მსოფლიო კინოს კიდევ ერთი ლეგენდა - დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ 79 წლის გახდებოდა. ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი, მსახიობი ყველასგან გამოირჩეოდა და უდიდეს გავლენას ახდენდა არა მხოლოდ კოლეგებსა და მაყურებლებზე, არამედ თავად კინოზე. მისი ორიგინალური, სიურრეალისტური ფილმები ათწლეულის და საუკუნის მნიშვნელოვან ფილმებს შორის არაერთხელ დაასახელეს, ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები არაერთხელ მიიღო და იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გავლენიანი რეჟისორი. "მალჰოლანდ დრაივი", "ლურჯი ხავერდი", "ტვინ პიქსი", "შინაგანი იმპერია" და სხვები კინოს ისტორიის კუთვნილებაა.
დევიდ ლინჩი 1946 წლის 20 იანვარს დაიბადა მისურიში. მამამისი უილტონ ლინჩი ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეცნიერ-აგრონომად მუშაობდა. დედა ინგლისური ენის მასწავლებელი იყო, თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ მთელი დრო მათ აღზრდას მიუძღვნა. რეჟისორს უმცროსი და-ძმა ჰყავს.
უილტონის საქმიანობის გამო, ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. დევიდს არაერთი სკოლის გამოცვლა მოუწია, რის გამოც ცოტა მეგობარი ჰყავდა, თუმცა ცხოვრების ასეთი სტილის გამო უგროვდებოდა უამრავი შთაბეჭდილება და დიდი დრო, საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად.
ადრეული ბავშვობიდან გამოირჩეოდა სხვებისგან. ხშირად იყო ჩაფიქრებული და ათასგვარი ფანტაზიით მოცული. განსაკუთრებით მისტიკური ამბები აინტერესებდა. შეეძლო საათობით ეთვალიერებინა ცხოველების გვამები. უკვე მოზრდილი, მორგში დადიოდა, რომ პათოლოგანატომების მუშაობისთვის ედევნებინა თვალი.
ჭაბუკობისას უფრო მხატვრობა იტაცებდა. ვაშინგტონის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაშიც კი ჩააბარა, მაგრამ ერთ წელიწადში ბოსტონის მუზეუმის ხელოვნების სკოლაში გადავიდა. მერე სულაც მიატოვა სწავლა და ევროპაში მოგზაურობა დაიწყო. მიზანი ჰქონდა - ცნობილი ავსტრიელი მხატვრის ოსკარ კოკოშკას მოსწავლე გამხდარიყო. თუმცა ეს ჩანაფიქრი ვერ განახორციელა, ამიტომ რამდენიმე კვირაში დაბრუნდა სამშობლოში და ფილადელფიის ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა.
პენსილვანიის აკადემიაში სწავლისას გადაწყვიტა, თავისი ნახატები გაეცოცხლებინა. დაიწყო ექსპერიმენტირება ანიმაციასთან. იყიდა 16-მილიმეტრიანი კამერა და მასზე გადაიღო 1966 პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ექვსი კაცი გულისრევისას", რომელმაც სტუდენტურ კონკურსზე მთავარი პრიზი მოუტანა. ერთხელაც აპარატურა გაუფუჭდა და ანიმაციის გაკეთება ვერ შეძლო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ადამიანები გადაეღო.
სწორედ ამ დროს გააკეთა განაცხადი ამერიკის კინოს ინსტიტუტის სტიპენდიაზე და თან დაურთო ორი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი - "ბებია" და "ანბანი". წარმატების იმედი არ ჰქონდა, თუმცა ორ თვეში პასუხი მოუვიდა. მას თანხები გამოუყვეს შემდეგი ნამუშევრებისთვის, იყიდა ტექნიკა, მოაწყო სტუდია სახლში და მეგობრებს სთხოვა მსახიობობა.
1971 წელს ლოს-ანჯელესში გადავიდა, კინოხელოვნება შეისწავლა და დაიწყო სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღება.
პირველივე ნამუშევარი - "საშლელთავა" არტჰაუსის წარმომადგენლებმა დიდი ოვაციებით მიიღეს და მალე ალაპარაკდნენ ლინჩზე, როგორც ჰოლივუდის დიდ იმედზე. შემდეგ იყო ფილმი "ადამიანი-სპილო", რომელიც რეალურ ამბავს ეფუძნებოდა, პროთეის სინდრომის მქონე ადამიანის ბიოგრაფიას და ენტონი ჰოპკინსი ასრულებდა მთავარ როლს. ფილმს საოცარი წარმატება ხვდა და რვა კატეგორიაში იყო წარდგენილი "ოსკარზე".
შემდეგი გახმაურებული ნამუშევარი იყო "ლურჯი ხავერდი", 1984 წლის ფილმი, რომელმაც რეჟისორს "ოსკარის" მეორე ნომინაცია მოუტანა და მსოფლიოს საკულტო რეჟისორად იქცა. ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო რეჟისორმა ცნობილი მსახიობი იზაბელა როსელინი, რომელთანაც ოთხწლიანი მგზნებარე რომანი ჰქონდა.
ასევე მნიშვნელოვნად ითვლება მისი ნამუშევარი - კრიმინალური სერიალი "ტვინ პიქსი", საიდუმლო ამბების მთელი სერიით. ეს სერიალი მსოფლიოს საუკეთესო სერიალების სიაშია დღესაც და მიიჩნევა, რომ უდიდესი გავლენა მოახდინა ზოგადად სერიალების კულტურაზე. როგორც მაშინ ამბობდნენ, "ტვინ პიქსმა" 1990-იან წლებში დაარღვია სატელევიზიო სერიალების დრამატურგია და გავლენა მოახდინა მის შემდგომ განვითარებაზე.
ასევე გახმაურებულია რეჟისორის ფილმები "გზა არსაით", "მალჰოლანდ დრაივი" და "შინაგანი იმპერია".
ლეგენდარული რეჟისორი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული. პირველი ცოლი გახლდათ პეგი ლენცი. 1967 წელს იქორწინეს და 1974 წლამდე იყვნენ ერთად. ამ ქორწინებაში გაჩნდა ჯენიფერ ჩემბერსი, რომელიც დღეს ასევე კინორეჟისორია.
1977 წელს იქორწინა თავისი მეგობრის ჯეკ ფისკის დაზე - მერიზე. ამ ქორწინებაში გაჩნდა ვაჟი ოსტინი.
10 წელიწადში წყვილი დაშორდა ერთმანეთს. კიდევ ერთი შვილი - რაილი, 1992 წელს დევიდს გაუჩინა მეგობარმა ქალმა, ვიდეომემონტაჟე მერი სუინიმ.
2009 წელს მეოთხედ იქორწინა 30 წლით უმცროს მსახიობ ემილი სტოუფლზე, რომელსაც 2012 წელს შეეძინა დევიდის მეოთხე შვილი ლულა ბოგინია. წყვილი 14 წელი იყო ერთად და 2023 წელს განქორწინდნენ.
კინოდან ოფიციალურად 2017 წელს წავიდა. 2024 წლის ზაფხულში კი გაამხილა, რომ ფილტვების ემფიზემის დიაგნოზი დაუსვეს. მისი თქმით, დაავადება თამბაქოს გამუდმებულმა მოწევამ გამოიწვია.
"ახლა სახლს ვარ მიჯაჭვული, მინდა თუ არა ეს. ძალიან ადვილია ჩემს მდგომარეობაში გაციება და ვირუსების აკიდება, ამიტომ თავს ვუფრთხილდები", - გაუმხილა ჟურნალისტებს.
2025 წლის 16 იანვარს რეჟისორი გარდაიცვალა 78 წლის ასაკში. სულ რაღაც 4 დღეში, 20 იანვარს, ის 79 წლის უნდა გამხდარიყო.