გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელი დოდო გვაზავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში:
- დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში ნალექი შენარჩუნდება. მთაში თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოშიც და თბილისშიც დღესაც და 21 იანვრის დღის პირველ ნახევარშიც დასავლეთის მიმართულების ქარი შენარჩუნდება.
არქტიკული ჰაერის მასები 20-21 იანვარს მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება. დედაქალაქში დღესაც და 21 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე ქარი იქნება. შემდგომ, საღამოს საათებიდან ქარი ჩადგება და მთლიანად საქართველოს ტერიტორიას არქტიკული ცივი ჰაერი დაიკავებს, რასაც ღამის ტემპერატურების დაკლება მოჰყვება. ყინვებია მოსალოდნელი როგორც დაბლობში, ბარში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში. შესაძლებელია, დაბლობ რაიონებში მინიმალურმა ტემპერატურამ 0-დან -2 გრადუსამდე დაიკლოს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, დაახლოებით, 8-10 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი. სამცხე-ჯავახეთის მთიან რაიონებში -12, -14 გრადუსია მოსალოდნელი. ბაკურიანში, ახალქალაქში, ნინოწმინდის რეგიონში შესაძლებელია, ჰაერის მინიმალურმა ტემპერატურამ 21-23 იანვრის ღამის საათებში, დაახლოებით, -18 გრადუს ყინვას მიაღწიოს.
დედაქალაქში ნალექი შეწყდება, ქარიც ჩადგება, მაგრამ ცივი ჰაერის მასები ღამის ტემპერატურაზე გავლენას მოახდენს. მინიმალური ტემპერატურის -3 გრადუსამდე დაკლებაა მოსალოდნელი. 22-23 იანვარს დედაქალაქში შეიძლება, უფრო მეტად ღრუბლიანი ამინდი, ნისლი იყოს. კვირის ბოლომდე ყინვები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შერბილდება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.