ყველა მშობელს ერთხელ მაინც შეექმნა სიტუაცია, როცა შვილი საბავშვო ბაღში ან სკოლაში მიიყვანა და გასახდელში დაინახა ჯგუფელი, რომელიც ცხვირს წარა-მარა იხოცავს და პროტესტი უჩნდება - რატომ გამოუშვეს გაციებული ბავშვი ბაღში. ზოგჯერ ალერგიული რინიტიც კი იწვევს მშობლებში პანიკას და მოითხოვენ, რომ ბავშვი ბაღიდან გაიყვანონ. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში "პანიკიორი" მშობლები მართლები არიან: გამონადენი მართლაც შეიძლება სხვა ბავშვებისთვის გადამდები იყოს.
პირველი მიზეზი
ცხვირიდან გამონადენი შეიძლება მხოლოდ ერთი მათგანი იყოს დაავადების რამდენიმე ნიშნიდან. და თუ გაციება საწყის სტადიაშია, ის სხვებსაც აინფიცირებს. ზოგჯერ სურდო შეიძლება დაიწყოს გრიპისმაგვარი დაავადებების სხვა აშკარა სიმპტომების გამოვლენამდე დაიწყოს. მაგრამ თუ მას თან ახლავს ტემპერატურის მატება, შემცივნება, ეს ნიშნავს, რომ გამომყოფი სითხეები (ნერწყვი, ნახველი და ცხვირიდან გამონადენი) უკვე დიდი კონცენტრაციით შეიცავს ვირუსს და ის უფრო გადამდებია.
მითუმეტეს, ბაღის ასაკის ბავშვები ჰიგიენურ წესებს ძნელად იცავენ, დღის განრიგიც ძალაუნებურად მოითხოვს ბავშვების ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ყოფნას, ერთად კვებას და სათამაშოების გაზიარებას. ამიტომ ბაღებში ვირუსები უფრო ადვილად ვრცელდება.
მეორე მიზეზი
მეორე შემთხვევა, როდესაც გამონადენი შეიძლება იყოს გადამდები, მისი ინტენსივობაა. მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალეა, თუ, ასე ვთქვათ, "წყალივით მოსდის", მაშინაც კი, თუ სიცხე ან რაიმე სხვა სიმპტომი არ აქვს, ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში ჯობს სახლში დატოვოთ.
ასეთი ძლიერი გამონადენის მქონე ბავშვი აუცილებლად მოიწმენდს ხელებით, დაახველებს, თუ ლორწოს ყელში მოხვდება. ეს კი შეიძლება იყოს სხვების დაინფიცირების მიზეზი, რადგან ცხვირიდან გამონადენი ნამდვილად შეიძლება მიუთითებდეს, რომ ბავშვს ინფექცია აქვს, თუნდაც სიცხის გარეშე.
ალერგიული რინიტი ჩვეულებრივი სურდოსავით მიმდინარეობს. ეს ნამდვილად უსაფრთხოა გარშემო მყოფთათვის, თუმცა ასეთ დროს მშობელმაც იცის,, რომ ბავშვს ეს პრობლემა აქვს და მასწავლებელმაც. ასევე ცხვირიდან სისველე შეიძლება უბრალოდ ახალ გარემოსთან ადაპტაციის შედეგი იყოს. ეს არ არის ინტენსიური გამონადენი და არ ახლავს ბავშვის მოდუნება, დისკომფორტი, სისუსტე და უხასიათობა.