მარგარეტ ქუელი ამერიკელი მსახიობი, მოდელი, მოცეკვავე, კინოპროდიუსერი, სატელევიზიო პროდიუსერი და ვიდეოეკლიპების რეჟისორია. ახალგაზრდა ვარსკვლავი ასევე "ემისა" და "ოქროს გლობუსის" ნომინანტიცაა. მარგარეტ ქუელის ერთ-ერთი წარმატებული ფილმი "სუბსტანციაა", თუმცა მსახიობი არაერთ პროექტშია ჩართული.
სარა მარგარეტ ქუელი 1994 წლის 23 ოქტომბერს მონტანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსახიობისა და მოდელის ენდი მაკდაუელის და ყოფილი მოდელისა და რანჩოების მფლობელის, პოლ ქუელის ოჯახში დაიბადა. მას უფროსი ძმა ჯასტინი და და - რეინი ჰყავს. მარგარეტი 5 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ.
მარგარეტი მრავალმხრივ ნიჭიერი ახალგაზრდაა. 14 წლის ასაკში ჩრდილოეთ კაროლინას ხელოვნების სკოლაში შევიდა, სადაც ცეკვას სწავლობდა. პარალელურად, ამერიკის ბალეტის თეატრში და ნიუ-იორკის პროფესიონალურ ბავშვთა სკოლაში ბალეტში ვარჯიშობდა. უკვე 16 წლის ასაკში, ჩრდილოეთ კაროლინას ცეკვის თეატრში მასწავლებლობა შესთავაზეს. ამავე პერიოდში, გოგონამ გამორჩეული გარეგნობითა და მონაცემებით, სამოდელო კარიერაც დაიწყო. მოგვიანებით ქუელიმ მთელი ყურადღება მსახიობობაზე გადაიტანა და ლონდონში დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის საზაფხულო პროგრამაში ჩაირიცხა. გარდა ამისა, ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც სწავლობდა, მაგრამ ერთი სემესტრის შემდეგ სამსახიობო კარიერის გამო უნივერსიტეტი დატოვა.
2011 წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე წარდგა. 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის პარიზის მოდის კვირეულის დროს იგი Valentino-სა და Chanel-ისს კოლექციებს წარადგენდა. პარალელურად, გამოჩნდა ისეთი გავლენიანი გამოცემების გვერდებზე, როგორებიცაა Vogue, Vanity Fair, Nylon და სხვა. ასევე, გადაიღეს ისეთი ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში, როგორებიცაა: Ralph Lauren, Céline, Kate Spade და სხვა.
სამსახიობო დებიუტი 2013 წელს შედგა. გოგონამ ფილმში "პალო-ალტო" მცირე როლი შეასრულა. იმავე წელს კი HBO-ს სერიალს "მიტოვებულნი" შეუერთდა.
2016 წელს ქუელიმ შეინ ბლეკის კომედიაში "ლამაზი ბიჭები" ითამაშა. ასევე, გამოჩნდა ფილმში "სიდნი ჰოლის გაუჩინარება". კიდევ რამდენიმე პროექტის შემდეგ,2019 წელს Netflix-ის სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში "იო" მთავარი როლი მიიღო. ბიოგრაფიულ მინი-სერიალში "ფოსი და ვერდონი" ახალგაზრდა ვარსკვლავმა მსახიობი და მოცეკვავე ენ რეინკინგი განასახიერა და "ემის" ჯილდოს ნომინაციაც დაიმსახურა. ასევე გამოჩნდა კვენტინ ტარანტინოს კომედიურ დრამაში "ერთხელ ჰოლივუდში".
2021 წელს Netflix-ის სერიალში "დამლაგებელი" დედასთან, ენდი მაკდაუელთან ერთად ითამაშა. ამ ნამუშევრისთვის მას "ემის" მეორე ნომინაცია და "ოქროს გლობუსის" პირველი ნომინაცია ერგო.
შარშან მოხვდა ფილმში "სუბსტანცია" ერთ-ერთ მთავარ როლზე, დემი მურთან ერთად და წელს "ოქროს გლობუსის" მეორე ნომინაციაც დაიმსახურა.
რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, 2019 წელს ის პიტ დევიდსონს ხვდებოდა. 2020 წლიდან 2021 წლამდე მსახიობ შაია ლაბეფს. 2022 წელს კი მუსიკოს ჯეკ ანტონოფზე დაინიშნა. ისინი 2023 წლის 19 აგვისტოს დაქორწინდნენ.
მას ეძღვნება ლანა დელ რეის სიმღერა "მარგარეტი" ალბომიდან Did You Know That There's a Tunnel Under Ocean Blvd. მარგარეტის ხმა ისმის სიმღერაში " Taco Truck x VB", რომელიც ამავე ალბომში შევიდა.
ახალგაზრდა ვარსკვლავი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას განაგრძობს და არაერთ პროექტშია ჩართული.