ბოლო პერიოდში სეზონური ვირუსებით, გრიპით არაერთი ადამიანი დაინფიცირდა. ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ გრიპი პნევმონიით გართულდა, სიმპტომები გახანგრძლივდა და ბინის პირობებში დამოუკიდებლად გამკლავება ვერ შეძლეს. ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება, რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ახლა ქვეყანაში და როგორ შეგვიძლია, თავი გართულებებისაგან დავიცვათ:
- ზოგადად, აციებასთან ერთად, ზამთრის პერიოდში რესპირაციული ინფექციების რაოდენობა იმატებს. ამ ეტაპზე ქვეყანაში, სხვა სეზონურ ვირუსებთან ერთად, A და B ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ბოლო სამი კვირის მონაცემებით, საერთო რესპირაციული ინფექციების წილში, გრიპის ვირუსს 60% აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დომინანტი სწორედ გრიპის ვირუსია. მას სხვა სეზონური ვირუსების მსგავსი სიმპტომატიკა ახასიათებს. ესენია: ცხელება, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, სახსრების, კუნთების ტკივილი და ასე შემდეგ. თუმცა, გრიპისათვის, სხვა რესპირაციული ინფექციებისაგან განსხვავებით, მაღალი ტემპერატურა და ტემპერატურის გახანგრძლივება მეტად დამახასიათებელია. მაგალითად, თუ სხვა რესპირაციული ინფექციების დროს, სიმპტომები 3-4 დღის განმავლობაში გრძელდება, გრიპის დროს შეიძლება, 7-8 დღემდე გახანგრძლივდეს. ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ სიმპტომები ხანგრძლივდება, გრიპზე უნდა ვიფიქროთ.
- რისკ ჯგუფებში შედიან: მცირეწლოვანი ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და ის პაციენტები, რომლებსაც იმუნოდეფიციტი აქვთ. თუ გრიპზე გვაქვს ეჭვი, აუცილებელია, ექიმს დროულად მივმართოთ და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კვლევები და მკურნალობა დავიწყოთ. თუ მაღალ ტემპერატურას ბინის პირობებში ვერ ვმართავთ, ვიყენებთ სიცხის დამწევ საშუალებებს, მაგრამ მას შედეგი არ აქვს, რა თქმა უნდა, ესეც ჩვენებაა, რომ ექიმს მივმართოთ.
- გრიპის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გართულება ქვემო სასუნთქი გზების, ბრონქებისა და ფილტვების დაზიანება გახლავთ. რისკ ჯგუფებში გართულების რისკი კიდევ უფრო მაღალია და ამიტომაც აღვნიშნე, რომ ამ ადამიანებმა ექიმს დროულად უნდა მიმართონ. თუმცა, შესაძლოა, ფილტვების ანთება ნებისმიერ ადამიანთან განვითარდეს.
- სახლის პირობებში რთულია, მაგრამ თუ სიმპტომები 5 დღეზე მეტხანს გახანგრძლივდა, თუ ხველას შეტევითი ხასიათი და მზარდი ტენდენცია აქვს, გვაქვს პროდუქტიული, ანუ ნახველიანი ხველა, ან თუ გვაქვს სუნთქვის გაძნელება, მკერდის არეში დისკომფორტი - ეს არის ის ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ შესაძლოა, ქვედა სასუნთქი გზები დაზიანებული იყოს. ასეთ დროს ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ და საჭირო კვლევები ჩავიტაროთ, რადგანაც პნევმონიას სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება.
- რა თქმა უნდა, კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. მაგრამ, პირველი, რაც შეგვიძლია, ვიკვებოთ ჯანსაღად და მივიღოთ სითხეები. თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გვაქვს, ეს დაავადება უნდა იყოს მართვადი. ვეცადოთ, ზომიერი ფიზიკური აქტივობა გვქონდეს და დავაკვირდეთ სიმპტომებს. თუ მკურნალობა სიმპტომების შემცირებას არ იწვევს, ექიმს უნდა მივმართოთ.
- ეს გრიპის ერთ-ერთი სეროტიპია. სხვა სეროტიპებისაგან არაფრით გამოირჩევა. მხოლოდ სახელი აქვს დარჩენილი, რომელიც მოსახლეობაში გავრცელდა. კლინიკური მიმდინარეობით ან სხვა მაჩვენებლებით ის გრიპის სეროტიპებისაგან არ განსხვავდება.
- რის ჯგუფებისათვის ტესტირება მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, რომ მათთან გართულების უფრო მაღალი რისკია. სხვა შემთხვევაში აუცილებელი არ არის, რომ დიაგნოსტირებისთვის ტესტირება ჩავატაროთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მათაც შეუძლიათ. მე მაინც აქცენტს რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებზე გავაკეთებდი. ტესტირება ამბულატორიულ კლინიკებში, ლაბორატორიებსა და პოლიკლინიკებშია შესაძლებელი.
- ანტივირუსული მედიკამენტის გამოყენება პირველ დღეებში უნდა მოხდეს, თუმცა აუცილებლად ექიმის რეკომენდაციით.
- პირველ რიგში, ჰიგიენური ნორმების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხელები ხშირად დავიბანოთ და ზედაპირები დავამუშაოთ. ხშირად გავანიავოთ ის სივრცე, სადაც ვიმყოფებით. თუ სიმპტომები გვაქვს, სხვა ადამიანებს თავი უნდა მოვარიდოთ. თუ ვერ ვარიდებთ თავს და სიმპტომები გვაქვს, პირბადე გამოვიყენოთ. გარდა ამისა, გრიპის საწინააღმდეგოდ ეფექტური ვაქცინა არსებობს და ვაქცინაცია განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში მნიშვნელოვანია. თუ რისკ ჯგუფში ვართ დ გრიპი დაგვემართა, ექიმს დროულად მივმართოთ. როგორც აღვნიშნე, თუ სიმპტომები ხანგრძლივდება და ბინაზე მკურნალობა უშედეგოა, სპეციალისტს უნდა დავუკავშირდეთ.
თამარ იაკობაშვილი