რამდენიმე დღეა საზოგადოება აქტიურად განიხილავს სამთავრობო პროგრამაში დაანონსებულ სიახლეს იმის თაობაზე, რომ მომავალში სკოლის ნიშნები უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცესზე იმოქმედებს. ზუსტი ინფორმაცია, თუ რომელი წლიდან ამოქმედდება ეს ცვლილება, ცნობილი არ არია, თუმცა მთავრობის პროგრამა, რომელშიც ეს სიახლე ჩაიწერა, 2025-2028 წლებზეა გათვლილი.
აბიტურიენტის განათლების პროცესში მშობლის როლი განუზომელია, ამიტომ დავინტერესდით, რამდენად მისაღებია მშობლებისთვის, რომსკოლის ნიშანი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის განმსაზღვრელი გახდეს. ეს შეკითხვა სოციალურ ქსელში დავუსვით მშობლებს და წარმოგიდგენთ მათ შეხედულებებს:
- "ზუსტადაც უნდა ექცეოდეს, ზუსტადაც სკოლა უნდა იყოს პრიორიტეტი და იქ მიღებული განათლებით და ქულებით უნდა ხდებოდეს უნივერსიტეტში მოხვედრა. ბოლო პერიოდში სულ აღარ დადიან სკოლაში, ემზადებიან კერძოდ, ტყავდება მშობელი, ეს არი სწორი ფორმა?"
- "არც ერთ მშობელს არ უხარია რეპეტიტორში გადახდილი ასობით ლარი. ამიტომ ჯერ გადაამზადონ პედაგოგები, შექმნან სისტემა, რომელიც გამორიცხავს კორუფციას სკოლებში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ ეს კანონი."
- "შარშან 24 მედალოსანი ჰყავდა ჩვენს რაიონს, მხოლოდ სამმა ბავშვმა აიღო 100%-იანი დაფინანსება, რამდენიმემ 70-იანი, დანარჩენმა უბრალოდ გადალახა ზღვარი. აბა, დამარწმუნოს ვინმემ, რომ სკოლის შეფასება ობიექტურია, ამ კანონის მიღების შემდეგ, - მით უმეტეს!"
- "არა და არა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ პედაგოგების გამო. მე რასაც შევეჯახე, იყო მათი საოცარი გულგრილობა, უსიყვარულობა. განგებ აკლებენ ნიშანს ბავშვს, მოტივაციას უკარგავენ. რა იქნება, ამ კუთხით რომ შემოწდეს პედაგოგები. ბევრს თვითონ არა აქვს საკმარისი ცოდნა, ბავშვი როგორ უნდა შეაფასონ."
- "მასწავლებლები რომ გადამზადება, ფსიქოლოგიურ შემოწმებას რომ გაივლიან, ქცევით წესებს რომ მიექცევა ყურადღება და ცოდნას, მერე დავიჯერებ, რომ განათლების სისტემა საქართველოში უმჯობესდება. ღუპავენ ბავშვებს"
- "მასწავლებლის შვილიშვილი, მასწავლებელის დაქალის შვილი, მასწავლებელის მულიშვილი ....ამ თემებს რა ვუყოთ, მუდმივად ასე რომ წერენ ნიშნებს?!"
- "ყველას არ შეუძლია ერთნაირად კარგად ისწავლოს ყველა საგანი. ჯერ ისედაც ყველა ემზადება და უმეტესობა საგნის მასწავლებელთან, ეხლა წარმომიდგენია, რა მოხდება. ტვირთად დააგვაწვება მშობლებს. იყოს გამოცდები და მეტად დაიხარჯება მოსწავლეც და მასწავლებელი. თუ კლასში ახსნილით არ უწერს ათიანს და ვერ იღებს ბავშვი მაღალ ნიშანს, რომ მოემზადება, მერე რა ხდება? ესე იგი არცერთი იხარჯება კლასში. რა სწავლის დონეა ,ის ნახონ. კლასიდან რამდენი ემზადება და ის 10 დამსახურებულია?"
- "დღევანდელი განათლების პირობებში არააა ! სკოლები არ აქვთ ბავშვებს. დაუნგრიეს და ოთხ გაკვეთილზე ჰყავთ სხვა სკოლებში შეხიზნული 35 წუთიანი გაკვეთილებით და როგორ უნდა მიექცეს ყურადღება ამ ნიშნებს, რა განათლებაა ეს. რას გვთავაზობს ჩვენი ქვეყანა? 4 წელია სკოლის აშენებას ველოდებით."
- "რატომაც არა? როცა მოსწავლე სწავლობს კარგად, იხარჯება, შრომობს, რატომ არ უნდა უფასდებოდეს უმაღლესში ჩაბარებისას, სკოლაში თავისი შრომით და ბეჯითობით მიღწეული თუნდაც" კარგი ნიშნები"...?
- პირიქით, სამწუხარო ის არის, რომ არანაირი პრიორიტეტი არა აქვს მოსწავლის არც" ფრიადოსნობას" და არც" მედალოსნობას" ეროვნულ გამოცდებზე"
- "სკოლა არის ბავშვის მოსამზადებლად, ზრდასრული ცხოვრებისთვის. ნიშანი, არის მოსწავლის უნარების შეფასება და არა ბონუსი, მომავლისთვის. აფასებს მის მომენტალურ მდგომარეობას. შენ დღეს თუ კარგად შეჭამ, ხვალ აღარ მოგშივდება?! დაფასება ისაა, რომ სკოლაში კარგი სწავლა, უმაღლესში სწავლას გაუადვილებს, მის ტემპს უფრო ადვილად მოერგება, ვიდრე სხვები. ეგ ბეჯითობაა ის, რაც მომავალში გამოადგება და არა ნიშანი. ნიშანი სინამდვილეში არაფერია, მთავარი ის ცოდნაა, რომელსაც სასწავლებელი გაძლევს. სწავლის მომენტში ნიშანია ზუსტად მოსწავლის წახალისება. პრიორიტეტი არავის არ უნდა ჰქონდეს, ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები აქვს. სკოლაში თუ ფრიადოსანი იყავი და უმაღლესში ოროსანმა გაჯობა, ეგ მხოლოდ შენი ბრალია და სხვაგან ნუ ეძებ დამნაშავეს."
- "მედალოსანი თუ ის ნამდვილად მედალოსანია, არც ეროვნულებზე გაუჭირდება. ბევრი ვნახე წელს სკოლაში კარგი სწავლისთვის კომპიუტერმიღებული, ზღვარი რომ ვერ გადალახა და ჩემმა "სამოსანმა" აჯობა.
- "ამ ეტაპზე ამ წამოწყებას საფუძველი არ აქვს. პირველი პრობლემა გაუმართავი, არათანმიმდევრული და გაუგებარი სახელმძღვანელოებია. სხვა უამრავი საკითხია მოსაგვარებელი."
- "ჯერ სკოლამ მისცეს ის განათლება, რაც საჭიროა. მშობელი შვილს ვეღარ ნახულობს, რადგან სამსახურიდან სამსახურში დარბის რეპეტიტორის თანხის საშოვნელად. ახლა ეს დაუმატეთ პეტრე პავლეს ნათესავია, პავლე ივანესი და ნიშნები მასე წერონ."
- "რაც საჭიროა იმას მიხედონ და უარეს დღეში ნუ აგდებენ განათლებას, სკოლას, მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობლებს."
- "ახლა მთლად "შანტაჟი" დაიწყება ნიშნებით, ისედაც ზოგი მასწავლებელი ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს ნიშანზე , საერთოდ უნდა ამოეღოთ და ეხლა უფრო გაძლიერეს "ნიშნების ინსტიტუტი" , 80 % ემზადება და სკოლიდან ვერ მოაქვს ელემენტარული საბაზისო ცოდნა, რადგან პედაგოგები მინდობილები არიან რეპეტიტორებზე, ან მთლად უარესი, თვითონ ამზადებენ თავისივე ჯგუფის მოსწავლეებს და ეხლა უარესი სიტუაცია შეიქმნება
- "თუკი სკოლებში ნიშნები სამართლიანად დაიწერება და არა ქრთამებით და იმ მასწავლებელთან მომზადებით, კი ბატონო, მაგრამ აქაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმ საგნების ნიშნებს, რა მიმართულებითაც აბარებს… მაგალითად კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე თუ აბარებს ბავშვი და სკოლაში მუსიკაში და გეოგრაფიაში 6-7 ჰყავს, ამის გამო რომ ვერ ჩააბაროს უსამართლო იქნება.
- "არა! ბევრი ბავშვი სკოლაში არ სწავლობს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ მისაღებ გამოცდებში უმაღლეს ქულებს იღებს. მასწავლებლებზე და მათ ხასიათზე - დაუწერს თუ არა ნიშანს ბავშვს, არ უნდა იყოს დამოკიდებული მოსწავლის ბედი"
- "კორუფციის წყარო გახდება ჩვენს არამოწესრიგებულ საზოგადოებაში და ბავშვებს შორის გამოიწვევს დსპირისპირებას"
- "არა,რადგან სკოლა არ იძლევა იმ განათლებას, რაც ბავშვს სჭირდება. ეს გამოიწვევს ტოტალურ მომზადებას ყველა საგანში და მშობელს დიდ ტვირთად დააწვება. უნდა იყოს გამოცდა, რის მიხედვითაც მოხდება ბავშცის ჩარიცხვა ამ თუ იმ უნივერსიტეტში."
- "ოქროს მედალზე დაამთავრა ჩემმა შვილმა და ასპროცენტიანი გრანტიც აიღორომ, მაგრამ გული დამწყდა, როგორ არ ითვალისწინებენ სკოლის ნიშნებს-თქო. თუმცა რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ სკოლის ნიშნები შეიძლება კორუფციის წყარო გახდეს სკოლებში და ისევ ისეთი ქრთამაობები დაიწყოს, ძველ დროში რაც იყო. არც სკოლაში მიღებული ცოდნაა ახლა ისეთი, რომ ღირდეს გასათვალისწინებლად."
- "შესაძლოა სკოლაში საშუალოდ სწავლობდა და მერე მოინდომა, არ უნდა მიეცეს სასურველ ფაკულტეტზე სწავლის საშუალება?"
- "საქართველოში არა. აქ ორასი წელიც რომ გავიდეს, მაინც იქნება ჩაწყობა სკოლის მასწავლებლებში და მაგიტომ."
- "ეს არის კომუნიზმის მავნე გადმონაშთი. დაბრუნდება ბრილიანტის " ტროიკების " ეპოქა."
- "ჯერ არაა ჩვენთან ასეთი სამართლიანობა სკოლებში. ჯერ ისევ სხვა პრიორიტეტებით იწერება ხშირ შემთხვევაში ნიშნები და თუ მას ასეთი მაღალი მნიშვნელობა მიენიჭება, მერე კიდევ უარესი მდგომარეობა იქნება ამ კუთხით. გეყოფათ ამ უპატრონო და ნიჭიერი ბავშვების ჩაგვრა. ძლივს შეიქმნა ეს ეროვნული გამოცდები, სადაც მეტნაკლებად დაცულია აბიტურიენტების უფლებები, ნუ დაანგრევთ"
- "რადგან სკოლის ნიშნები გახდება ფასიანი და რადგან ფულით იყიდი ნიშანს, არც ცოდნის მისაღებად შეიწუხებენ თავს."
- "ნიშნების ინსტიტუტი თუ დაბრუნდა, მერე ნახე მიკერძოება და მექრთამეობა. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. დაიჩაგრება ბევრი უსამართლოდ."
- "არა ,არა და არა! ისევ ხელახლა დაიწყება კორუფცია სკოლებში. ვინც მოემზადება სკოლის პედაგოგთან, რა თქმა უნდა, ექნება მაღალი ნიშანი.ისევ დაიწყება საჩუქრობანა სკოლებში."
- "ოქროს მედალოსნები ვერ დებენ ისეთ კარგ შედეგებს გამოცდებზე, როგორც ჩვეულებრივი აკადემიური ნიშნის მქონე ბავშვები."
-
"რა გამოდის, ისევ ეს "უპატრონო" ბავშვები უნდა დაიჩაგრონ, ჯერ ჩვენი განათლების სისტემა არ არის მზად ამ ეტაპზე გადასვლისათვის. თუ მოტივაციის ამაღლების მიზნით აკეთებენ, მაშინ მიხედონ პედაგოგებს და სასკოლო ლიტერატურას."