ერაყში მომხდარი მორიგი აღმაშფოთებელი ფაქტის შემდეგ, სადაც 35 წლის მამაკაცმა 9 წლის გოგონაზე იქორწინა, კიდევ ერთი სკანდალური ქორწილის ამბავი გახმაურდა რუსეთიდან, ასტრახანიდან - იქ 9 წლის ბიჭი და 13 წლის გოგო დააქორწინეს. მოზარდები ბოშები არიან და მათ თემში მსგავსი ფაქტი არ მიიჩნევა დარღვევად. ალბათ ვერც ვერავინ გაიგებდა და ოჯახურ მოვლენად დარჩებოდა, საკმაოდ ძვირად ღირებულ რესტორანში მოწყობილი ქორწილის კადრები რომ ინტერნეტში არ მოხვედრილიყო. რასაკვირველია, ამას მოჰყვა საყოველთაო აღშფოთება, დიდი გამოხმაურება და ადგილობრივი ხელისუფლებაც დაინტერესდა ფაქტით.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქორწილი სადედამთილოს დაჟინებით მოაწყვეს. სასიძოს დედამ გადაწყვიტა, რომ უკვე დრო იყო, საპატარძლო თავიანთ ჭერქვეშ წაეყვანათ. როგორც ქორწილის მონაწილეები ამტკიცებენ, რაიმე ცოლქმრული მოვალეობების შესრულება არ იგულისხმება, თუმცა გოგონას ასწავლიან, როგორ მოამზადოს საჭმელი, გარეცხოს, მიხედოს სახლს და ქმარს. ამ ყველაფერს დედაც ასწავლიდა, თუმცა ტრადიციების მიხედვით - ქმრის და ქმრისიანების მეურვეობის ქვეშ უნდა "დაეუფლოს" ცოლის უნარებს.