2018 წლის 23 ივნისს ტაილანდში ფეხბურთელთა გუნდის 11-დან 16 წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი გაუჩინარდა. იმ დღეს გუნდმა მოკლე მოგზაურობა დაგეგმა და ტაილანდის ჩრდილოეთით მდებარე ეროვნულ პარკში მდებარე თჰამ ლუანგის ცნობილ გამოქვაბულში ერთად წავიდნენ. თუმცა, მოკლე მოგზაურობა 17 დღე გაგრძელდა... როდესაც ბავშვები და მათი მასწავლებელი გამოქვაბულში შევიდნენ, თავსხმა წვიმა დაიწყო, გამოქვაბულის გასასვლელი დაიტბორა და ბავშვები იძულებულნი გახდნენ, სულ უფრო შორს გასულიყვნენ გამოქვაბულის სიღრმეში, რომ უსაფრთხო ადგილი ეპოვათ... ისინი დახმარებას 2 კვირაზე მეტ ხანს ელოდებოდნენ...
პირველივე საღამოს, როდესაც მოზარდები სახლში არ მივიდნენ, მშობლები მათ მოსაძებნად წავიდნენ. გამოქვაბულის შესასვლელთან ველოსიპედები იპოვეს. ამბავი სწრაფად გავრცელდა და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო შეძრა. მყვინთავები ტაილანდში ევროპიდან, ჩინეთიდან, ამერიკიდან და ავსტრალიიდან ჩავიდნენ.
გამოქვაბული, რომელშიც ბავშვები ჩაიკეტნენ, 10 კილომეტრი სიგრძისაა. წყალი ამოტუმბეს, მაგრამ კვლავ გადაუღებლად წვიმდა, სქელი ტალახი მოდიოდა და მაშველებს მუშაობა განსაკუთრებით უძნელდებოდათ.
ერთ დღეს სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგედიაცცმოხდა - ტაილანდელმა სერჟანტმა, 38 წლის სამან გუნანმა გამოქვაბულში ჟანგბადის ბალონების დამონტაჟება სცადა, თუმცა გონება დაკარგა და გარდაიცვალა.
ბიჭები მხოლოდ 9-დღიანი ძიების იპოვეს - ყველაზე დაუჯერებელი ის იყო, რომ ყველა ცოცხალი დახვდათ. საკვების გარეშე, წყვდიადში, სიცივეში, ჟანგბადის მინიმალური დონით, მაინც ყველა გადარჩა. მათ კვალს ბრიტანელმა მაშველებმა მიაგნეს, რომლებმაც ხანგრძლივი წვალების შემდეგ გამოქვაბულის ამ უბნამდე მიაღწიეს. თუმცა მათი პოვნა, სამწუხაროდ, არ ნიშნავდა მათ დაუყოვნებლივ შველას. უკანა გზა, გამოქვაბულის შესასვლელისკენ, ისევ დატბორილი იყო და ბავშვებს სპეციალური აღჭურვილობით, გაბმულ ბაგირებზე, მაშველებთან ერთად უნდა გაეცურათ რამდენიმე კილომეტრი, ძირითადად - ყვინთვით. ეს კი ძალიან რთული იყო...
ორი მაშველი ბავშვებს რამდენიმე საათს ამშვიდებდა და უხსნიდა, რომ მალე გარეთ გაიყვანდნენ. მათ ვიდეო გადაუღეს და გარეთ მყოფ მშობლებს აჩვენეს შვილები, რომელთაგან ზოგიერთი მშობელს უკვე გამოტირებულიც ჰყავდა. დაიწყო სამაშველო ოპერაციის მეორე ეტაპი - ბავშვების გამოყვანის პროცესი, რომელსაც კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდა.
მათ თბილი ტანსაცმელი, ცილოვანი საკვები, წყალი და მშობლების წერილები მიუტანეს, რომ თავი მხნედ ეგრძნოთ. როგორც მაშველები ამბობდნენ, ზოგიერთი მათგანი ძალიან გამხდარი და შეშინებული იყო, თუმცა ყველა ბავშვი ცოცხალი გადარჩა.
ბავშვების მშობლებმა სახლში წასვლაზე უარი განაცხადეს, გამოქვაბულთან კარვები გაშალეს და დღე და ღამე ლოცულობდნენ...
უამრავი ადამიანი მომხდარში მწვრთნელს ადანაშაულებდა, თუმცა მაშველებს დაკარგული ბავშვების მშობლებმა ახალგაზრდა მწვრთნელთან წერილი გაატანეს, სადაც მხნეობას უსურვებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მასზე გაბრაზებულები არ იყვნენ...
მას შემდეგ, რაც ბავშვების კვალს მიაგნეს, ვიდრე გასასვლელად ყველაფერს მოაწესრიგებდნენ, ბიჭებთან რამდენიმე მყვინთავი დარჩა, რომელთაგანაც ერთი ექიმი იყო...
გამოქვაბული კვლავ დატბორილი იყო და წყალს ტალახიც ერეოდა. ამბავი იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ ილონ მასკიც კი გამოეხმაურა და ტაილანდის ხელისუფლებას საკუთარი ინჟინრების გაგზავნა შესთავაზა. მასკი ორ ვარიანტს განიხილავდა: შესასვლელიდან გამოქვაბულის იმ ადგილამდე, სადაც ბავშვები იყვნენ, წყალგაუმტარი მილი უნდა გაეჭიმათ და ბავშვები სათითაოდ გამოეყვანათ, ან შეექმნათ მინი წყალქვეშა ნავი, რომლითაც ბავშვებს სათითაოდ გამოიყვანდნენ.
განიხილებოდა კიდევ ერთი ვარიანტი, რომ ბავშვები გამოქვაბულში რამდენიმე თვე დარჩენილიყვნენ და როდესაც წვიმების სეზონი დასრულდებოდა, უსაფრთხოდ გამოეყვანათ...
თუმცა, ჰაერის მარაგიც იწურებოდა და სწრაფად უნდა ემოქმედათ. ბავშვებს დაივინგის გაკვეთილები ჩაუტარეს და საბოლოოდ მათ მაინც მყვინთავებთან ერთად მოუწიათ გარეთ გასვლა. როგორც ცნობილი, ბავშვებს დამამშვიდებელ საშუალებებს აძლევდნენ, რომ გზად პანიკაში არ ჩავარდნილიყვნენ.
ევაკუაცია რამდენიმე დღე გაგრძელდა. გარეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. მოზარდები მაშინვე საავადმყოფოში გადაჰყავდათ.
ერთი ბავშვის ევაკუაციას, დაახლოებით, 5 საათი სჭირდებოდა. მაშველებს 4-კილომეტრიანი გზა უნდა გაევლოთ იქამდე, ვიდრე გასასვლელამდე მივიდოდნენ.
მოგვიანებით ერთ-ერთი ფეხბურთელის დედამ გაამხილაა შვილის მონათხრობი, რომ ბავშვებს 3 დღის შემდეგ უკვე საკვები და წყალი აღარ ჰქონდათ. სვამდნენ იმ წყალს, რომელიც კედლებიდან წვეთავდა...
კიდევ ერთი ფაქტი, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო, იყო ის, რომ ბავშვები ნარჩენებს პარკში აგროვებდნენ...
მოზარდებმა ისიც თქვეს, რომ მწვრთნელმა საკუთარი საკვები მისცა და მათზე ზრუნავდა. ასევე, კაცი დაჟინებით მოითხოვდა, რომ გამოქვაბულიდან ბოლო გაეყვანათ. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან სუსტად იყო.
საბედნიეროდ, ყველა მათგანი გადარჩა. ბიჭების წარმოუდგენელი ამბის შესახებ ჰოლივუდში ფილმიც გადაიღეს.