მსახიობი ანანო მგალობლიშვილი უამრავმა ადამიანმა გაიცნო სერიალით "სიყვარულს მიღმა". მშვენიერ ანანოს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. უყვარს მოგზაურობა და ფოტოების გადაღება და საოცარ ფოტოებს ინსტაგრამზე გამომწერებს უზიარებს.
ამჯერად კი სასიხარულო სიახლე ამცნო გულშემატკივრებს - წყვილმა სახლი შეიძინა, რომელიც მათ "შინ"-ად იქცევა.
ანანო და მისი მეუღლე რეჟისორი ლაშა ბოლქვაძე რამდენიმე წელია ერთად არიან და ანანო ხშირად აღნიშნავს, რომ ძალიან გამგები მეუღლე ჰყავს, რომელთანაც მეგობრობს. პირადი და კარიერული ამბების შესახებ ვრცლად ისაუბრა ინტერვიუში, რომლიდანაც რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ:
"- ადრეული ბავშვობიდან მომწონდა ტელევიზია, გადაღებები და ყურადღების ცენტრში ყოფნა მსიამოვნებდა. ძალიან პრანჭია გოგო არ ვიყავი, მაგრამ გახლდით კომუნიკაბელური და პირველობის, თავის გამოჩენის სურვილიც მქონდა.
სერიალში ასტინგის გზით აღმოვჩნდი, მაგრამ მე ვიყავი სულ სხვა პროექტის კასტინგზე მისული, რომელიც არ გამოვიდა. ჩემმა კასტინგ-მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, ის პროექტი არ გამოდის, გადაიდო და სურვილი თუ გექნება, სერიალის "სიყვარულს მიღმა" ახალი სეზონი იწყება, ახალი პერსონაჟი შემოდის და აქ ითამაშეო. ასე აღმოვჩნდი ამ პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ მასში მონაწილე მსახიობების ნაწილს ბავშვობიდან ვიცნობდი, ნაწილს - შორიდან, პირველ დღეს გადასაღებ მოედანზე მაინც ცოტათი ვინერვიულე. ჩემი პერსონაჟი პირდაპირ პანაშვიდის სცენაში აღმოჩნდა. მგონი, თავი კარგად გავართვი. სასიამოვნო სამუშაო გარემოა.
ტელევიზიებში სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი. სულ კამერის წინ ან კამერის მიღმა ვარ. ბოლოს "ვოისზე" ვიმუშავე. ხან პროდიუსერი ვარ, ხან რეჟისორის ასისტენტი, ხან თავად მე მიღებენ. მიმყავდა ამინდის პროგნოზიც. მეუღლესთან ერთად ერთ პროექტზეც მიმუშავია, "ცეკვავენ ვარსკვლავებზეც" ერთად ვმუშაობდით.
...ძალიან მიყვარს მოგზაურობა. რა დროსაც უნდა მკითხო, - რა გინდაო? გიპასუხებ, - სადმე წასვლა. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ახლა აზიური ეგზოტიკა მეტად მიზიდავს, ვიდრე - ევროპა. ბრაზილია ჩემი ოცნების ქვეყანა იყო. ქრისტეს ქანდაკებასთან მთხოვა ხელი ჩემმა მეუღლემ, იქ დამნიშნა. ჩაფიქრებული ჰქონდა, საქორწინო ბეჭედი დრონს მოეტანა, მაგრამ იქ გადაღება აკრძალული აღმოჩნდა. ქანდაკებასთან ხელებგაშლილი ფოტოს ქვედა რაკურსით რომ იღებ, ისე აღიქმება, თითქოს ქრისტეს ქანდაკებასთან ხელებს აერთებ. ლაშამ იქ ისე დამაყენა, მეგონა, ფოტოს მიღებდა და უეცრად ბეჭედი მომცა. ამიტომ ბრაზილიაში მოგზაურობა ჩემთვის სხვა ემოციასთანაა დაკავშირებული.
ლაშა ძალიან გაწონასწორებული ადამიანია, გამგებია. ცოტა საშიშად გამგებიც. იმდენად არ აქვს პრობლემა არაფერზე, სხვა გოგონები ქმრებს რომ ვერ გაუბედავენ და ვერ მოუყვებიან, ისეთ რამესაც კი ვუყვები. კომფორტულია, ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. ლაშასთან მშვიდად ვარ და ეს სიმშვიდე ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
...მყავს შვილი, გოგონა. როდესაც ეკრანზე მხედავს, ძალიან უხარია. ჩემგან განსხვავებით, აქტიური ბავშვია, ყველაფერი აინტერესებს".