როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, როდესაც ბავშვი მორცხვობს და საგაკვეთილო პროცესში ჩართვა არ სურს - პედაგოგი დაჩი ნანობაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- როდესაც ბავშვი მორცხვობს, ამ დროს ვეძებ მომენტს, რომ შევაქო. თუნდაც, არასწორი პასუხი იყოს. ვეუბნები, რომ მშვენიერი მცდელობა იყო. მათემატიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ ნაფიქრია და შეცდომა დაუშვა, შემიძლია, ვუთხრა: "ასე რომ ყოფილიყო, მართალი იქნებოდი, ყოჩაღ, ფიქრი გააგრძელე." ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვასაც რომ იმავეს ვეუბნები, მას ხომ ესმის?! სხვამაც შეცდომა დაუშვა, მაგრამ მცდელობისთვის მაინც შევაქე. არის შემთხვევები, როდესაც აქტიური ბავშვები სულ ამბობენ რაღაცებს, აქტიურობაში ჩაეთვალოთ. ამაზეც რეაქციაც უნდა გვქონდეს და იმ მცდელობაზეც, რომელიც მართლა ნაფიქრია. ის შეხედავს "ძლიერ ბავშვებს" რომ ეძახიან, ისინიც რომ შეცდომას უშვებენ და მიხვდება, რომ შეცდომის დაშვება შეიძლება. მასწავლებელმაც შეიძლება სპეციალურად დაუშვას შეცდომა. ბავშვი ამასაც ხედავს. ქვიზი ფურცელზე დამიბეჭდავს და მითქვამს, რომ აქ შემეშალა, დაბეჭდილი მქონდა და ვეღარ შევცვალე-თქო. მეც დავუშვი, შეცდომა, მერე რა მოხდა? როცა ასეთი გარემო შეიქმნება, ბავშვს პრობლემა აღარ ექნება. მშობელი გვეუბნება ხოლმე: "მორცხვია და წინ დასვი." ჯერ გარემო შევქმნათ და მერე გადავსვათ. წინ რომ გადავსვათ, უარესს ვაკეთებთ, უფრო ცენტრში ვახვედრებთ. ჯერ ის გარემო უნდა შევცვალოთ, რამაც მისი სიმორცხვე გამოიწვია. შემდეგ უკვე ბავშვთან ვიმუშაოთ.