ცნობილი მილიარდერი, შოუმენი და პოლიტიკოსი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კიდევ ერთხელ გახდა აშშ-ის რიგით 47-ე პრეზიდენტი. მისი ინაუგურაცია შედგა და მასზე ალბათ კიდევ დიდხანს ისაუბრებენ. განსაკუთრებულად დიდი გამოხმაურება უკვე გამოიწვია მისი მეუღლე მელანიას გამორჩეულმა ჩაცმულობამ, წყვილის უჩვეულოდ "ჰაეროვანმა" კოცნამ და ტრამპის უმცროსმა ვაჟმა ბარონმა, რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ოჯახის წევრებს შორის სერიოზულობით და სიმაღლით.
რა თქმა უნდა, მამის გვერდით იყო ტრამპის ხუთივე შვილი, მისი სამი ქორწინებიდან, მათი მეუღლეები და ასევე, ახალი პრეზიდენტის შვილიშვილები.
ისინი ასევე უმშვენებდნენ გვერდს მამას 2017 წელს, პირველი ინაუგურაციის დროს:
დონალდ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს დაიბადა ნიუ-იორკში, ინვესტორ ფრედ ტრამპისა და დიასახლის დონალდ მერის ოჯახში, სადაც მის გარდა კიდევ სამი ბავშვი იზრდებოდა. მისი ბაბუა და ბებია, მამის მხრიდან, გერმანელი იმიგრანტები იყვნენ, რომლებიც 1885 წელს წავიდნენ ამერიკაში ემიგრაციაში.
ტრამპს ბავშვობაში ახასიათებდნენ, როგორც თავისებურ, ძალიან გამორჩეულ და დამოუკიდებელ ბავშვს.
13 წლისა მშობლებმა სამხედრო აკადემიაში გაგზავნეს, რომ მისი ენერგია და თავდაჯერება პოზიტიური მიმართულებით წარემართათ. მან საკმაოდ წარმატებით გაიარა აკადემიაში სწავლის პერიოდი, მიიღო ჯილდოები, თამაშობდა ფეხბურთის და კალათბურთის გუნდებში და საკმაოდ იზიდავდა გოგონებს, რის გამოც "მექალთანეც" შეარქვეს.
საკმაოდ დიდ დროს უთმობდა სპორტს, ასევე ესწრებოდა ბიზნეს-ადმინისტრირების მეცადინეობებს ფორდემის უნივერსიტეტში და თან მშობლებთან მუშაობდა. შემდეგ გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო მეწარმეობის სწავლისთვის და 1966 წელს უორტონის ბიზნეს სკოლაში ჩააბარა, რომელიც ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით დაასრულა.
მალევე დაიწყო კარიერა, ჯერ მამის კომპანიაში - სახლების გაქირავებით იყო ძირითადად დაკავებული. მერე კი საკუთარი საქმეც წამოიწყო და საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი გამოდგა. მისი ქონება 3,7 მლრდ დოლარით არის შეფასებული.
რაც შეეხება მის დიდ ოჯახს, პირველად 1977 წელს დაქორწინდა ივანა ზელნიჩკოვაზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა - დონალდ-უმცროსი, ივანკა და ერიკი. 1992 წელს გაიყარნენ. 1993 წელს იქორწინა 29 წლის მარლა მეიპლზზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი ტიფანი.
1999 წელს მას გაშორდა და 2004 წლიდან არის დაქორწინებული მელანია კნავსზე სლოვენიიდან, რომელსაც მსოფლიო მელანია ტრამპის სახელით იცნობს.
ყოფილ მოდელ მელანია ტრამპს დღეს საიუველირო ნაწარმის ხაზი აქვს. მას წარმატებულ დიზაინერადაც მიიჩნევენ.
ის იუგოსლავიაში დაიბადა და ლუბლიანას უნივერსიტეტში ჩაირიცხა არქიტექტურისა და დიზაინის განხრით. სწავლა პირველივე კურსიდან მიატოვა და მოდელის კარიერის ასაწყობად მილანში გაემგზავრა. წარმატებისთვის რომ იოლად მიეღწია, მან ენების შესწავლა დაიწყო. დღეს ის 4 ენაზე საუბრობს: ინგლისურად, გერმასნულად, სერბულად და ფრანგულად.
1999 წელს დონალდ ტრამპი გაიცნო. ამ დროს ბიზნესმენი უკვე განქორწინებული გახლდათ. 2004 წელს დაინიშნენ, 2005 წლის 22 იანვარს კი ფლორიდაში შეუღლდნენ. ერთ წელიწადში მელანიამ მას ვაჟი, ბარონ უილიამი გაუჩინა. ბარონი ტრამპის მეხუთე ვაჟია.