მსახიობმა და ტელეწამყვანმა თაკო კორინთელმა გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი"ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეცვლილი გარეგნობისა და იმ ბულინგის შესახებ ისაუბრა, რაც წონის მომატებისა და თავის გადაპარვის შემდეგ მიიღო:
- ამ თემაზე საუბარი ჩემთვის ამაღელვებელია. სხვათა შორის, ახლა "ძველი" თაკო ბრუნდება. ყველას გვაქვს, სამწუხაროდ, ისეთი პრობლემები, რომელთა გამოც საჭიროა, მედიკამენტები მივიღოთ. ჩემს ცხოვრებაში ასეთი პერიოდი იყო. იყო პატარა პრობლემა, რომლის გამოც ჰორმონალური წამლების დალევა მიწევდა. ამან შეშუპება გამოიწვია. წინასწარ ვიცოდი, რომ ეს წამალი გასუქებასა და შეშუპებას იწვევს. რომ დავიწყე ამ მედიკამენტის მიღება და ნელ-ნელა გავფუვდი, შევშუპდი, მაყურებელმაც და საზოგადოებამაც დაინახა ცვლილება და რეაქცია ჰქონდათ. პირად შეტყობინებაშიც მწერდნენ და საჯაროდაც წერდნენ. აგრესიულად თავს მესხმოდნენ. ყველაზე მეტად გული ამან მატკინა. მე ისედაც ვიცოდი, რომ ეს ჭარბი წონა ჩემი არ იყო. მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი რომ დამთავრდებოდა, ჩემს ფორმებს ისევ დავუბრუნდებოდი. პირად შეტყობინებაში ისეთი წერილები მომდიოდა, რომ თავიდან მეტირებოდა. ამის გამო ძალიან ცუდად ვიყავი. რამდენიმე ძალიან უტაქტო და ცუდი მესიჯი იყო. "რას ჭამს ეს გოგო ასეთს?", "რამდენს ჭამს?", "რატომ გასივდა?", "ბზიკმა უკბინა?"- მსგავსი შინაარსის კომენტარები იწერებოდა. დღეს ამაზე მეცინება, მაგრამ იმ მომენტში არ გამცინებია.
თაკო კორინთელი ასევე ამბობს იმასაც, რომ თავი მეუღლის თხოვნით გადაიპარსა:
- იმდენი მითქმა-მოთქმა იყო ამ ყველაფერზე... ჯერ ჩემი გასუქება გადამაყოლეს. დამშვიდდით, ყველაფერი კარგადაა, ფორმაში ისევ ვდგები. ჰორმონალურმა წამლებმა თმის ხარისხის გაფუჭება გამოიწვია. მითხრეს, თუ გაბედავ და თავს გადაიპარსავ, გაჯანსაღების მიზნით, ძალიან კარგი იქნებაო. ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვბედავდი იმიტომ, რომ ყოველთვის დიდი თმა მქონდა და მოვლა ძალიან მიყვარდა. ჩემი მეუღლის დაბადების დღე იყო, სიურპრიზი მოვუწყვე, ქვეყნიდან წავედით. სეირნობისას იმ ქალაქში სალონი შეგვხვდა. ჩემმა მეუღლემ მითხრა, მოდი შევიდეთ და გადაიპარსეო. ძალიან ვნერვიულობდი. ლევანი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ძალიან ლამაზი თავის ფორმა გაქვს და მე ყველანაირი მიყვარხარო. შევედით, დავჯექი და თქმა გადავიპარსე. ძალიან მომეწონა. ამაზეც გაგიჟდნენ. დილიდან საღამომდე მესიჯები მომდიოდა. მძიმე დიაგნოზებისა და ისტორიების შეთხზვა დაიწყეს. მაყურებელიც, რომელიც ასე ნერვიულობდა ჩემზე და რაღაცები ეგონა, მინდა, დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგადაა.
შეგახსენებთ, რომ თაკო კორინთელი 2021 წელს გათხოვდა ფიზიკური თერაპევტსა და რეაბილიტოლოგ ლევან ნარეშელზე. მაშინ წყვილმა მხოლოდ ხელი მოაწერა და პანდემიის გამო, ქორწილიც არ გადაუხდიათ.