ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა" საქართველო საუბრობს დღის რაციონსა და იმ პროდუქტებზე, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგვეხმარება:
- ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ ჯანსაღ, ბალანსირებულ კვებას ალტერნატივა არ აქვს. ჯანსაღ, ბალანსირებულ კვებაში ყველანაირი საკვები პროდუქტის გამოყენება შეიძლება. მათ შორის, შოკოლადიც და პურიც. ხშირად დიეტაზე რომ გადადიან, ამბობენ, რომ შოკოლადი და პური რაციონიდან კატეგორიულად უნდა ამოიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საკვები რაციონი ყველა იმ პროდუქტისაგან შედგებოდეს, რომელთაგანაც ვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები უნდა მივიღოთ. თუ ცილოვან კვებაზე გადავდივართ და პური, პარკოსნები და მსგავსი პროდუქტები რაციონიდან საერთოდ ამოვიღეთ, ორგანიზმში B ჯგუფის დეფიციტს მივიღებთ. B ჯგუფის დეფიციტი ტვინის მუშაობაზე, სისხარტეზე, ენერგიასა და ხასიათზე მოქმედებს. შესაბამისად, პურის ამოღება არაა სავალდებულო. ჯანსაღი, ბალანსირებული საუზმის პერიოდში, ვთქვათ, მამაკაცთან გვინდა, რომ სექსუალური აქტივობა, ტესტოსტერონის დონე მაღალი იყოს, არის გარკვეული პროდუქტები, რომლებიც მასზე დადებით გავლენას ახდენს. მაგალითად, ასეთია, არაჟანი. ამიტომ, თუ მამაკაცზე გავაკეთებთ აქცენტს, მათ შეუძლიათ, დილით ერთი ნაჭერი პური, ყველი და არაჟანი მიირთვან. ყავა და ჩაი გემოვნებით. ქალბატონების შემთხვევაში და არა მხოლოდ მათთან, ავოკადო ძალიან კარგია. შეგვიძლია, ავოკადოს ტოსტი გავაკეთოთ, რომელიც ცხიმოვან ცვლაზე და ქოლესტერინის დონეზე დადებით გავლენას მოახდენს. ავოკადოს ტოსტი შეგვიძლია, გავაკეთოთ კვერცხით, ყველით და ავოკადოთი, პურთან ერთად. შეგვიძლია, კვირაში 2-3-ჯერ ჰერკულესის ფაფა გამოვიყენოთ, ყველთან და რძესთან ერთად. ჯობს, შვრიის ფაფა რძის პროდუქტთან ერთად მივირთვათ. თუ რძე და ყველი არ გვიყვარს, შეგვიძლია, ცოტა კარაქი დავამატოთ. 15 გრამი კარაქი სტანდარტული დიეტის დროსაც კი სრულიად გამოყენებადი პროდუქტია იმიტომ, რომ ცხიმი გვჭირდება. კაცისა და ქალის ჰორმონების სინთეზისათვის ცხიმი აუცილებელია. მაგალითად, ძალიან გამხდარ ქალებს ციკლი შეიძლება, დარღვეული ჰქონდეს, რადგანაც არასაკმარისი ცხიმის გამო ჰორმონების სინთეზირება ვერ ხდება.
საუზმეზე ასევე, შეგვიძლია, ყველით, კვერცხითა და პურით ტოსტი გავაკეთოთ და მივირთვათ. ასევე, შეგვიძლია, ერთი უკრემო კრუასანი ავირჩიოთ.
12 საათისთვის წახემსების პერიოდია. წახემსების პერიოდში შეგვიძლია, ხილი, მაგალითად, ვაშლი მივირთვათ. თუ წონის პრობლემა არ გვაქვს, შეგვიძლია, ბანანიც მივირთვათ. ხოლო, თუ წონის პრობლემა გვაქვს, ბანანი არ გამოვიყენოთ. შეგვიძლია, ციტრუსებიც გამოვიყენოთ. თუ ხილს ვერ მივირთმევთ, შეგვიძლია, 1 ბოთლი იოგურტი დავლიოთ. ჯობს, დაბალპროცენტიანი იყოს. დასალევი მაწვნები შემოვიდა და ესეც შეგვიძლია. ასევე, წახემსებისთვის ხაჭო ძალიან კარგი პროდუქტია. არ არის სავალდებულო, რომ 0%-იანი ხაჭო მივიღოთ.
სადილი 3-4 საათისკენ შეგვიძლია, მივირთვათ. კვირაში 2-3-ჯერ ბოსტნეულის, წვნიანის, ხორცთან ერთად კომბინაცია მაინც უნდა იყოს. ასევე, კატლეტი, გუფთა, მოხარშული ხორცი, გრილზე შემწვარი ხორცი. კვირაში 1-2-ჯერ თევზი თუ იქნება, ძალიან კარგია, რადგანაც ის D ვიტამინსა და ომეგა 3-ზე დადებით გავლენას ახდენს. ასევე, ცოცხალი ბოსტნეულიც კარგი იქნება. მწვანე სალათის ფურცლები, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო ცოცხლადაც შეგვიძლია და მოთუშული სახითაც.
თუ სადილი 3 საათზე გვაქვს, შეგვიძლია, 6 საათზე ხილი გამოვიყენოთ. თუ 4-ზე ვსადილობთ, 7-8 საათისთვის პირდაპირ ვახშამზე გადავიდეთ.
ხილის მირთმევა დღეში 2-ჯერ, დაახლოებით, 300-400 გრამის ფარგლებშია შესაძლებელი. ზედმეტი ხილით გადატვირთვა საჭირო არ არის.
საღამოს მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ძალიან არ გადავიტვირთოთ. კვება დაწოლამდე 3-4 საათით ადრე უნდა შევწყვიტოთ. თუ დღის განმავლობაში ნორმალურად ვიკვებეთ, საღამოს მსუბუქი კვება ჯობს. მაგრამ, თუ ჩვენ დღის განმავლობაში ვახშამი არ გვქონია, შეგვიძლია, წვნიანი საღამოს გადმოვიტანოთ. ვეცადოთ, რომ ხორცით არ გადავტვირთოთ და ბოსტნეულის წვნიანი იყოს. შეგვიძლია, საღამოს მაწონი-კეფირი-ხაჭოს კომბინაცია გამოვიყენოთ. თუ არ გვშია, იოგურტი დავლიოთ. ჯობს, ხილით არ გადავიტვირთოთ. კვებას ხილით ნუ დავამთავრებთ. ხილს მონელებისთვის უფრო მეტი დრო სჭირდება და ჩვენი კუჭ-ნაწლავი მთელი ღამით უფრო გადატვირთული იქნება. თუ გვშია, შეგვიძლია, წიწიბურა მივირთვათ. 4-5 სუფრის კოვზი მზა წიწიბურა მივიღოთ, ზემოდან დავამატოთ ერთი ნაჭერი ყველი, ან კიტრისა და პომიდვრის სალათა, ან კიდევ სხვა ტიპის სალათა. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ვახშამი მსუბუქი იყოს.