატერინე აბულაძემ იმღერა. არაჩვეულებრივი გოგონაა.
ძალიან ხშირად მომღერლები თუ პედაგოგები საერთაშორისო აღიარებას იწვევენ და აღტაცებას არ მალავენ ხოლმე, რომ საქართველოდან ასეთი მაღალი კლასის პროფესიონალები გვყავს. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოდან წასული შემსრულებლები ძალიან წარმატებულები არიან და თეატრი არ არსებობს, სადაც ჩვენი მომღერლები არ მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სცენებზე დგომით უფრო ხელოვნდებიან და ჩვენს ძალიან ძვირფას კულტურას უცხოელ მსმენელს აცნობენ.
- ძალიან კარგია, თუ ბავშვი მუსიკალურ განათლებას მიიღებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მუსიკოსი უნდა გამოვიდეს. მაგრამ, მათი აღზრდისთვის, შინაგანი კულტურისთვის, ესთეტიკისა და კარგ მსმენელად ჩამოყალიბებისათვის, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან კარგია, თუ ბავშვმა ინსტრუმენტზე დაკვრა იცის. თუმცა, მუსიკალური განათლება ერთი დარგია, ვოკალური განათლება კი - მეორე. მართლაც რომ გამორჩეული ნიჭის მქონე ბავშვები არიან, რომელთა შემთხვევაში, მშობლის ყურადღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ მშობლებს სხვადასხვა სტუდიაში მიჰყავთ, რომ კონცერტებზე ხშირად გამოვიდნენ, გაიხარონ შვილის სცენაზე დგომით, ტელევიზიაში მიწვევით. ამაში, რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია. მაგრამ, შესაძლოა, ამ დროს ბავშვში იმალება ისეთი ვოკალური პერსპექტივა, რომელსაც სხვა ტიპის, უფრო სერიოზული მუშაობა სჭირდება. არავოკალისტები ბავშვებს ვოკალსა და სიმღერაში ხშირად ამეცადინებენ, რაც დაუშვებელია. ამ გზით მოსწავლეებს რესურსები ეკარგებათ და არასწორად ვითარდებიან.
თუ მშობელი ხედავს, რომ მისი შვილი პატარა ასაკიდანვე მღერის, უსმენს მუსიკას, მელოდიებს იმეორებს, აუცილებელია, ყურადღება მიაქციოს. პროფესიონალ პედაგოგთან მიიყვანოს და ნიჭის განვითარებას ხელი შეუწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეს ნიჭი დაგვეკარგოს.
რამდენიმე წლის წინ რომში, იტალიაში, საერთაშორისო კონკურსზე ვიყავი, სადაც მსოფლიოში აღიარებული სოპრანო, რენატა სკოტო, იყო. როდესაც გავიცანი, გავესაუბრე და ვუთხარი, რომ საქართველოდან ვიყავი, ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი სიყვარული გამოხატა და მითხრა: "თქვენ სიმღერის მიწიდან ხართ წამოსულიო". მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართული გენი განსაკუთრებული მუსიკალური შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული. ჩვენი ჩანაწერები კოსმოსში ტყუილად არაა გაგზავნილი. ამიტომ, ყურადღებით იყავით და თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს ნიჭი აქვს, თუნდაც ჩვენთან, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში მოიყვანეთ, სადაც ვოკალური განყოფილებაა, კონსერვატორიის პედაგოგები ვმუშაობთ და ძალიან მონდომებულები ვართ. ვამზადებთ ბავშვებს საკონსერვატორიო და შემდეგ უკვე საოპერო სცენებისათვის.
- გააჩნია, როგორ სცენაზე დგომა უნდა ბავშვს. არ არის აუცილებელი, უნიკალური ნიჭით იყოს დაჯილდოებული იმისათვის, რომ სცენაზე გავიდეს. ეს საშუალო მონაცემებითაც თავისუფლადაა შესაძლებელი. ახლა ტექნოლოგიები კიდევ მეტად განვითარებული და დახვეწილია. სცენიურ მოძრაობებს ასწავლიან, გასართობად და მის გასახარებლად, შეძლებენ, რომ სურვილი აუსრულონ.
მაგრამ, როდესაც ბავშვს გამორჩეული ვოკალური მონაცემები აქვს, იქ მშობელმა გასართობ ცენტრებში შვილის ნიჭი არ უნდა დახარჯოს. აუცილებლად უნდა მოგვმართონ და შევეცდებით, სწორი მიმართულება მივცეთ.
- ზუსტად ამიტომ აღვნიშნე ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ ყველა ადამიანმა მუსიკალური განათლება უნდა მიიღოს. როდესაც ახალგაზრდას მუსიკასთან აქვს კონტაქტი, კარგ მსმენელად ყალიბდება და ე.წ. იაფფასიანი მუსიკის მოსმენას აღარ დასთანხმდება. ძველად ძნელად თუ მოიძებნებოდა ისეთი ოჯახი, სადაც ინსტრუმენტი არ იდგა. მუსიკალურ განათლებას იღებდნენ. ამიტომაც იყო ჩვენი ესტრადაც, ჯაზიც, პოპმუსიკაც, კლასიკური მუსიკაც საუკეთესო და განსაკუთრებით გამორჩეული მომღერლები გვყავდა. ყველა ოპერის მომღერალი ხომ ვერ გამოვა?! მაგრამ, უნდა ვიზრუნოთ, რომ მაღალი ხარისხის მსმენელი გვყავდეს. როცა მათი მოთხოვნა მასობრივად კარგ მუსიკაზე იქნება, შესაბამისად, ხარისხიანი მუსიკაც შეიქმნება.
- ვფიქრობ, მუსიკალურ აღზრდასთან ერთად, მომღერალს ზოგადი ინტელექტუალური განათლებაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს. საერთაშორისო ენების ფლობა მნიშვნელოვანია. რადგანაც, როგორც გითხარით, ჩვენი სტუდენტები მსოფლიოს წამყვან თეატრებსა და სცენებზე დგანან. საერთო ერუდიცია და ინტელექტუალური განათლება აუცილებელია. უნდა იცოდნენ ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მიიღონ კარგი განათლება, რომ შეძლონ, შემდგომში განათლებულ, ელიტარულ ინდივიდებად ჩამოყალიბდნენ. ეს ყველას სჭირდება - არა მხოლოდ მუსიკოსს, არამედ სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც.
- 16-18 წლის ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ დაუჯერონ პედაგოგების რეკომენდაციებს, რჩევებს, გაუფრთხილდნენ იმ მონაცემებს, რომლებიც ღმერთმა არგუნა. თუკი პროფესიონალი პედაგოგი ეტყვის, რომ ნიჭი და სმენა აქვს, მას მოფრთხილება სჭირდება. მიიღონ კარგი მუსიკალური განათლება, რომ განვითარდნენ.
- მე ვფიქრობ, რომ ინსტრუმენტი ყველა ოჯახში უნდა იყოს და მშობლები შეეცადონ, რომ შვილებს მუსიკალური განათლება მიაღებინონ. რა თქმა უნდა, ეს შვილების სურვილით, ძალდატანების გარეშე უნდა მოხდეს. როგორც გითხარით, ეს მათ კარგ მსმენელებად და კულტურულ ადამიანებად ჩამოაყალიბებს და საინტერესო გამოცდილებას მისცემს. შემდეგ თავად გადაწყვეტენ, გააგრძელონ თუ არა. მაგრამ, საბაზისოდ, მუსიკალური განათლება, ვფიქრობ, ყველას უნდა ჰქონდეს. საქართველო მუსიკალური ნიჭითა და ტალანტებით გამოირჩევა და არ უნდა მივაყურადოთ. ჩვენი სტუდენტები მსოფლიოს წამყვან სცენებზე დგანან და მინდა, კიდევ არაერთი გამორჩეული ვარსკვლავი აღვზარდოთ, რომ მათ ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოს ასპარეზზე კიდევ ერთხელ გაიტანონ.
თამარ იაკობაშვილი