1980-90-იანი წლების კერპი, "როკის" და "რემბოს" ვარსკვლავი სილვესტერ სტალონე 78 წლისაა, თუმცა ცდილობს, ასაკის მატებას პოზიტიურად შეხედოს და სხვებსაც მოუწოდებს ამისკენ. სტალონე შესანიშნავ ფორმაშია და წინასაახალწლოდ ექსპრომტად შესრულებული ვიდეო გამოაქვეყნა ამის დასტურად. ვიდეო მალე იქცა ინტერნეტჰიტად.
სლაი ამბობს, რომ მას მერე, რაც სკანდალური გაუგებრობის შემდეგ კვლავ შეურიგდა საყვარელ ცოლს და მისი სამი ქალიშვილის დედას, ძალიან ბედნიერია.
არადა, ყოველთვის ასე როდი იყო. წარმატების მიღწევამდე და საკუთარ თავში სიმშვიდის პოვნამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა...
1946 წლის 6 ივლისს დაიბადა ნიუ-იორკში, სიცილიიდან ემიგრირებული პარიკმახერის ფრენკ სტალონესა და ჟაკლინ ლეიბოფიშის ოჯახში. ჰყავს უმცროსი ძმა, მსახიობი და მომღერალი ფრენკ სტალონე.
დედამისი ცნობილი ვაშინგტონელი ადვოკატის ქალიშვილი იყო და სცენაზეც გამოდიოდა. სლაის მამა კი საკმაოდ ახირებული ხასიათით იყო ცნობილი და მექალთანეც გახლდათ. ამიტომაც წყვილი მალე განქორწინდა.
სილვესტერს სამშობიარო ტრავმა ჰქონდა - სახის ნერვული დაბოლოება დაუზიანდა. ლოყა, ტუჩები და ენა პარალიზებული დარჩა და საკმაოდ უჭირდა საუბარი. ამის გამო თანატოლები ხშირად დასცინოდნენ და მუდმივად თავის დაცვა უწევდა. ასევე ჩაგრავდნენ ტანდაბლობის გამო.
11 წლის იყო, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. 13 წლისას უკვე 10 სკოლა ჰქონდა გამოცვლილი - გამუდმებით რიცხავდენენ ცუდი ყოფაქცევისთვის. 15 წლამდე მამასთან იყო, მერე კი დედასთან გადავიდა და რთულად აღსაზრდელთა სპეციალურ სკოლაში სწავლობდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდი ფიზიკურად მუშაობდა, შემდეგ შვეიცარიაში ჩააბარა ამერიკულ კოლეჯში და პარალელურად მწვრთნელად მუშაობდა. ასევე უმუშავია გალიების მწმენდავად ზოოპარკში და შვეიცარად - ღამის რესტორანში. თან მსახიობობაზე ოცნებობდა. ამერიკაში დაბრუნებულმა მაიამის უნივერსიტეტში დრამატული ხელოვნებაც შეისწავლა, მაგრამ მეტყველების დეფექტის გამო როლებს ნაკლებად ანდობდნენ, ამიტომ ნებისმიერ როლს თანხმდებოდა, პორნოგრაფიულსაც კი.
24 წლისამ მიიღო პირველი სერიოზული შემოთავაზებები, 1976 წელს კი "როკის" წარმატებამ (რომლის სცენარიც თავად დაწერა და იმ პირობით გაყიდა, რომ მთავარ როლს ითამაშებდა) ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. "ოსკარის" და "ოქროს გლობუსის" ნომინაციებიც კი მოუტანა. მერე იყო როკის გაგრძელება და მორიგი წარმატებული პროფექტი "რემბო", რომელმაც სილვესტერს მსოფლიო დონის ვარსკვლავის სტატუსი გაუმყარა.
პირველად სილვესტერი 1974 წელს დაქორწინდა ამერიკელ მსახიობ საშა ზაკზე. ამ ქორწინებაში სლაის ორი ვაჟი გაუჩნდა - სეიჯი და სერჯიო. ორივე მათგანი მსახიობის მუდმივი დარდის მიზეზი გახდა
უფროსი ვაჟი, სეიჯი, საკმაოდ კარგი მსახიობი იყო. მან პირველი როლი "Rocky 5"-ში შეასრულა, რის შემდეგაც ათეულობით ფილმში გადაიღეს.
თუმცა სამწუხაროდ, სტალონეს პირველმა შვილმა დიდხანს ვერ იცოცხლა და 36 წლის ასაკში, 2012 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. ამბობდნენ, რომ რეალური მიზეზი ნარკოტიკების დოზის გადაჭარბება იყო.
მეორე ვაჟი, სერჯიო 1979 წელს დაიბადა. საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვი იყო, არ სურდა ძმასთან და მშობლებთან ურთიერთობა. სილვესტერმა და მისმა პირველმა ცოლმა საშა ზაკმა ის ექიმთან წაიყვანეს, თუმცა იქიდან დათრგუნულები დაბრუნდნენ - ბიჭს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს.
თავდაპირველად, მშობლები დიაგნოზს ვერ იჯერებდნენ. თუმცა, ნამდვილობა შემდგომმა გამოკვლევებმა დაადასტურა. ამიტომ, გეგმა B-ზე გადავიდნენ - საქმეში აქტიურად ჩართეს სპეციალისტები და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბიჭის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.
"ჩვენს შორის არ ყოფილა ისეთი ურთიერთობა, როგორიც მამასა და შვილს უნდა ჰქონდეს. მე მისი მეგობარი უნდა ვყოფილიყავი თამაშის დროს. ასეთ დროს შეუძლებელია, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო. სერჯიო საკუთარ სამყაროში ცხოვრობს, ამიტომ ჩვენც მოგვიწევს ადაპტირება", - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
სილვესტერ სტალონესა და მის მეუღლეს იმედი არ დაუკარგავთ. ანალიზებმა დაადასტურა, რომ ბიჭს თავის ტვინი დაზიანებული არ ჰქონდა, ამიტომ სხვებთან ურთიერთობის სწავლება შესაძლებელი იყო. თუმცა სამწუხაროდ, სილვესტერი და საშა მალე განქორწინდნენ, ბიჭი კი დედასთან დარჩა.ამის მიუხედავად, მსახიობს არასდროს შეუწყვეტია მასთან კონტაქტი და მკურნალობაშიც სოლიდურ თანხებს ხარჯავდა.
სტალონემ მთლიანად შეცვალა იმ სახლის ეზო, სადაც მისი ცოლ-შვილი ცხოვრობდა. სერჯიო არავის ეკონტაქტებოდა, მაგრამ უყვარდა ხატვა, მუსიკა და ბუნებაში ყოფნა. სწორედ ამიტომ, ისე მოუწყვეს ეზო, რომ თავი მაქსიმალურდ კომფორტულად ეგრძნო.
სერჯიო ახლა 40 წლისაა. რამდენიმე ფრაზის თქმა და ცოტაოდენი ემოციის გამოხატვა შეუძლია მაშინ, როცა მამის მონაწილეობით ფილმებს უყურებს. დღემდე დედასთან ცხოვრობს. არ ჰყავს საკუთარი ოჯახი, მაგრამ მის ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებსაც მისთვის სითბოსა და მზრუნველობის ჩუქება შეუძლიათ. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია. მსახიობი შვილს პრესის ზედმეტი ყურადღებისგან იცავს და საშუალებას აძლევს, საკუთარ სამყროში მშვიდად იცხოვროს. პირველი შვილის დაკარგვის შემდეგ სტალონე კიდევ უფრო დაუახლოვდა სერჯიოს...
მეორედ 1985 წელს იქორწინა დანიელ მოდელსა და მსახიობ ბრიჯიტ ნილსენზე. თუმცა ამ ქორწინებამ მხოლოდ ორ წელს გასტანა.
1997 წელს შეხვდა თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს, ამერიკელ მოდელ ჯენიფერ ფლავინს, რომელიც მასზე 22 წლით უმცროსია.
ამ ქორწინებაში სამი მშვენიერი ქალიშვილი შეეძინა: სოფია, სისტინი და სკარლეტი.
2022 წელს წყვილს სერიოზული სკანდალი ჰქონდა და განქორწინებამდეც იყო საქმე მისული. მიზეზი სილვესტერის საქმეები იყო. სავარაუდოდ, სტალონე საიდუმლოდ და უკანონოდ გადააადგილებდა აქტივებს ოჯახური ფონდიდან და ფინანსური მაქინაციების შესახებ ცოლმა არაფერი იცოდა. როგორც საჩივარში ეწერა, სტალონეს ედავებოდნენ "ცოლ-ქმრის ქონების გაფლანგვაში, რამაც ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას სერიოზული ზიანი მიაყენა".