არსებობენ უკვდავი პერსონაჟები, რომლებმაც ჩვენი ბავშვობა გააფერადეს და სიკეთისა და სასწაულების არსებობა დაგვაჯერეს, ზოგმაც დაგვასევდიანა და რეალობა დაგვანახვა მთელი თავისი სიმძაფრით. პიტერ პენი, მერი პოპინსი, პეპი გრძელი წინდა, ანე ფრანკი - ეს მათი არასრული ჩამონათვალია, ვისაც ბავშვობაში ვემეგობრებოდით, ვისი არსებობისაც გვჯეროდა და ვისი დახმარებაც გვსურდა ხოლმე.
ისინი ყოველთვის დარჩებიან ყველა ბავშვის მეგობრად, რადგან მათი ისტორიები ყველა თაობისთვის აღმაფრთოვანებელი და შთამაგონებელია, აღძრავს ემპათიას და სხვებისთვის სიკეთის გაკეთების სურვილს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს გმირები ჩვენმა შვილებმაც გაიცნონ.
გთავაზობთ კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებს, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წაკითხული:
თქვენ წინაშეა მსოფლიო საბავშვო კლასიკის განსაკუთრებული გმირი, რომელიც წამში გარდაქმნის მოსაწყენ რეალობას ჯადოსნურ დღესასწაულად. გაეცანით მერი პოპინსის და მისი აღსაზრდელების საოცარ თავგადასავლებს წიგნებში, რომლებიც პირველად გამოიცემა ქართულად სრული სახით: „მერი პოპინსი, მერი პოპინსი ბრუნდება, მერი პოპინსი კარს აღებს, მერი პოპინსი პარკში, მერი პოპინსი ალუბლების ქუჩაზე, მერი პოპინსი და სახლი მეზობლად, მერი პოპინსი სამზარეულოში, მერი პოპინსი A-დან Z-მდე“ .
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ ღამეს პიტერ პენი დარლინგების სახლში ფანჯრიდან შეფრინდა და ვენდი მის ძმებთან ერთად სიზმარშორეთისკენ გაიხმო, სადაც მათ უამრავ თავგადასავალთან ერთად, მრავალი საფრთხეც ელოდათ. კუნძულზე სადაც, ის ბიჭები ცხოვრობენ, რომლებიც არასდროს გაიზრდებიან, ბევრი უცნაური რამ ხდება.
ეს არის სიკეთით სავსე წიგნი ბიჭუნაზე, რომელიც არასდროს გაიზრდება, თუმცა დაუვიწყარ მოგონებებსდაუტოვებს ვენდის.
არანაკლებ საინტერესო სანახავია წიგნის ეკრანიზაციაც.
ჩარლზ დიკენსს დაწერილი აქვს საშობაო მოთხრობები, რომელიც ერთი მხრივ, წარმოაჩენს ადამიანის მანკიერებებს და გვიჩვენებს, რომ ყველაფერი წარმავალია და მეორე მხრივ, იმედს გვაძლევს, რომ სიკეთე და სიყვარული წარუშლელ კვალს ტოვებს.
„საშობაო სიმღერა“ ერთი ძუნწი, ყველასგან მოძულებული კაცის ამბავია, რომელსაც მოჩვენებები საკუთარ თავს დაანახვებენ.
თამრი ფხაკაძის „ვერცხლის ზანზალაკები“ თანამედროვე საახალწლო ზღაპრებისა დალექსების კრებულია ყველაზე პატარა მკითხველისთვის. ზღაპრის სამყარო ხომ ჯადოსნური სამყაროა, მარტივად აღსაქმელი და სიკეთესა და ბოროტებას შორის მუდმივი ჭიდილით. თუმცა ამ კრებულში გამოკვეთილად კეთილი და ბოროტი გმირები არ გვხვდება. ეს უფრო ყოველდღიურ სიტუაციებზე მორგებული ზღაპრებია, რაც საშუალებას გვაძლევს ვისწავლოთ, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება არც ისე ძნელია: `თუ გულადი იქნები, კბილის ტკივილსაც აჯობებ და სხვა ყველაფერსაც.
რა ძალა აქვს მშობლიურ „იავნანას“, მისი მელოდიის ემოციურ გავლენას ბავშვის ცნობიერებაზე, მის ემოციურ მეხსიერებასა თუ აღქმის უნარზე? იაკობ გოგებაშვილმა თავის გენიალურ მოთხრობაში „იავნანამ რა ჰქმნა?“ ამ კითხვებზე პასუხებით ბავშვის ფსიქოლოგიის სიღრმეში ჩაგვახედა, თუმცა იმავდროულად, ამბავი კონკრეტული ეპოქის ისტორიულ ჭრილში წარმოადგინა და კახეთის ერთი ულამაზესი სოფლის - ვაშლოვანის მაგალითზე ქართველთა ყოფა-ცხოვრებას, ჭირ-ვარამს, მეზობელ მთიელებთან - ლეკებთან ურთიერთობის ნიუანსებს მოგვიყვა. და მაინც, ეს დედის ნამღერი „იავნანით“ ცნობიერებაში ღრმად ჩაკირული ხსოვნის გამოღვიძების ამბავია, რომელმაც პატარა ქეთოს მშობლები და სამშობლო დაუბრუნა.
1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე ანე ფრანკი დღიურში ჩანაწერებს აკეთებდა. თავიდან მხოლოდ თავისთვის წერდა, სანამ 1944 წლის გაზაფხულზე რადიო „ორანელში“ დევნილი მთავრობის განათლების მინისტრის, ბოლკესტეინის გამოსვლა არ მოისმინა. მინისტრმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ შეაგროვებდნენ და გამოაქვეყნებდნენ გერმანელი ოკუპანტების სისასტიკის მამხილებელ ყველა დოკუმენტსა და მასალას, მათ შორის დღიურებსაც. ამ გამოსვლამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ანე ფრანკზე, რომ გადაწყვიტა, ომის შემდეგ წიგნი გამოეცა. საამისოდ კი დღიური გამოადგებოდა. ანე ფრანკი 1945 წლის მარტში, 15 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერგენ ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. ოტო ფრანკმა, რომელიც ცოცხალი გამოვიდა საკონცენტრაციო ბანაკიდან, აასრულა ქალიშვილის ნატვრა და მისი დღიური წიგნის სახით გამოაქვეყნა. „უკანა სახლი“ 1947 წელს გამოიცა. მას შემდეგ ის იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნად, გამოცემულია ოცდაათზე მეტ ქვეყანაში, გაყიდულია 16 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
დიდი ხნის წინათ დედამიწაზე ერთ-ერთი შორეული პლანეტიდან უნიკალური ხომალდით ჩამოვიდნენ უცნობი მოდგმის წარმომადგენლები, ულები. დრო გადიოდა, მფრინავი ულები ნელ-ნელა გადაგვარდნენ და ურჩხულებად იქცნენ. ურჩხულების ტყექალაქი გააშენეს და იქ დასახლდნენ. ფრენაც დაავიწყდათ და ცასაც აღარ ასცქეროდნენ _ საოცრად მიეჯაჭვნენ მიწას... მსოფლიოს ყველაზე დიდი შემრიგებელი, დიდი დაგი ულების მოდგმის გადასარჩენად საოცარ გეგმას შეადგენს... ამ წიგნში ნამდვილ სიმართლეს შეიტყობთ დიდი დაგისა და მისი მეგობრების შესახებ. მათ მტერიც ბევრი ჰყავთ და მოკეთეც, თუმცა გამარჯვების იმედი აქვთ. ეს წიგნი ყველაზე დიდ სიკეთეზე გიამბობთ! ერთად მივყვეთ იდუმალებით მოცულ გზას ულების ქვეყნისკენ...
საბავშვო კლასიკური ნაწარმოებების სანახავად მიჰყევით ბმულს.
R