ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სპეციალობით პოლიტოლოგია, თუმცა საკმაოდ დიდი ხანია, ჟურნალისტიკაში საქმიანობს და არაერთ ტელევიზიაში უმუშავია ტელეწამყვანად. მათ შორის იყო "რუსთავი 2", "მეცხრე არხი" და "პირველი არხი". ამჟამად კვლავ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობს, საინფორმაციო გამოშვების წამყვანად და ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე არაერთხელ იხილა საზოგადოებამ მისი თამამი და მკვეთრი პოზიცია, რომელსაც ყოველთვის გამოხატავს და აქტიურად აკრიტიკებს "პირველი არხის" სარედაქციო პოლიტიკას.
გარდა ამისა, უკვე მესამე დღეა მისმა კიდევ ერთმა განსხვავებულმა ნაბიჯმა აალაპარაკა საზოგადოება - ის გამოშვებებს ბათუმში დაპატიმრებული კოლეგის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი სიტყვებით იწყებს:"სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს".
ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ აქციაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: "სოლიდარობა გამოვუცხადე და კვლავ ვუცხადებ მზია ამაღლობელს. მივიჩნევ, რომ მისთვის შეფარდებული უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება არაფრით არ იყო დასაბუთებული. არანაირი აუცილებლობა არ იდგა, არც პროკურატურის და არც სასამართლოს წინაშე, რომ შეფარდებულიყო ეს აღკვეთის ღონისძიება. შესაბამისად, მე მოქალაქეობრივი პოზიციაც დავაფიქსირე და როგორც კოლეგის მიმართ. გავბრაზდი ამის გამო და მივიჩნევ, რომ არ არის სამართლიანი და არც სამართლებრივი ის, რაც მოხდა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით"...
გარდა იმისა, რომ წლებია პროფესიონალი ჟურნალისტია და ერთგულად ემსახურება საყვარელ საქმეს, ის სამი შვილის მამაა. მისი მეუღლე მისი კოლეგა, ჟურნალისტი მაიკო ბოკერიაა. მათ ერთმანეთი 2008 წელს გაიცნეს, 2010 წელს კი ჯვარი დაიწერეს. დღეს წყვილს 24-წლიანი ქორწინება და სამი შვილი აერთიანებს.