ბარონ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მესამე მეუღლის, მელანიას ერთადერთი ვაჟია. ბიჭი 2006 წელს ამერიკაში, ნიუ-იორკში დაიბადა და მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, საზოგადოების ყურადღება კვლავ მიიპყრო.
ბარონი ბავშვობიდან ცნობილი ადამიანების წრეში იზრდებოდა. მშობლებმა ძიძების აყვანაზე უარი განაცხადეს. მელანია შვილის აღზრდაში აქტიურად იყო ჩართული. საუზმეს უმზადებდა, საშინაო დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა და მასთან დიდ დროს ატარებდა.
ბარონმა რამდენიმე კერძო სკოლა გამოიცვალა. თავდაპირველად Columbia Grammar & Preparatory School-ში სწავლობდა. შემდეგ კი St. Andrew's Episcopal School-ში გადავიდა. ბიჭმა 2021 წლიდან სწავლა ოქსფორდის აკადემიაში განაგრძო. 2024 წელს მან სკოლა დაასრულა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ბიზნესის სკოლაში ჩაირიცხა. ახლა ის სტუდენტია.
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მშობლების გამო ბარონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად იყო, მელანია და დონალდ ტრამპები მისი პირადი სივრცის დაცვას სულ ცდილობდნენ. ბავშვობაში ის სულ რამდენიმე სატელევიზიო გადაცემასა და შოუში გამოჩნდა.
ასევე, 2016 წელს ბარონი მამის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობდა და დედასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებას ესწრებოდა. 2017 წლის დასაწყისში, როდესაც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა, ბარონი საცხოვრებლად თეთრ სახლში გადავიდა.
ბავშვობის დიდი ნაწილი ნიუ-იორკში გაატარა. ძალიან მორცხვი და თავშეკავებული ბავშვი იყო. სწორედ ამიტომ, მედიაში გავრცელდა ჭორები მისი ქცევის დარღვევებისა და აუტიზმის შესახებ. 2024 წელს მელანიამ აღნიშნა, რომ ამ მოვლენებმა მის შვილზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა და ის სკოლაში ბულინგის მსხვერპლიც გახდა.
"შემაძრწუნა ამ სისასტიკემ", - წერს მელანია ტრამპი საკუთარ მემუარებში. მელანია ტრამპმა სასამართლოშიც კი უჩივლა ჟურნალისტ და ტელეწამყვან როზი ოდონელს, რომელმაც მისი შვილი აუტისტად მოიხსენია.
მაშინ თეთრ სახლშიც გადაწყვიტეს, ბარონი თავდასხმებისგან დაეცვათ და ასეთი განცხადება გაავრცელეს:
"პრეზიდენტების შვილებს აქვთ უფლება, რომ გაიზარდონ არა პოლიტიკური ყურადღების ქვეშ - ეს დიდი ხნის ტრადიციაა. თეთრ სახლში ელოდებიან, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის ამ საკითხში."
წლების შემდეგ ბარონი კვლავ დაუბრუნდა საჯარო ცხოვრებას - მკვეთრად გამაღლებული და გააქტიურებული. მამის საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული და ახალგაზრდა აუდიტორიისათვის სწორი მესიჯების გაგზავნაში ეხმარებოდა. 2024 წელს 18 წლის გახდა და საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა პირველად მისცა.
ბარონს მუსიკა განსაკუთრებით უყვარს და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს. დედის წყალობით, სლოვენურ ენას თავისუფლად ფლობს. ბიჭი ასევე ფეხბურთითაცაა დაინტერესებული და სხვადასხვა აკადემიაში თამაშობდა.
საზოგადოების ყურადღება სიმაღლითაც მიიპყრო. მისი სიმაღლე 206 სანტიმეტრია.
მიუხედავად იმისა, რომ ბარონი უკვე სტუდენტია, ალბათ, დიდ დროს თეთრ სახლშიც გაატარებს.
"მგონია, რომ შვილები 18-19 წლამდე ბავშვებად რჩებიან. ჩვენ მათ ვასწავლით, ვხელმძღვანელობთ, შემდეგ კი ვაძლევთ ფრთებს, რომ დამოუკიდებლად იცხოვრონ." - წერს მელანია საკუთარ წიგნში.