ამ ადამიანის შესახებ მსოფლიომ 1980 წელს დევიდ ლინჩის მიერ გადაღებული ფილმით შეიტყო, მანამდე, ძირითადად მშობლიურ ინგლისში ჰყვებოდნენ მასზე მითებს - ადამიან-სპილოზე.
ჯოზეფ კერი მერიკი 1862 წლის 5 აგვისტოს დაიბადა ლესტერში, ინგლისში. უფროსი იყო მერი ჯეინ მერიკისა და ჯოზეფ როკლი მერიკის, მუშების ოჯახში. როცა მისმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს, დედამისი მოახლედ მუშაობდა, მამა კი მეეტლე იყო. ჯოზეფის ბიოგრაფიის მიხედვით, დედამისს მცირე შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის, არ არის დაზუსტებული. წყვილი მალე დაქორწინდა და ერთ წელიწადში გაუჩნდათ შვილი, რომელსაც მამის პატივსაცემად ჯოზეფი დაარქვეს, მეორე სახელი კი - კერი - ბაპტისტი მისიონერის უილიამ კერის პატივსაცემად ერგო. ჰყავდა უმცროსი და-ძმა, რომელთაგან ერთი ადრეულ ასაკშივე გარდაიცვალა სახადით, უმცრისი და კი ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების იყო და ლოგინს მიჯაჭვული.
ავტობიოგრაფიაში მერიკი ჰყვება, რომ სიმახინჯის განვითარება ხუთი წლისას დაეწყო. 1873 წელს, როცა დედამისი 36 წლის გარდაიცვალა ბრონქოპნევმონიით, ხოლო მამამ სხვა ქალზე იქორწინა, ჯოზეფის სხელის დეფორმაცია უკვე გაღრმავებული იყო და დედინაცვალმა არ ისურვა მისი შინ დატოვება. ბიჭი სახლიდან გაუშვეს და თამბაქოს ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა, თუმცა მარჯვენა ხელის პროგრესირებადი დეფორმაციის გამო დიდხანს ვერ შეძლო მუშაობა და მალე წამოვიდა იქიდან. მცირე ხანს ქუჩაში მოუწია ცხოვრება, თან გამუდმებით განიცდიდა თავდასხმებს და ჩაგვრას ადგილობრივ მცხოვრებთაგან, განსაკუთრებით კი - ბავშვებისგან.
1884 წელს ტომ ნორმანის ცირკში მოეწყო სამუშაოდ, სადაც სპეციალური შოუ იყო "მახინჯებისთვის". ბიოგრაფიაში ყვებოდა, რომ იქ არც ისე ცუდად გრძნობდა თავს და ცოტა ფულის შეგროვებაც მოახერხა.
ერთხელ ლონდონში, ცირკის წარმოდგენაზე ჯოზეფი ფიზიოლოგმა ფრედერიკ ტრივზმა ნახა და ძალიან დაინტერესდა მისით. მან "ადამიანი სპილო" (როგორც უკვე უწოდებდნენ ჯოზეფს საზოგადოებაში) ლონდონის პათოლოგების საზოგადოებას წარუდგინა.
1886 წელს საცირკო ნომრები "მახინჯების შოუს" სახელწოდებით, ინგლისში უკანონოდ გამოაცხადეს, ამიტომ ტომ ნორმანი იძულებული გახდა, ზოჯეფი მიეყიდა ვინმე ავსტრიელისთვის. მასთან ერთად მერიკი სამუშაოს ძიებაში ბელგიაში გაემგზავრა. იქ ადგილობრივმა შოუმენმა მოატყუა, გაძარცვა და ყოველგვარი სარცოს გარეშე დატოვა.
ჯოზეფი ლონდონში დაბრუნდა, სადაც კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს - რკინიგზის სადგურზე უბედური შემთხვევა მოხდა და ჯოზეფი დაზარალდა. ამ დროისთვის ბრონქული ასთმის მძიმე ფორმა ჰქონდა და სხეულის დეფორმაციის გამო ძნელად ლაპარაკობდა. მძიმე წუთებში ექიმი ფრედერიკი გაახსენდა და დაურეკა. ასე აღმოჩნდა ექიმთან, ლონდონის სამეფო ჰოსპიტალში. იქ მას არა მარტო კარგად მიხედეს და მოუარეს, არამედ მის შესახებ უამრავმა ადამიანმა შეიტყო. გაირკვა, რომ საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო, დიდი შინაგანი სამყაროთი, ბევრს კითხულობდა, რის გამოც მის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იმატებდა. ნამდვილ ღირსშესანიშნაობად იქცა. თვით უელსის პრინცესა ალექსანდრა იჩენდა მის მიმართ ინტერესს, რის გამო არისტოკრატებში გახდა პოპულარული და ჰოსპიტალში, სადაც თავისი ოთახი მიუჩინეს, ხშირად სტუმრობდნენ. ის ეგზოტიკურ და სასურველ სტუმრად იქცა ბომონდურ ოჯახებში, იწვევდნენ თეატრებში და მოგვიანებით წერაც დაიწყო - პროზისა და პოეზიის.
გარდა ამისა, ლონდონის კოლორიტად ქცეული ჯოზეფი მუშა მარცხენა ხელით ტაძრების ქაღალდის მოდელებს ქმნიდა და ახლობლებს ჩუქნიდა. მისი ერთ-ერთი მოდელი ლონდონის სამეფო მუზეუმში ინახება.
როგორც ექიმი ტრივზი წერდა თავის მემუარებში, მერიკი ძალიან ტრაგიკული პიროვნება იყო. "როცა გავიაზრე, რამდენად ჭკვიანი იყო, მგრძნობიარე და რომანტიკული, კიდევ უფრო გავაცნობიერე მისი ცხოვრების ტრაგედია", - წერდა ტრივზი.
1887 წლის ზაფხულში მერიკმა რამდენიმე კვირა ბუნებაში გაატარა. სპეციალური ზომები იყო მიღებული, რომ უცხო თვალთაგან დაეცვათ - მის ეტლს ფარდები ჰქონდა ჩამოფარებული.
მერიკს ჰოსპიტალში საგანგებოდ უვლიდნენ. გარდაცვალებამდე იქ გაატარა რამდენიმე წელი - 27 წლისა გარდაიცვალა 1890 წელს. სხეულის დეფორმაციის გამო მას არ შეეძლო ჰორიზონტალურად წოლა - მჯდომარეს ეძინა, თუმცა 1890 წლის 11 აპრილს, ოთახში მარტო დარჩენილმა გადაწყვიტა, დაეძინა ისე, როგორც "ნორმალურ" ადამიანს, ბალიშზე თავდადებულს. რამდენიმე საათში მერიკი ასფიქსიისგან გარდაიცვალა - მძიმე თავმა სუსტი კისერი გადაღუნა.