ნევროლოგი მარინა ჯანელიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, განსხვავდება თუ არა თავის ტკივილი მაღალი და დაბალი წნევის დროს და რა შემთხვევაში შეუძლია ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, პირიქით, თავის ტკივილი გამოიწვიოს:
- წნევა ძალიან ხშირად თავის ტკივილით ვლინდება. როგორც წესი, კეფაში სტკივათ. დაბალი წნევის დროს ადამიანი უფრო გაბრუებულია. ქალები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დაბალ წნევას ხშირად მიჩვეულები არიან. მაგრამ, რაღაცაზე დაბალი წნევა აუცილებლად გაბრუებას, წონასწორობის დაკარგვასა და თავბრუსხვევას იწვევს. ზოგადად, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ამ რჩევას ყველას ვუზიარებ: ბევრი სითხე უნდა მიიღოთ. წყალი ყველაზე კარგია. პრეპარატების გამოყენებასაც გარკვეული სიფრთხილე უნდა. ხშირად, ვინც წნევის დამწევ პრეპარატებსაა მიჩვეული, ხანდახან არის ხოლმე, რომ ზედმეტი მოსდით და წნევა უქვეითდებათ. ასევე, მეზობლების, ნაცნობების, ახლობლების რჩევით წამლების დალევა ძალიან პოპულარულია.
როდესაც ტკივილგამაყუჩებელს ხშირად ვსვამთ, კვირაში რამდენჯერმე ვიღებთ, ზოგი დღეში სვამს რამდენიმეს, ამან შეიძლება, თავად გამოიწვიოს თავის ტკივილი. თუ 2-3 თვე ბევრ ტკივილგამაყუჩებელს ვსვამთ, ის უკვე თავად იწვევს თავის ტკივილს. ბანალურ ტკივილგამაყუჩებლებზეა საუბარი. თუ მას კვირაში 1-2 ჯერ მიიღებთ, ნამდვილად გიშველით, მაგრამ თუ ეს სისტემატური ხასიათის გახდება, ტკივილის მიზეზი თავად იქნება.
არსებობს სპეციფიკური თავი ტკივილი, რომელსაც ძილის თავის ტკივილი ჰქვია. ასეთ დროს ადამიანს თავის საშინელი ტკივილი აღვიძებს. ასეთ ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში შაკიკი ან სხვა რამ აწუხებთ და ესეც თან ერთვის. ამ დროს, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ერთი ფინჯანი ყავა ძილის წინ, კარგია. ის ძილის თავის ტკივილს შველის. თუ წყნარად ვიძინებთ, მაგრამ ღამით უცებ საშინელი თავის ტკივილი გვაღვიძებს, ასეთ დროს ძილის წინ ერთი ფინჯანი ყავა პრევენციაა.
ნახეთ გადაცემა ვრცლად: