არნოლდ შვარცენეგერის შვილი, პატრიკი, ცნობილი მამის გზას აგრძელებს და საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. სოციალურ ქსელებში მას ვარსკვლავ მამას ხშირად ადარებენ და უამრავი გულშემატკივარიც ჰყავს.
31 წლის პატრიკი არნოლდ შვარცენეგერისა და მარია შრაივერის შუათანა ვაჟია. მის გარდა წყვილს კიდევ სამი შვილი ჰყავს: ორი ქალიშვილი კეტრინი და კრისტინა და ვაჟი კრისტოფერი. ბოდიბილდერი და მსახიობი ასევე უკანონო შვილს ზრდის, რომელიც მას საკუთარი დიასახლისისაგან შეეძინა. თუმცა, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული პოპულარობით პატრიკი სარგებლობს.
პატრიკი არა მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავის შვილია, არამედ დამოუკიდებლადაც საკმაოდ საინტერესო კარიერა აქვს. ის არის მოდელი, მსახიობი, ბიზნესმენი და სხვადასხვა სფეროში არაერთ წარმატებას მიაღწია.
პატრიკ შვარცენეგერი 1993 წლის 18 სექტემბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა. ბავშვობიდან შოუბიზნესის სამყარო მისთვის საკმაოდ ახლოს იყო. არნოლდ შვარცენეგერს ყველა იცნობდა. დედა მარია შრაივერი ასევე საკმაოდ ცნობილი ტელეწამყვანი, მწერალი და აქტივისტი იყო. ქალი კანადის გავლენიან ოჯახში დაიბადა.
ამიტომაც, პატრიკი ადრეული ასაკიდანვე არაერთ ცნობილ ადამიანს ხვდებოდა. არაფერი აკლდა. თუმცა, მშობლები ცდილობდნენ, შვილები რაც შეიძლება პასუხისმგებლიან და შრომისმოყვარე ადამიანებად აღეზარდათ.
ბავშვობაში პატრიკს ფეხბურთი აინტერესებდა. სკოლის გუნდში თამაშობდა და კარგი შედეგიც ჰქონდა. თინეიჯერობის ასაკიდან კი ბიჭმა მოდელობა და მსახიობობა დაიწყო. 15 წლის ასაკში მან მშობლების დახმარებით მამაკაცის ტანსაცმლის საკუთარი კომპანია - Project360 დააარსა. ამავე პერიოდში, მსხვილ სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტს ხელი მოაწერა.
მისმა გამორჩეულმა გარეგნობამ ყურადღება მალევე მიიპყრო და პატრიკი არაერთ სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. მასთან თანამშრომლობა ცნობილმა და გავლენიანმა ბრენდებმა დაიწყეს. ასევე, შვარცენეგერის ვაჟი პრიალა ჟურნალების გარეკანებზეც გამოჩნდა.
მან საკუთარი თავი კინოშიც სცადა. თუმცა, სამოდელო კარიერა არ დაუტოვებია. ცოტახნის წინ ის Tommy Hilfiger-ის სახე გახდა. პატრიკი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა. კინოში მისი დებიუტი 10 წლის ასაკში შედგა. ის მონაწილეობს ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა: "კიბე", " თაობა v", "მკვდართა სია", "კივილის დედოფლები" და სხვა. 2025 წელს კი მისი მონაწილეობით კიდევ ერთი სერიალი - "თეთრი ლოტუსი" გამოვა.
პატრიკი მხოლოდ სამოდელო და სამსახიობო კარიერით არ შემოიფარგლება. სპორტული ტანსაცმლის საკუთარ ბრენდს აქტიურად ავითარებს და აქაც დიდი წარმატებები აქვს.
მიუხედავად პატრიკ შვარცენეგერის გლამურული ცხოვრებისა, მედიაში მისი რომანების შესახებ ინფორმაცია ხშირად არ ვრცელდება.
სწავლის პერიოდში ახალგაზრდა მსახიობი ტეილორ ბერნსს ხვდებოდა. 2014 წლის ნოემბერში კი მაილი საირუსთან ერთად გამოჩნდა. ამის შემდეგ მან რომანი მოდელ ები ჩემპიონთან დაიწყო. რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ, წყვილი დაინიშნა, მაგრამ ქორწილის შესახებ სიახლე ჯერ არ გავრცელებულა.
დღეს პატრიკი სხვადასხვა სფეროში აქტიურად განვითარებას აგრძელებს, მონაწილეობს საქველმოქმედო პროექტებში, აქვს წარმატებული ბიზნესი. მშობლები კი ყველა წამოწყებაში ხელს უწყობენ.
ინტერვიუებში პატრიკი ხშირად ამბობს, რომ მამამ საკუთარ თავზე მუშაობა, სიძნელეებთან გამკლავება და შრომისმოყვარეობა ასწავლა. თუმცა, ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ პატრიკი შრომისმოყვარეობით, შინაგანი ქარიზმითა და გულწრფელობით დედას უფრო მეტად ჰგავს.