დეკანოზი საბა ჭიკაიძე გადაცემაში "ნოესთან" გარდაცვლილი შვილის შესახებ საუბრობს და ამბობს იმასაც, რომ შესაძლოა, მისი შვილი გაშვილებულია:
- 1994 წლის თებერვალი იყო. 25 თებერვალს ტყუპი შემეძინა. არეული პერიოდი იყო. მეორე სამშობიაროში მოხდა. სხვათა შორის, მეც იქ დავიბადე. იმ უშუქობასა და უბედურებაში, როგორც მახსოვს, ერთადერთი სამშობიარო იყო, სადაც გენერატორი ჰქონდათ, რომ დენის გათიშვის შემთხვევაში, ყურადღება მიექციათ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემი მეუღლისთვის პირველი მშობიარობა იყო, თანაც ტყუპზე და შეიძლებოდა, რაღაც სირთულეები მოჰყოლოდა, ეს სამშობიარო ამიტომ ავირჩიე. თუმცა, წინ იმედგაცრუება გველოდა... გენერატორი არაფრით ჩართეს. ბავშვი ასფიქსიით დაიბადა. დენის მოსვლას ელოდებოდნენ. უცნაური იყო. არადა იმისთვის არსებობს ის გენერატორი, რომ დენი როცა წავა, უნდა ჩართო. ჩვენც პატარები, გამოუცდელები ვიყავით. ვერც ვერავინ შევაწუხე. არსებობს საგანგებო მოწყობილობაა, სადაც ახალშობილს ათავსებენ, რომელსაც სუნთქვის პრობლემა აქვს. ასეთ დროს ბავშვს ჟანგბადით ინტენსიური კვება სჭირდება. ექიმები დენის მოსვლას ელოდებოდნენ. ტყუპის ცალი მესამე დღეს გარდაიცვალა... მისი მონათვლა მოვასწარი და დავკრძალეთ კიდევაც. საინტერესოა ის, რომ შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება, ის ბავშვი არ გარდაცვლილა. თამუნა მუსერიძეს თავისი გადაცემების ციკლი აქვს. თავადაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა და შემდეგ გადაწყვიტა, დახმარებოდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი პრობლემები ჰქონდათ. თამუნა შემთხვევით გავიცანი. ჩვენთან, ტაძარში იყო მოსული. საუბარს მოჰყვა ეს თემა და მითხრა, რომ იმ პერიოდში, პირველ და მეორე სამშობიაროში მსგავსი ფაქტები მასიურად ხდებოდა. მშობელს ეუბნებოდნენ, რომ გარდაიცვალა და ამ დროს ყიდიდნენ. ჩვენი ყველანაირი ეჭვი აქეთ წავიდა. მისი მონაცემები ვერც საჯარო რეესტრის ჩანაწერებში მოვძებნეთ, ვერც სამშობიაროს "სიმართლის წიგნში". ეს კი არა, დაბადება დაფიქსირებულიც კი არ იყო. ეს ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა, ყველაფერი თავიდანვე განზრახული იყო. სამშობიაროში შესვლისასაც კი არ იყო დაფიქსირებული, რომ ჩემი მეუღლე ორსულად ტყუპზე იყო. შესაბამისად, როცა ორი ბავშვი გაჩნდა, ისიც არ დააფიქსირეს. ერთი წუთიც რომ იცოცხლოს ბავშვმა, ისიც კი ფიქსირდება. ფიქსირდება, რომ დაიბადა და ერთ წუთში გარდაიცვალა. არსად არ არის დაფიქსირებული, მხოლოდ სოფიოს დაბადებაა.
საკუთარი ხელით დავმარხე. მაგრამ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ჩემი შვილი იყო. მერე ესეც გავარკვიო: საავადმყოფოში მსგავსი შემთხვევებისთვის, თუკი მშობელი თავისი შვილის გვამს დაჟინებით მოითხოვდა, ჰქონდათ მაცივარში ჩვილი ბავშვების გვამები... ჩვილი თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავს და მაგ დროს დამწუხრებული მშობელი არც დაიწყებს დაკვირვებას. მე ნამდვილად ვერ დავიჩემებ, რომ ჩემი შვილი არ დამიმარხავს. შეიძლება, ეს ასეც იყო. უკვე 31-ე წელია, მას, როგორც გარდაცვლილს ვიხსენიებ. წესიც ავუგეთ. მიუხედავად ამისა, ხელაღებით ვერ ვიტყვი. გენეტიკური ანალიზიც გავიკეთე, პასუხიც მოვიდა, მაგრამ არაფერი ჩანს.
აქედან გამომდინარე, ორი ვარიანტია. ან სინამდვილეა, რომ მე ჩემი შვილი დავკრძალე და ის მართლა გარდაცვლილია. ან ცოცხალია, გაიგო ეს ყველაფერი, მაგრამ ტკივილების განახლება არ სურს, უყვარს შეძენილი მშობლები და არ სურს თავიდან ეტკინოს. არის ვერსია, რომ ცოცხალია და უბრალოდ არ იცის. მაგრამ, მე ვიცი, რომ თუ საჭიროა, ეს ადამიანი გამოჩნდეს და თუკი ის ცოცხალია, ღმერთი მას აუცილებლად გამოაჩენს. ასე, რომ ღმერთმა კარგად ამყოფოს სადაცაა.